ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე (რუს. Никола́й II Алекса́ндрович; დ. 6 (18) მაისი, 1868, ცარსკოე სელო, რუსეთის იმპერია — გ. 17 ივლისი, 1918, ეკატერინბურგი) — რუსეთის ბოლო იმპერატორი 1894-1917 წლებში. პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახი ბოლშევიკებმა იპატიევის სახლში დახვრიტეს.
ნიკოლაი II-ის სრული სახელი იყო ნიკოლაი ალეკსანდროვიჩ რომანოვი. მისი ოფიციალური ტიტული - ნიკოლაი II, იმპერატორი და ავტოკრატი სრულიად რუსეთისა. ის ასევე ცნობილია, როგორც ნიკოლაი წამუბული (გაუსამართლებლად მოკვლის გამო) და ნიკოლაი სისხლიანი (მისი კორონაციის დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო).
ბიოგრაფია
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დაიბადა 1868 წლის 6(18) მაისს, რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ოჯახში.
მამა ათანასე ბელიაევი, რომელიც რეგულარულად აღასრულებდა მსახურებას სამეფო ოჯახისათვის, მათი პატიმრობის პერიოდში, თავის მოგონებებში იმპერატორისა და მისი ოჯახის სულიერი ცხოვრების სიმაღლეს მოწმობს: ”საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, როგორი გულმოდგინებით, სასოებით, ხშირად - მუხლმოდრეკილი, ლოცულობს ყოფილი სამეფო ოჯახი. როგორი მორჩილებით, სიმშვიდით, თავმდაბლობით, მთლიანად ღვთის ნებას მინდობილნი, დგანან მსახურების დროს” - ვკითხულობთ მის მოგონებებში.
დროებითმა მთავრობამ კომისია დანიშნა იმპერატორის საქმიანობის გამოსაკვლევად. მიუხედავად დიდი მცდელობისა, კომისიამ ვერაფერი აღმოაჩინა მეფის გასამტყუნებლად. იგი უდანაშაულო იყო. როდესაც მეფის უდანაშაულობა დამტკიცდა, ნაცვლად იმისა, რომ გაეთავისუფლებინათ სამეფო ოჯახი, დროებითმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პატიმრები ცარსკოე სელოდან მოშორებით, ტობოლსკში გადაეყვანათ.
იმპერატორის ოჯახის წევრები ღრმად და გულწრფელად განიცდიდნენ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც მაშინდელ რუსეთში, მათ თვალწინ ვითარდებოდა, რასაც მათი წერილები და დღიურები მოწმობს; მაგრამ ამ ტრაგედიას არ წაურთმევია მათთვის სულიერი ძალა, რწმენა და იმედი უფლის წყალობისა.
ტობოლსკიდან პატიმრები გადაიყვანეს ეკატერინბურგში, სადაც მათ სიცოცხლის ბოლო თვეები გაატარეს. ცხოვრების პირობები ეკატერინბურგში გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე - ტობოლსკში. დაცვა 12 კაცისგან შედგებოდა, რომელთაგან, უმრავლესობა, ყოფილი სისხლის სამართლის დამნაშავე იყო. იმპერატორის ოჯახი უდრტვინველად ითმენდა უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს, დაცინვას, უხეშ მოპყრობას, თითქმის - შიმშილს... მაგრამ რწმენა აძლევდა პატიმრებს უდიდეს სულიერ ძალასა და მოთმინებას.
1918 წლის 1 (14) ივლისს მამა იოანე სტოროჟევის მიერ შესრულდა უკანასკნელი ღვთისმსახურება პატიმრებისათვის. ახლოვდებოდა უკანასკნელი საათები. სიკვდილით დასჯისათვის მზადება პატიმრებისაგან ფარულად მიმდინარეობდა.
