სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეა - დაარსდა როგორც სამხრეთ ავსტრალიის ეროვნული გალერეა, 1881 წელს. მდებარეობს ადელაიდაში. ითვლება სამხრეთ ავსტრალიის შტატის ვიზუალური ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმად. კოლექცია 45 000-მდე ნამუშევარს მოიცავს და ავსტრალიაში სიდიდით მეორე კოლექციაა (ვიქტორიას ეროვნული გალერეის შემდეგ). გალერეა ჩრდილოეთ ტერასის კულტურული უბნის ნაწილია და დასავლეთით სამხრეთ ავსტრალიის მუზეუმი, ხოლო აღმოსავლეთით ადელაიდას უნივერსიტეტი მდებარეობს.
სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეის მუდმივ კოლექციაში ავსტრალიური ხელვონების ნიმუშებია შესული. მუზეუმში გაცულია ევროპული, აზიური და ჩრდილოეთ ამერიკული კოლექციებიც. სამხატვრო გალერეაში ყოველწლიურად თანამედროვე აბორიგენული და ტორესის სრუტის კუნძულების მკვიდრთა ფესტივალი Tarnanthi იმართება.
სამხრეთ ავსტრალიის ხელოვნების საზოგადოება 1856 წელს დაარსდა და სახვითი ხელოვნების უდიდესი საზოგადოებაა, რომელიც დღემდე არსებობს. საზოგადოება ყოველწლიურად სამხრეთ ავსტრალიის ინსტიტუტში გამოფენებს აწყობდა და ხელოვნების კოლექციეს აგროვებდა. 1880 წელს პარლამენტმა ხელოვნების ნიმუშების შესაძენად ინსტიტუტს 2 000 გირვანქა სტერლინგი გადასცა. სამხრეთ ავსტრალიის ეროვნული გალერეა 1881 წლის ივნისში დაარსდა.[1] თავადაპირველ კოლექციაში მელბურნის საერთაშორისო გამოფენის 22 ექსპონატი, დედოფალ ვიქტორიას, უელსის პრინცის, ბრიტანეთის მთავრობისა და კერძო კოლექციონერთა ნამუშევრები შევიდა.[2] ეროვნული გალერეა საჯარო ბიბლიოთეკის (დღევანდელი სახელმწიფო ბიბლიოთეკის მორტლოკის ფრთა) ორ ოთახში იყო განთავსებული და პრინცმა ალბერტ ვიქტორმა და პრინცმა ჯორჯმა გახსნეს. 1889 წელს კოლექცია საიუბილეო საგამოფენო შენობაში გადაიტანეს, სადაც 10 წლის მანძილზე დარჩა. 1897 წლის 6 მარტს თომას ელდერი გარდაიცვალა, რომელმაც სამხატვრო გალერეას ხელოვნების ნიმუშების შესაძენად 25 000 გირვანქა სტერლინგი დაუტოვა.[3] ელდერის ანდერძი პირველი მნიშვნელოვანი შემოწირულობა იყო ავსტრალიური გალერეებისთვის, შვიდი წლის შემდეგ კი მსგავსი ანდერძი ალფრედ ფელტონმაც დატოვა ვიქტორიას ეროვნული გალერეისთვის.[2]
ელდერის შემოწირულების შემდეგ მთავრობამ მუზეუმისთვის სპეციალური შენობის (დღევანდელი ელდერის ფრთა) აგება გადწყვიტა.[4] შენობის დიზაინი ჩარლზ ედუარდ ოუენ სმითს ეკუთვნის და ნეოკლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. შენობა Trdudgen Brothers-ის მიერ აიგო.[5] იგი 1900] წლის 7 აპრილს გუბერნატორმა ჰალამ ტენისონმა გახსნა.
