პეტერ კარლ გუსტავის ძე ფაბერჟე (რუს. Пе́тер Карл Гу́ставович Фаберже́; დ. 18 (30) მაისი, 1846, სანქტ-პეტერბურგი — გ. 24 სექტემბერი, 1920, ლოზანა) — რუსი იუველირი. იუველირისა და ვაჭრის, წარმოშობით პიარნოველი (დღ. პიარნუ), ფრანგი ჰუგენოტების შთამომავლის, პეტერ გუსტავ ფაბერჟეს (1814–1894) ვაჟი. საიუველირო საქმეს მამისთან და მაინის ფრანკფურტში სწავლობდა, აგრეთვე შეისწავლა კომერცია და ხელოვნების ისტორია. 1872 წელს სათავეში ჩაუდგა საოჯახო საწარმოს; მისი ხელმძღვანელობით სავაჭრო სახლი „კ. ფაბერჟე“ რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი უმსხვილესი საიუველირო საწარმო გახდა. 1885 წლიდან იყო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მიმწოდებელი, 1890 წლიდან — მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კაბინეტის შემფასებელი, 1897 წლიდან — შვედეთისა და ნორვეგიის მეფეების მიმწოდებელი, 1910 წლიდან — საიმპერატორო კარის იუველირი. ფაბერჟეს ძირითადი საიუველირო წარმოება სანქტ-პეტერბურგში მდებარეობდა, სავაჭრო ფილიალები — მოსკოვში (1887-დან), ოდესაში (1900-დან), ლონდონში (1903-დან) და კიევში (1905–1910). 1918 წლის დასაწყისისათვის ფაბერჟეს ფირმამ არსებობა შეწყვიტა.
კარლ ფაბერჟესთან მუშაობდნენ იუველირები: მიხეილ პერხინი, ჰენრის ვიგსტრემი, იული რაპოპორტი, მხატვარი ფრანც ბირბაუმი. ფაბერჟეს სტილი დაფუძნებული იყო ისტორიულ სტილთა ხერხების შეხამებაზე (მოგვიანებით — მოდერნის სტილთა), ნამუშევრებს განსაკუთრებული ელეგანტურობა აქვთ: საგნები ოქროსი და ვერცხლისაა, დაფარულია ფერთა პალიტრის მხრივ უჩვეულოდ მრავალფეროვანი (100 ელფერზე მეტი) მინანქრით — საეკლესიო ნივთები, საიუველირო სამკაულები, საათები, მთის ბროლისაგან დამზადებულ ვაზაში ჩაწყობილი ყვავილის ფორმის ნაკეთობები („ბაბუაწვერა“, 1914 და 1917 წლებს შორის, მოსკოვის კრემლის მუზეუმი) და სხვ. 1885 წლიდან იმპერატორ ალექსანდრე III-ის შეკვეთით ამზადებდა საიუველირო სააღდგომო კვერცხებს, როგორც იმპერატორის მეუღლის, მარია თედორეს ასულის საჩუქრებს; 1894 წლიდან — იმპერატორ ნიკოლოზ II-ის შეკვეთით. დღეს ეს ნაკეთობები სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია (ყველაზე დიდი კოლექცია 10 ნამუშევრისაგან შედგება, თავმოყრილია მოსკოვის კრემლის მუზეუმებში). 2013 წელს სანქტ-პეტერბურგში გაიხსნა ფაბერჟეს მუზეუმი (კოლექცია «Связь времён»-ის საფუძველზე).
ლიტერატურა
- Snowman A. K. C. Fabergé: Goldsmith to the Imperial Court of Russia. N. Y., 1983;
- Habsburg G. von. Fabergé. Hofjuwelier der Zaren. Münch., 1986;
- Solodkoff A. von. Fabergé: Juwelier des Zarenhofes. Hdlb., 1995;
- The world of Fabergé. (Cat.). Moscow, 1996;
- Мунтян Т. Н. Шедевры Фаберже из собрания фонда «Связь времен». М., 2009;
- Яковлева Н. Ю. ФАБЕРЖЕ // Большая российская энциклопедия. т. 33. — , 2017. — стр. 168.