პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომი (1919 წლის თებერვალი – 1921 წლის მარტი) — შეიარაღებული კონფლიქტი ოთხ სახელმწიფოს შორის, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, სადაც ერთ მხარეს იბრძოდნენ საბჭოთა რუსეთი და უკრაინა, ხოლო მეორე მხარეს პოლონეთის მეორე რესპუბლიკა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკა. ომის მიზეზი იყო მოწინაღმდეგე მხარეების სურვილი, გაეზარდათ ტერიტორიები და გავლენის სფეროები. პოლონეთი, რომლის სახელმწიფოებრიობაც XVIII საუკუნის პოლონეთის დაყოფის შემდეგ ვერსალის შეთანხმებით ახალი აღდგენილი იყო, მოითხოვდა იმ ტერიტორიების დაკანონებას რომლებიც დაყოფის დროს დაკარგა; საბჭოთა რუსეთის მიზანს წარმოადგენდა იმავე ტერიტორიების კონტროლი, რომლებიც ამ დაყოფის შემდეგ პირველ მსოფლიო ომამდე რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. ამ კონფლიქტში გამარჯვებული მხარის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. [შ 1] პოლონელებმა მოახერხეს თავიანთი ქვეყნის დაცვა, მაშინ როდესაც რუსებმა შეძლეს თავიდან აეცილებინათ პოლონელების უკრაინასა და ბელორუსიაში შეჭრა, რასაც ისინი აღიქვამდნენ როგორც რუსეთის სამოქალაქო ომში საერთაშორისო ძალების ჩარევას.
ვერსალის ხელშეკრულების მიხედვით ზუსტად არ იქნა დადგენილი რუსეთსა და პოლონეთს შორის საზღვარი. გარდა ამისა I მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი მოუგვარებელი საკითხი დარჩა,რამაც ნაწილობრივ შემდეგი პროცესების განვითარება გამოიწვია: რუსეთის 1917 წლის რევოლუცია; რუსეთის, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის იმპერიების დაშლა; რუსეთის სამოქალაქო ომი; ცენტრალური ბლოკის სახელმწიფოების გამოსვლა აღმოსავლეთ ფრონტიდან, უკრაინის და ბელარუსის დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობა. პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურმა, იუზეფ პილსუდსკიმ მიიჩნია, რომ ეს ხელსაყრელი პერიოდი იყო პოლონეთს აღმოსავლეთი საზღვრების აღმოსავლეთისკენ მაქსიმალურად გაფართოვებისათვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე პოლონეთის ფედერაციის შესაქმნელად, რომელიც პოლონეთს დაეხმარებოდა გერმანიის და საბჭოთა რუსეთის მზარდი იმპერიალისტური ზრახვებისგან თავის დაცვაში. ლენინი კი თვლიდა რომ პოლონეთი იყო ხიდი, რომელიც უნდა გადაეკვეთა წითელ არმიას და დახმარებოდა კომუნისტურ მოძრაობებს სხვა ევროპულ ქვეყნებში.
1919 წლისთვის პოლონეთ-უკრაინის ომში მიღწეული წარმატების წყალობით პოლონეთის ძალები დასავლეთ უკრაინის უმეტეს ტერიტორიას აკონტროლებდნენ. დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა ევგენი პეტრუშევიჩის ხელმძღვანელობით, წარუმატებლად ცდილობდა სახელმწიფოს შექმნას იმ ტერიტორიაზე, რომელზეც პრეტენზია ჰქონდა, როგორც პოლონეთს ასევე უკრაინასაც. ამავე დროს უკრაინის რუსულ ნაწილში სიმონ პეტლიურა ცდილობდა დაეცვა და გაეძლიერებინა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, მაგრამ რადგან რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკებმა წარმატებებს მიაღწიეს, პეტლიურას ძალებმა იწყეს დასავლეთით, უკრაინის სადავო ტერიტორიების პოდოლიასკენ დახევა. 1919 წლის ბოლოსთვის ფრონტის ხაზი გამოიკვეთა, რადგან პეტლიურამ გადაწყვიტა პილსუდსკის შეერთებოდა. 1920 წლის აპრილში სასაზღვრო შეტაკებები ღია ომში გადაიზარდა, რაც პილსუდსკის აღმოსავლეთ უკრაინიაში შეჭრით იყო გამოწვეული. 1920 წლის 7 მაისს უკრაინისა და პოლონეთის გაერთიანებულმა ძალებმა აიღეს კიევი.
პოლონეთის შეტევას მოყვა წითლი არმიის წარმატებული კონტრშეტევა. საბჭოთა ჯარებმა, პოლონეთის არმიას უკან დასავლეთით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავამდე დაახევინეს, ამ დროს უკრაინის დირექტორატი (უკრაინის რევოლუციური მთავრობა) დასავლეთ ევროპაში გაიქცა. დასავლეთი შეაშფოთა საბჭოთა ჯარების გერმანიის საზღვრებთან მიახლოებამ და მათ დიპლომატიური მისიების გაგზავნა დაიწყეს პოლონეთში. 1920 წლის შუა ზაფხულში ვარშავის დაცემა გარდაუვლად ჩანდა, თუმცა აგვისტოს შუა რიცხვებში ვარშავისთვის ბრძოლაში პოლონეთის ძალების გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. მას შემდეგ პოლონელებმა დაიწყეს წარმატებით სვლა აღმოსავლეთისაკენ და საბჭოთა კავშირმა მოითხოვა სამშვიდობო შეთანხმება, რის საფუძველზეც 1920 წლის ოქტომბერში ომი დასრულდა ცეცხლის შეწყვეტით. ფორმალურად სამშვიდობო რიგის ხელშეკრულება გაფომდა 1921 წლის 18 მარტს, რომელმაც პოლონეთსა და რუსეთს შორის გადაანაწილა სადავო ტერიტორია. ამ ომმა მსოფლიო ომებს შორის პერიოდში განსაზღვრა პოლონეთსა და საბჭოთა კავშირს შორის საზღვარი. უმეტესი იმ ტერიტორიიდან რომელიც რიგის ხელშეკრულებით პოლონეთს მიაკუთვნეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირს გადაეცა, როდესაც პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარი ხელახლა განისაზღვრა II მსოფლიო ომი მოკავშირეების მიერ 1920 წლის კორზონის ხაზის მიხედვით.