თავდაპირველად შექმნილი პორტიკი 1936 განახლდა და გაფართოვდა. მას ახალი ფასადი დაემატა დორიული პორტიკით.[3] შენობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა 1962 (ჩრდილოეთ ნაწილში სამგანყოფილებიანი ნაწილი დაემატა), 1979 (გენერალური რესტავრაცია) და 1996 წლებში, რის შედეგადაც გალერეის საგამოფენო სივრცე გაფართოვდა და ადმინისტრაციული და დამხმარე ნაგებობები გაუმჯობესდა.[4][3][6]
შენობა სამხრეთ ავსტრალიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.[3]
1939 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო ბიბლიოთეკის, მუზეუმისა და სამხატვრო გალერეისა და ინსტიტუტების შესახებ კანონი გაუქმდა და გალერეა საჯარო ბიბლიოთეკას (ამჟამად სამხრეთ ავსტრალიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა) გამოეყო. მუზეუმში დამოუკიდებელი საბჭო შეიქმნა და სამხრეთ ავსტრალიის ეროვნული გალერეა ეწოდა.[7][4]
1967 წელს სამხრეთ ავსტრალიის ეროვნულ გალერეას სახელი გადაერქვა და სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეა ეწოდა.[7]
1996 წლიდან 2018 წლამდე მუზეუმის ადმინისტრირება Arts South Australia-ს ევალა, რის შემდეგაც ფუნქციები სამხრეთ ავსტრალიის პრემიერისა და კაბინეტის დეპარტამენტის ხელოვნებისა და კულტურის სექციას გადაეცა.[8]
2019 წლისთვის სამხრეთ ავსტრალიის ეროვნულ გალერეაში 45 000-მდე ნამუშევარი ინახება.[9] სახელმწიფო გალერეებიდან, მხოლოდ ვიქტორიას ეროვნული გალერეაა დიდი.[10] სამხატვრო გალერეა ყოველწლიურად 512 000 დამთვალიერებელს მასპინძლობს.[11]
გალერეის კოლექციებიდან გამორჩეულია ავსტრალიური ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის, ადგილობრივ ავსტრალიელთა და კოლონიური ხელოვნების ნამუშევრები. კოლექცია მდიდარია XIX საუკუნის ნამუშევრებით (მათ შორის ვერცხლის ჭურჭლითა და ავეჯით), განსაკუთრებით, ავსტრალიური იმპრესიონისტების ნამუშევრებით. XX საუკუნის მოდერნისტული ხელოვნების კოლექციაში ბევრია ქალ ხელოვანთა ნამუშევრები. კოლექციის დიდი ნაწილი სამხრეთ ავსტრალიური ხელოვნების ნიმუშებს უკავია, რომელთა შორისაა ჰანს ჰეისონის 2 000 ნახატი და ფოტოების დიდი კოლექციაც.[12][13]
1939 წელს სამხატვრო გალერეა პირველი ავსტრალიური გალერეა გახდა, რომელმაც ადგილობრივი ხელოვანის ნამუშევარი შეიძინა, თუმცა აბორიგენთა და ტორესის სრუტის კუნძულების მკვიდრთა ნამუშევრების სისტემატური შესყიდვა 1950-იან წლებამდე არ დაწყებულა.[14] კოლექცია მოიცავს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებსაც, მათ შორის, სამხრეთ ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში მოღვაწე ანანგუს ხელოვანთა ნამუშევრები.[12]
საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშებიდან, გალერეაში დაცულია იაკობ ვან რეისდალის, სოლომონ ვან რეისდალის, ჯოზეფ რაიტისა[13] და კამილ პისაროს პეიზაჟები.[15] სხვა ევროპელი მხატვრებიდან, სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო მუზეუმში გოიას, ფრანჩესკო გვარდის, პომპეო ბატონისა და კამილ კოროს ნამუშევრებია დაცული.[13]
სამხატვრო გალერეაში ბრიტანული ხელოვნების დიდი კოლექციაა დაცული, მათ შორის პრერაფაელიტების: ედვარდ ბარნ-ჯონსის, უილიამ ჰოლმან ჰანტის, დანტე გაბრიელ როსეტისა და სხვების ნამუშევრები.
სამხატვრო გალერეაში ინახება როდენის, ჰენრი მურის, ბარბარა ჰეპვორთის, იაკობ ეპსტაინისა და თომას ჰირშჰორნის ქანდაკებები.[12][13]
1904 წელს მუზეუმში აზიური ხელოვნების კოლექციის შეგროვება დაიწყეს. კოლექციაში მთელი რეგიონის ნამუშევრებია შესული, რომლებიც წინამოდერნულ იაპონურ ხელოვნებაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის ხელოვნებაზეა ფოკუსირებული. გალერეაში ავსტრალიის მასშტაბით ერთადერთი მუდმივი აზიური ხელოვნების გამოფენაა მოწყობილი.[12]
რჩეული ავსტრალიური ნამუშევრები
რჩეული საერთაშორისო ნამუშევრები
|archiveurl=
|archive-url=
|archivedate=
|archive-date=
|accessdate=
|access-date=