ღამით, 16-დან 17 ივლისამდე, დაახლოებით სამი საათის დასაწყისში, პატიმრები სარდაფის მსგავს ოთახში ჩაიყვანეს, იმ საბაბით, თითქოს ქალაქში არეულობა იყო და სარდაფში ისინი უსაფრთხოდ იქნებოდნენ. დედოფლის თხოვნით, ოთახში 2 სკამი შემოიტანეს. სკამებზე დედოფალი და ალექსეი ნიკოლაევიჩი დასხდნენ. დანარჩენები აქა-იქ განთავსდნენ. იმპერატორი მემკვიდრის გვერდით ფეხზე იდგა. ყველანი მშვიდად ელოდნენ. ისინი უკვე მიეჩვივნენ ღამეულ განგაშებს. გარეთ შეიარაღებული მკვლელები შეგროვდნენ. თითოეულმა კარგად იცოდა თავისი სამიზნე, მხოლოდ ნიშანსღა ელოდნენ. ამ დროს, კომისარი იუროვსკი ძალიან ახლოს მივიდა იმპერატორთან და უთხრა: ”ნიკოლაი ალექსანდროვიჩ, ურალის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილებით, თქვენ და თქვენი ოჯახი უნდა დაიხვრიტოთ”. ეს ფრაზა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ იმპერატორი თავისი ოჯახისაკენ მიბრუნდა და ხელები გაუწოდა, თითქოს მათი დაცვა უნდოდა. დედოფალმა და ოლგა ნიკოლაევნამ პირჯვრის გამოსახვა სცადეს. ამ დროს იუროვსკიმ ზედიზედ რამდენიმეჯერ ესროლა იმპერატორს. ეს იყო ნიშანი. ყველამ თითქმის ერთდროულად დაიწყო სროლა. იატაკზე დაცვენილებს სროლითა და ხიშტების დარტყმით უღებდნენ ბოლოს. თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო, რომ ალექსეი ნიკოლაევიჩმა სუსტად დაიკვნესა. მას კიდევ რამდენიმეჯერ ესროლეს. თერთმეტი უსულო გვამი ეგდო სისხლის მორევში. მკვლელებმა დახოცილებს ძვირფასეულობის შეხსნა დაუწყეს. ეზოში სატვირთო მანქანა იდგა, რომლის ძრავა კარგა ხნის ჩართული იყო. ძრავის ხმას სროლის ხმა უნდა გადაეფარა. მზის ამოსვლამდე სხეულები ტყეში გადაიტანეს, სოფელ კოპტიაკის მიდამოებში. მკვლელები 3 დღის განმავლობაში ცდილობდნენ თავისი ნამოქმედარის კვალის დაფარვას...
იმპერატორის ოჯახთან ერთად დახვრიტეს მათი მსახურებიც, ისინი, ვინც ბოლომდე მათთან დარჩა.
თაყვანისცემა სამეფო ოჯახისა, დაწყებული პატრიარქ ტიხონის მიერ, წესის აგების ლოცვასა და პანაშვიდზე ნათქვამი სიტყვით, გაგრძელდა, მიუხედავად საბჭოთა პერიოდში გაბატონებული იდეოლოგიისა.
ბევრი ღვთისმსახური და საერო პირი იდუმლად აღასრულებდა ლოცვას სამეფო ოჯახისათვის. იქმნებოდა მათდამი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებები, მუსიკა, ფილმები... სინოდალურ კომისიაში შედიოდა წინადადებები სამეფო ოჯახის კანონიზაციის შესახებ, დამოწმებული უამრავი სასწაულით: სამეფო ოჯახის წევრთა მიერ ავადმყოფების განკურნებით, დარღვეული ოჯახების აღდგენით... შეიქმნა ხატები იმპერატორისა და მის ოჯახის წევრთა გამოსახულებებით...
წმიდა ტანჯვადამთმენელ სამეფო ოჯახს მრავალი ქრისტიანი მიმართავს ლოცვით და ოჯახის სიმყარეს, შვილების ქრისტიანულად აღზრდას, სიწმინდისა და უმანკოების დაცვას ევედრებიან...
