მოლდოვის ადმინისტრაციული დაყოფა — მოლდოვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სისტემა. მოლდოვის თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის სისტემა რეგულირდება 2001 წლის 27 დეკემბრის კანონით № 764 „მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ“. ამ კანონის თანახმად, მოლდოვა მოიცავს 32 რაიონს, ავტონომურ ტერიტორიულ წარმონაქმნ გაგაუზიას, დნესტრის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და 3 მუნიციპალიტეტს: კიშინიოვს, ბელცისა და ბენდერის (კიდევ 2 მუნიციპალიტეტი — კომრატი და ტირასპოლი — შესაბამისად შედის გაგაუზიის ავტონომიური ტერიტორიული წარმონაქმნისა და დნესტრის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შემადგენლობაში). ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით მოლდოვა უნიტარული სახელმწიფოა.
რაიონები, მუნიციპალიტეტები და ავტონომური ტერიტორიული წარმონაქმნები იყოფა ქალაქებად, კომუნებად და სოფლებად. კომუნები შედგება ორი და უფრო მეტი სოფლისგან. რაიონებისა და კომუნების ცენტრებს ეწოდებათ ქალაქი-რეზიდენციები ან სოფელი-რეზიდენციები შესაბამისად. მოლდოვის დედაქალაქი — ქალაქი კიშინიოვი — დაყოფილია სექტორებად, რომლებიც იყოფა ქალაქებად, კომუნებად და სოფლებად.[1]
დნესტრის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები და ბენდერის მუნიციპალიტეტები დე-ფაქტოდ იმართება დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის არაღიარებული სახელმწიფოს მიერ (დმრ). დმრ-ს აქვს საკუთარი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, რომელიც არ შეესაბამება მოლდოვის რესპუბლიკის კანონის მიერ დაწესებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას.
მოლდოვის რესპუბლიკა დაყოფილია 32 რაიონად, რომელთაგან თითოეულსაც საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი აქვს, რომელსაც ქალაქი-რეზიდენცია ეწოდება. რაიონი — მეორე დონის ერთეულია, ხოლო ქალაქი-რეზიდენცია — პირველი დონის.