მდინარის აუზი

მდინარის აუზის სქემატური გამოსახულება. პუნქტირული ხაზი ჰიდროგრაფიული აუზის მთავარი წყალგამყოფია
მდინარე ლატორიცის აუზის რელიეფის ციფრული მოდელი

მდინარის აუზი — დედამიწის ზედაპირის ნაწილი, საიდანაც ზედაპირული და მიწისქვეშა წყალი წყლის ობიექტში — მდინარეში, ტბაში, წყალსაცავში, ზღვაში ან ოკეანეში ჩაედინება.[1] ჩამონადენი ხორციელდება ხმელეთის ზედაპირზე, ნიადაგში და აგრეთვე კრისტალური ქანების ნაპრალებში, არტეზიული წყლების დაცლისას.[2]

ჰუმიდურ რაიონებში, როგორც წესი, მთელ მდინარის აუზს აქვს ჩამონადენი, ესე იგი წყალშემკრებია. არიდულ რაიონებში მდინარის აუზის ნაწილს არა აქვს ჩამონადენი (ჩვეულებრივ, ტრანზიტული მდინარეები) ან წარმოადგენს შიგა ჩამონადენის არეს.[2]

მდინარის აუზი როგორც წესი წყალგამყოფითაა შემოსაზღვრული; მსოფლიო ოკეანისთვის იგი დედამიწის ხმელეთის გარე ჩამონადენის არეა. ტბების, ზღვებისა და ოკეანეების წყალშემკრები აუზი ძირითადად ჩამოყალიბებულია მასში ჩამდინარე მდინარეთა წყალშემკრები აუზის ჯამის ხარჯზე. ხშირად გაგება „მდინარის წყალშემკრები აუზი“ ჩანაცვლებულია გაგებით „მდინარის აუზი“.[3]

ხშირ შემთხვევაში ასეთი ჩანაცვლება დასაშვებია. თუმცა ზოგჯერ მდინარის აუზის ფართობი, რომელიც განსაზღვრულია მისი ზედაპირული (ოროგრაფიული) წყალგამყოფის ფარგლებში, შეიძლება არ დაემთხვას ამავე მდინარის წყალშემკრები აუზის ფართობს. ეს ხდება, პირველ ყოვლისა, როდესაც ზედაპირული და წყალქვეშა წყალგამყოფი მდინარეს არ ემთხვევა, წყალქვეშა ჩამონადენის ნაწილი ან გარედან მოედინება განხილული მდინარის აუზში (მეზობლად მდებარე მდინარის აუზიდან), ან მოცემული მდინარის აუზის ფარგლებიდან, რაც დამახასიათებელია მცირე მდინარეებისათვის არაღრმა ეროზიული ჩაჭრით; მეორეც, როდესაც დედამიწის ზედაპირის ნაწილი, რომელიც ფორმალურად მიეკუთვნება ამა თუ იმ მდინარის აუზს, რელიეფის თავისებურებებიდან გამომდინარე შეიძლება აღმოჩნდეს შიდა ჩამონადენის არედ და არ შედიოდეს მდინარის წყალშემკრები აუზის შემადგენლობაში. ასეთი შემთხვევები დამახასიათებელია ბრტყელი რელიეფის გვალვიანი რაიონებისთვის; მაგალითად, ჩრდილოეთ ყაზახეთში მდინარე ტობოლის აუზში გაუდინარია 16,3 ათ. კმ²-ი (მდინარის აუზის ფართობის 50%-ზე მეტი), ხოლო მდინარე იშიმის აუზში 1,75 კმ² (დაახლოებით 24%).[3]

მსოფლიო ოკეანის წყალშემკრები აუზი შეადგენს 118,8 მლნ. კმ²-ს (ხმელეთის მთლიანი ფართობის დაახლოებით 80%), საიდანაც ატლანტის ოკეანეზე მოდის — 50,7 მლნ. კმ² (34%), წყნარ ოკეანეზე — 24,8 მლნ. კმ² (17%), ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეზე — 22,4 მლნ. კმ² (15%), ხოლო ინდოეთის ოკეანეზე — 20,9 მლნ. კმ² (14%). ტბებიდან უდიდესი წყალშემკრები აუზი აქვს კასპიის ზღვას (3,1 მლნ. კმ²-ზე მეტი), ხოლო მდინარეებიდან ამაზონს (7045 ათ. კმ²).[3]

შესაძლებელია მომიჯნავე მდინარის აუზის გაერთიანება მდინარის ბიფურკაციის შედეგად.[2]

სქოლიო

  1. Drainage basin | Encyclopedia Britannica
  2. 2.0 2.1 2.2 ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014, გვ. 193.
  3. 3.0 3.1 3.2 Водосборный бассейн | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-13. ციტირების თარიღი: 2021-06-17.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!