ნორაშენი (სომხ. Նորաշեն) — ღვთისმშობლის სახელობის სომხური ეკლესია თბილისში. მდებარეობს ქვემო კალაში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ჯვარის მამის გვერდით. პირველი ეკლესია აქ აშენდა 1740 წელს. ამჟამად მდგომი ეკლესია ძირითადად აგებულია 1790-96 წლებში (ცალკეული სამუშაოები 1830-იან წლებამდე გრძელდებოდა).
ნორაშენი აგურით ნაგები, „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიაა. გუმბათი ეყრდნობა ორ მსხვილ მრგვალ ბურჯსა და აფსიდის კედლების შვერილებს. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს. სამრეთის კარის წინ არის XIX ს-ის I ნახევარში მიშენებული, თლილი ქვით მოპირკეთებული და უხვად მოჩუქურთმებული ასიმეტრიული კარიბჭე. ამავე დროისაა დასავლეთ მკლავის კეხზე აღმართული მომცრო აჟურული სამრეკლო. ეკლესიის ფასადებს ამკობს დეკორატიული თაღნარი. იერით ნორაშენის ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების სომხურ და ქართულ არქიტექტურას უკავშირდება, თუმცა ფასადთა გაფორმებაში თავს იჩენს კლასიციზმის ელემენტებიც (ფრონტონები თაღოვანი ნიშების თავზე).
შიგნით ეკლესიის კედლებში ჩადგმულია XVII საუკუნის ხაჩკარები. ეკლესიას ამკობს თბილისელი სომეხი მხატვრის მკრტუმ ოვნათანიანის მიერ 1834-35 წლებში შესრულებული მოხატულობა.
ეკლესიის დასავლეთ კედელთან, კარის მარჯვნივ თბილისელი სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ თამამშევის (1852-1908) საფლავია.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ნორაშენი
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 3742