დიეგო არმანდო მარადონა (იტალ. Stadio Diego Armando Maradona) — სტადიონი ნეაპოლში. საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ საშინაო არენა.
სტადიონი აშენდა 1959 წელს. 1960 წელს სტადიონმა უმასპინძლა ოლიმპიური თამაშების რამდენიმე მატჩს. თავდაპირველად სტადიონი 80 000-მდე ადამიანზე იყო გათვლილი. 1989 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე სტადიონს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ერთი წლის შემდეგ უმასპინძლა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს, მათ შორის ნახევარფინალს, რომელიც გაიმართა იტალიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის.
დღესდღეობით სან-პაოლო 60 240 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით, იტალიაში მესამე ყველაზე დიდი სტადიონია სან სიროსა და სტადიო ოლიმპიკოს შემდეგ.
2020 წლის 25 ნოემბერს, დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ, ქალაქის მერმა ლუიჯი დე მაჯისტრისმა ტვიტერზე დაწერა, რომ სტადიონს მარადონას სახელი უნდა დაერქვას, ნაპოლის კარიერაში მისი მიღწევების პატივსაცემად[1][2].