წმიდა ტანჯვადამთმენელი სამეფო ოჯახის ხსენება დაწესებულია წელიწადში ორჯერ: 4 (17) ივლისს, მათი მოკვდინების დღეს, და 25 იანვარს (7 თებერვალს), მათი წმინდანად შერაცხვის დღეს, თუ ეს თარიღი კვირა დღეს ემთხვევა; ხოლო თუ ეს თარიღი კვირა დღეს არ ემთხვევა, მაშინ - 25 იანვრიდან (7 თებერვლიდან) უახლოეს კვირა დღეს.
2011 წლის იანვარში რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარა.[1]
ოჯახი
იმპერატორის მეუღლე, ალექსანდრა ფეოდოროვნა (პრინცესა ალისა ვიქტორია ელენა ლუიზა ბეატრისა), დაიბადა 1872 წლის 25 მაისს (7 ივნისს), გერმანიის საჰერცოგოს პატარა ქალაქ - დარმშტადტში. მისი მამა იყო დიდი ჰერცოგი, ლუდვიგ ჰესენ-დარმშტადტელი, ხოლო დედა - პრინცესა ალისა ინგლისელი, დედოფალ ვიქტორიას მესამე ქალიშვილი. მათ ოჯახში მკაცრი პატრიარქალური პრინციპები იყო გამეფებული. დედა ცდილობდა, ბავშვობიდანვე განევითარებინა შვილებში ცხოვრებისადმი ქრისტიანული მიდგომა.
მეფე ნიკოლოზი და დედოფალი ალექსანდრა ფეოდოროვნა 1894 წლის 14 ნოემბერს დაქორწინდნენ. პრინცესა ალისამ, მეფე ნიკოლოზთან რომ შეუღლებულიყო, სარწმუნოება შეიცვალა და მართლმადიდებლურად მოინათლა, ალექსანდრას სახელით. თავდაპირველად, ეს მას სამძიმოდ ეჩვენებოდა, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული პროტესტანტული რელიგიის ჭეშმარიტებაში; მაგრამ გაეცნო რა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას, 1894 წლის 21 ოქტომბერს, იმპერატორ ალექსანდრე III-ს გარდაცვალებიდან მეორე დღეს, მან გულწრფელად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება.
დაქორწინებიდან სულ რამდენიმე დღეში, მეფე ნიკოლოზი იძულებული იყო, სახელმწიფოს მართვის მძიმე ტვირთი აეღო თავზე. რუსეთის იმპერიის მართვას, თავის, როგორც მონარქის, ვალდებულებებს, მეფე ნიკოლოზი წმიდათაწმიდა მოვალეობად მიიჩნევდა; ხოლო თავის მოვალეობათაგან უმთავრესად მას მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთგულება ესახებოდა.
