„დამოუკიდებლობის დღე“ (ინგლ. Independence Day) — 1996 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური მოქმედებითი ფილმი, რომლის რეჟისორი და თანასცენარისტია როლან ემერიხი. ფილმში ადამიანების ჯგუფი ებრძვის დედამიწაზე თავდამსხმელ უცხოპლანეტელებს. სხვა ადამიანებთან ერთად ისინი გადადიან კონტრეშეტევაზე 4 ივლისს – აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს.
ევროპაში „ვარსკვლავური კარიბჭის“ პრომო-კამპანიისას, როდესაც ჰკითხეს, სწამდა თუ არა უცხო რასების არსებობის, ემერიხს დაებადა მომავალი ფილმის იდეა. დინ დევლინი თანამონაწილეობით მან შეიმუშავა დედამიწაზე უცხოპლანეტელთა თავდასხმის სიუჟეტი. გადაღება 1995 წლის ივლისში ნიუ-იორკში დაიწყო, ხოლო ფილმზე მუშაობა დასრულდა შემდეგი წლის 20 ივნისს.[4]
„დამოუკიდებლობის დღე“, რომელიც ჰოლივუდის ბლოკბასტერების ეპოქის გარდამტეხ ფილმად ითვლება, გამოვიდა 1996 წლის 3 ივლისს, თუმცა მაყურებელთა მხრიდან დიდი ინტერესის გამო შეზღუდული პრემიერა გაიმართა 2 ივლისს (როდესაც იწყება ფილმში ასახული მოვლენები). იგი იქცა 1996 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად - 817.4 მილიონი აშშ დოლარით და, მცირე დროით, 1993 წლის „იურული პარკის“ შემდეგ ყველაზე შემოსავლიანად. 2016 წლის ივნისისთვის იგი კვლავ შედის ყველა დროის შემოსავლიანი ფილმების სიაში (55-ე ადგილზე) და ითვლება 90-იანების კატასტროფის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრების კატეგორიებში ერთ-ერთ მოწინავედ. „დამოუკიდებლობის დღეს“ მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის და ნომინაცია ამავე ჯილდოზე ხმის საუკეთესო მონტაჟისთვის.[5] მისი გაგრძელება, „დამოუკიდებლობის დღე: აღორძინება“, გამოვიდა 20 წლის შემდეგ, 2016 წლის 24 ივნისს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო