ძეგლი სტალინის სიცოცხლეში, 1952 წ. გაიხსნა. მოქანდაკეა შოთა მიქატაძე, არქიტექტორები — ზაქარია და არჩილ ქურდიანები. ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ქანდაკება იდგა გრანიტის ცხრამეტრიან სამიარუსიან კვარცხლბეკზე, რომელიც ამავე დროს ტრიბუნის ფუნქციასაც ასრულებდა. სტალინი მთელი ტანით არის წარმოდგენილი. აცვია სამხედრო ტანსაცმელი.[1]
ძეგლი გადაურჩა სტალინის მემკვიდრის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ „პიროვნების კულტის“ დაგმობის შემდეგ დაწყებულ კამპანიას „დიდი ბელადის“ გამოსახულებათა წინააღმდეგ, რომლის დროსაც მოხსნეს ანალოგიური მონუმენტი თბილისში. 1980-90-იანი წლების მიჯნაზე, ქართული ეროვნული მოძრაობის პერიოდში, განზრახული იყო გორში მდგარი ძეგლის განადგურებაც, მაგრამ გორის მოსახლეობის მოთხოვნით მონუმენტი შენარჩუნდა. ამ დროიდან გორის ცენტრში სტალინის ძეგლის არსებობის მიზანშეწონილობაზე კამათი არ შემწყდარა. საზოგადოებრივი აზრი ორადაა გაყოფილი: ბევრისთვის ძეგლი ტოტალიტარიზმისა და საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოა და მისი არსებობა ამ სახით გაუმართლებელია; სხვები ძეგლის შენარჩუნებასდმი თავიანთ მხარდაჭერას ტურისტული ინტერესით ხსნიან; ზოგიერთი კი მონუმენტს „ისტორიის ნაწილად“ მიიჩნევს და „ყველაზე ცნობილი ქართველის“ ძეგლის დემონტაჟის მოწინააღმდეგედ რჩება.[2][3]