შენობა, რომელშიც თეატრია განთავსებული, აგებულია 1875 წელს, როგორც სინაგოგა. XIX საუკუნის ბოლოს შენობა დაიწვა. მისი აღდგენა მხოლოდ XX საუკუნის ოცდაათიან წლებში მოხერხდა. ძირითადი რეკონსტრუქციის შემდეგ არსებული შენობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მასში დაარსდა 1 მაისის სახელობის კლუბი, სადაც სხვადასხვა ეროვნების შემოქმედებითი წრე ფუნქციონირებდა, თეატრალურის ჩათვლით. 1988 წელს სომხეთში მომხდარმა მიწისძვრამ, თბილისის სხვა მრავალ სახლთან ერთად, მნიშვნელოვნად დააზიანა. მას შემდეგ შენობა დაცარიელდა. უპატრონოდ მდგარი ისტორიული ნაგებობა ნელ-ნელა ინგრეოდა და ნადგურდებოდა. 1991-1992 წლებში უბნის ნაგავსაყრელად იქცა. შემდეგ კი მოულოდნელად გაჩენილი ხანძრისგან თითქმის დაიწვა.
ისტორია
დაწყებული 1985 წლიდან, მსახიობმა იზა გიგოშვილმა ახალი მიმართულების თეატრი შექმნა. მისი ცდა ჯერ სასწავლო თეატრში განხორციელდა სპექტაკლით „უკვდავების სერაფიმები“, რომელიც მისმა მეუღლემ კინორეჟისორმა მერაბ თავაძემ დადგა, შემდეგ კი რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი „მოვედ სიყვარულისთვის“ (1991) დადგმა კვლავ მერაბ თავაძეს ეკუთვნოდა. 1993 წელს იზა გიგოშვილის და მერაბ თავაძის თაოსნობით გერმანიაში განხორციელდა ქართულ-გერმანული პროექტი „ოიდიპოს მეფე“ და „ოიდიპოსი კოლონოსში“. პროექტი, რომელიც მთლიანად გერმანულმა მხარემ დააფინანსა, ქართველი მსახიობების 15 კაციანი დასით თბილისის სხვადასხვა თეატრიდან, ქ. ესენში „გრილო-თეატრ“-ში განხორციელდა. სპეკტაკლის რეჟისორები იყვნენ მათიას კნისბეკი, მიხეილ ზევალდი და მერაბ თავაძე.
გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ იზა გიგოშვილი, მერაბ თავაძე და ნიკა თავაძე შეუდგნენ ახალი თეატრისათვის შენობის შერჩევას და არჩევანი სწორედ იმ ნანგრევებად ქცეულ შენობაზე შეაჩერეს. შენობის აღდგენას წლები დასჭირდა. 1997 წლის 18 ივნისს პირველი სპექტაკლი ჩატარდა. მას შემდეგ სამეფო უბნის თეატრი აქტიურად ჩაება თეატრალურ ცხოვრებაში. თეატრმა მრავალ თეატრალურ დასს უმასპინძლა. 2002–2003 წლებში შ. რუსთაველის სახელობის თეატრს; 2004 წლიდან კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრს; 2005 წელს სოხუმის კ. გამსახურდიას სახელმწიფო დრამატულ თეატრს.
ამ თეატრში მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას ქართველი თატრის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, გოგა თავაძე, დათო საყვარელიძე, ცოტნე ნაკაშიძე, მაკა მახარაძე, მხატვრები: მურაზ მურვანიძე, გუგა კოტეტიშვილი, ანკა კალატოზისვილი. მსახიობები: იზა გიგოშვილი, მედეა ჩახავა, თამარ სხირტლაძე, მარლენ ეგუტია, ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული, ნიკა თავაძე, ზაალ ჩიქობავა, ლევან ყოციაშვილი, ეკა ჩხეიძე, გიორგი ნაკაშიძე, ლეო ანთაძე, მალხაზ აბულაძე და სხვ.
2004წელს თეატრში დაარსდა შემოქმედებითი სახელოსნო ბატონ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2003 წლიდან) არის საქართველოს სახალხო არტისტი მერაბ თავაძე.
გალერეა
იზა გიგოშვილი და მერაბ თავაძე
დამწვარი სამეფო უბნის თეატრის დარბაზი, 1993 წელი
სამეფო უბნის თეატრში მსახიობების პირველი ვიზიტი, 1993 წელი
სამეფო უბნის თეატრის დარბაზი რესტავრაციამდე, 1993 წელი