სახელები და თარიღები
ამ ომს რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ. „პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომი“ არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი, თუმცა აქ სიტყვა საბჭოთა არის დამაბნეველი რადგან „საბჭოთაში“ უმეტესად საბჭოთა კავშირი მოიაზრება, სინამდვილეში 1922 წლის 31 დეკემბრამდე ეს ტერმინი ოფიციალურად მხოლოდ საბჭოთა რუსეთს აღნიშნავდა. სახელის სხვა ვარიანტებია: „რუსეთ-პოლონეთის 1919–1921 წლების (ან პოლონეთ-რუსეთის) ომი“[შ 2] (წლები პოლონეთ-რუსეთის ადრინდელი ომისგან განსასხვავებლად ეთითბა) და „პოლონურ-ბოლშევიკური ომი“.[5] ეს მეორე ტერმინი (ან უბრალოდ „ბოლშევიკური ომი“ (პოლ. Wojna bolszewicka)) პოლონურ რესურსებში უფრო ხშირად გამოიყენება. ზოგიერთ პოლონურ წყაროში წყაროში მას „1920 წლის ომითაც“ მოიხსენიებენ. (პოლ. Wojna 1920 roku).[შ 3]
განხილვის მეორე საკითხია ომის დაწყების და დასრულების თარიღები. მაგალითად ბრიტანიკა ამ ომისთვის მიძღვნილ სტატიას 1919–1920 წლებით, თუმცა შემდეგ დასძენს რომ „ორ ქვეყანას შორის საომარ მოქმედებებს 1919 წელსაც ჰქონდა კონფლიქტი დაიწყო როდესაც პოლონელებმა იუზეფ პილსუდსკის მეთაურობით შეკრეს უკრაინელ ნაციონალის ლიდერ პეტლიურასთან კავშირი (1920 წლის 21 აპრილი) და გაერთიანებული ძალებით დაიწყეს 7 მაისს კიევის ოკუპაცია“.[შ 2] პოლონური Internetowa encyklopedia PWN-ს [5] და ასევე ზოგიერთი დასავლელი ისტორიკოსის (მაგალითად: ნორმან დეივისი) მიხედვით [6]—მოაზრება 1919 წელი როგორც ომის დასაწყისი, ხოლო დასასრულად მოიაზრება როგორც 1920 ასევე 1921; გაურკვევლობას იწვევს ის ფაქტი, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა 1920 წელს, ხოლო სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა 1921 წელს.
1919 წლის მოვლენები შეიძლება რეალურად შეიძლება შეფასდეს, როგორც სასაზღვრო შეტაკებები, მხოლოდ 1920 წელს აღმოაჩინეს მხარეებმა, რომ ისი ჩართული იყვნენ სრულ მაშტაბიან საომარ მოქმედებებში.[6] კონფლიქტი რომელსაც ადგილი ჰქონდა 1919-ში არის მიზეზი ომის რომელიც დაიწყო 1920 -ში.[6] 1920 წლის მოვლენები იყო 1919 წლის პრელუდიის ლოგიკური, თუმცა გაუთვალისწინებელი შედეგი.[6]
რესურსები ინტერნეტში
შენიშვნები
- ↑ 1.0 1.1 რუსი და პოლონელი ისტორიკოსები ორივე თავის ქვეყანას მიაწერენ გამარჯვებას. სხვა ისტორიკოსების უმეტესობა კი თვლის, რომ ეს იყო პოლონეთის მცირე გამარჯვება. ლენინი, 1920 წლის 20 სექტემბრის, ბოლშევიკური პარტიის IX ყრილობის საიდუმლო შეტყობინებაში ომის შედეგს მოიხსენიებს როგორც "გაუგონარ დამარცხებას". (იხილეთ ლენინი 1996)
- ↑ 2.0 2.1 მაგალითისთვის იხილეთ რუსეთ-პოლონეთის ომი ბრიტანიკაში ,,კონფლიქტი დაიწყო როდესაც პოლონელებმა იოსეფ პისუდსკის მეთაურობით შეკრეს უკრაინელ ნაციონალის ლიდერ პეტლიურასთან კავშირი (1920-04-21-ში) და გაერთიანებული ძალეიბით დაწყეს 7 მაისს კიევის ოკუპაცია.”
- ↑ მაგალითისთვის: 1 Cisek 1990 Sąsiedzi wobec wojny 1920 roku. Wybór dokumentów. 2) Szczepański 1995 Wojna 1920 roku na Mazowszu i Podlasiu 3) Sikorski 1991 Nad Wisłą i Wkrą. Studium do polsko–radzieckiej wojny 1920 roku
სქოლიო