მეფე-დედოფალს ხუთი შვილი შეეძინა: ოლგა (1895, 3 ნოემბერი), ტატიანა (1897, 29 მაისი), მარია (1899, 14 ივნისი), ანასტასია (1901, 5 ივნისი) და ტახტის მემკვიდრე, ალექსი (1904, 12 აგვისტო). მოგვიანებით გამოირკვა, რომ მემკვიდრე ალექსი დაავადებული იყო ჰემოფილიით. ბავშვის სიცოცხლე გამუდმებით ბეწვზე ეკიდა. ოდნავი სისხლდენაც მას, შეიძლებოდა, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
სამეფო ოჯახი, მაშინდელი არისტოკრატიისგან განსხვავებით, ღრმა და წრფელი რეგლიგიურობით გამოირჩეოდა. მეფე-დედოფალს აღარ აკმაყოფილებდა კარის ეკლესიაში აღვლენილი მოკლე მსახურება; თავისი მრავალრიცხოვანი მოგზაურობის დროს, ისინი არა მარტო ეწვეოდნენ ხოლმე ეკლესია-მონასტრებს, არამედ - სასოებით ლოცულობდნენ, ხატებსა და წმიდა ნაწილებს ეთაყვანებოდნენ... სპეციალურად მათთვის სრულდებოდა წირვა-ლოცვები ცარსკოე სელოს წმ. თევდორეს ტაძარში... იმპერატორი უხვად გასცემდა შესაწირავს ახალი ეკლესიების ასაშენებლად, მათ შორის, რუსეთის საზღვრებს გარეთაც. მისი მმართველობის ხანაში ეკლესიათა რიცხვი, რუსეთში, 10 ათასით გაიზარდა, გაიხსნა 250 ახალი მონასტერი... იმპერატორი თავად იღებდა მონაწილეობას ახალი ეკლესიების საძირკვლის ჩაყრასა და სხვა საეკლესიო დღესასწაულებში... ნიკოლოზ II-ის მეფობის წლებში მოხდა უფრო მეტი წმინდანის კანონიზაცია, ვიდრე - უკანასკნელი 2 ასწლეულის განმავლობაში; მათ შორის - ღირსი სერაფიმე საროველისა (1903 წ.).
მიუხედავად მეფის სურვილისა, შეენარჩუნებინა ქვეყანაში მშვიდობა, მისი მმართველობის ხანაში რუსეთი 2 სისხლისმღვრელ ომში აღმოჩნდა ჩათრეული, რამაც ქვეყნის შიდა არეულობაც გამოიწვია.
არაოფიციალურ ვითარებაში მეფესთან ბევრს არ ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ ყველა, ვინც მის ოჯახურ ცხოვრებას პირადად იცნობდა, აღნიშნავდა სამეფო ოჯახის წევრების საოცარ სისადავეს, ურთიერთსიყვარულსა და ურთიერთთანხმობას. ეს იყო მჭიდროდ შეკრული ოჯახი, რომლის ყურადღების ცენტრში ალექსეი ნიკოლაევიჩი იმყოფებოდა. დედას შვილები უდიდესი პატივისცემითა და თავაზიანობით ეპყრობოდნენ. როდესაც იმპერატრიცა ავად ხდებოდა, ქალიშვილები რიგ-რიგობით მორიგეობდნენ დედის ოთახში. ამაღელვებელი იყო შვილების დამოკიდებულება მამის მიმართაც. იგი მათთვის, ერთდროულად, მეფეც იყო, მამაც და ამხანაგიც. მათი გრძნობა მამის მიმართ თითქმის რელიგიურ თაყვანისცემას, სრულ ნდობასა და ყველაზე გულითად მეგობრობას შორის მონაცვლეობდა. ერთადერთი გარემოება, რომელიც გამუდმებით ტანჯავდა სამეფო ოჯახს, უფლისწულის მძიმე ავადმყოფობა იყო.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, , 1984. — გვ. 432-433.
- Аврех А. Я. Царизм накануне свержения. — М.: Наука, — 1989 ISBN 5-02-009443-9
- Боханов А. Н. Сумерки монархии. — М.: Воскресенье, — 1993. — 288 с.: ил. ISBN 5-88528-021-5
- Боханов А. Н. Николай II. М.: Мол. гвардия — ЖЗЛ; Русское слово,- 1997. — 480 с.: ил. — (Жизнь замечательных людей. Серия биогр. Вып. 739). ISBN 5-235-02296-3
- Боханов А. Н. Николай II / А. Н. Боханов. — М.: Вече, — 2008. — 528 с.: ил. — (Императорская Россия в лицах). ISBN 978-5-9533-2541-7
- Иоффе Г. З. Крах российской монархической контрреволюции. — М.: Наука, — 1977. 320 с. 12000 экз.
- Иоффе Г. З. Великий Октябрь и эпилог царизма. — М.: Наука, — 1987. 366 с. 9500 экз.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო