კომოს ტბა ჯერ კიდევ რომაული ხანიდან პოპულარული ადგილი იყო არისტოკრატთა და დიდებულთა ოჯახებისთვის, დღეისათვის კი ის ძალზედ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მის ნაპირებთან განლაგებულია მრავალი ვილა და სასახლე, ბევრი ცნობილი ადამიანი აქ ფლობდა ან ფლობს საკუთარ სახლს, მათ შორის არიან მეთიუ ბელამი, მადონა, ჯორჯ კლუნი,[1]ჯანი ვერსაჩე, რონალდინიო, სილვესტერ სტალონე, რიჩარდ ბრენსონი და ბენ სპიზი. ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, კომო იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ტბად მიიჩნევა.[2]
გეოგრაფია
ტბის მოყვანილობა "Y"-ის ფორმას იღებს. ჩრდილოეთი ნაწილი სრულდება ქალაქ კოლიკოსთან, ქალაქები — კომო და ლეკო კი მის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებების ბოლოებთან მდებარეობენ. ტბის სამი განშტოების გადაკვეთის წერტილში გაშენებულია პატარა ქალაქები — ბელაჯო, მენაჯო და ვარენა.
ტბა ძირითადად მდინარე ადას წყლით იკვებება, რომელიც ტბაში ქალაქ კოლიკოსთან შედის და უკან ქალაქ ლეკოსთან გამოდის. ასეთი გეოლოგიური ფორმის გამო, სამხრეთ-დასავლეთი განშტოება მკვდარია, შესაბამისად, ქალაქი კომო ხშირად იტბორება, რასაც ვერ ვიტყვით ლეკოზე.
კლიმატი ტბის მიდამოებში როგორც წესი რბილია და ის ხმელთაშუაზღვიურის მსგავსია, სადაც ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეები მთელი წლის განმავლობაში იზრდება. ტბის წყალობით, ზამთარში, მიმდებარე ტერიტორიებზე მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. საშუალი დღიური ტემპერატურა დეკემბერში 13 °C (55 °F)-ია, ივლისში კი 30 °C (86 °F), ამავე თვეში წყლის ტემპერატურა 24 °C (75 °F)-ს აღწევს.