ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანია — ინგლისური და მოგვიანებით (1707 წელს, კავშირის ხელშეკრულების გაფორმებიდან) ბრიტანული სააქციო საზოგადოება. კომპანია შეიქმნა ოსტინდოეთიდან ვაჭრობის ხელშესაწყობად, თუმცა ის ძირითადად საქმიანობას ინდოეთის სუბკონტინენტზე ეწეოდა.
კომპანიას 1600 წელს სამეფო ქარტია ებოძა[1], რითს ის მსგავს სხვა ევროპულ კომპანიებში უძველესია. კომპანიის აქციებს ფლობდნენ უმდიდრესი ვაჭრები და არისტოკრატები. მთავრობა არ ფლობდა აქციებს და ჰქონდა მხოლოდ არა პირდაპირი კონტროლი. კომპანია ასევე ფლობდა საკუთარ ჯარს, რისი მეშვეობითაც აკონტროლებდა ინდოეთის უდიდეს ნაწილს.
კომპანია ძირითადად ვაჭრობდა ბამბით, აბრეშუმით, ჩაით, ინდიგოთი, კალიუმის ნიტრატით და ოპიუმით. კომპანია ასევე ახორციელებდა ინდოეთის სამხედრო და პოლიტიკურ კონტროლს. კომპანიის მმართველობა ინდოეთში დაიწყო 1757 წელს პლესის ბრძოლიდან და გრძელდებოდა 1858 წლამდე, როდესაც ინდოეთის 1857 წლის აჯანყების შემდეგ ბრიტანეთმა მიიღო ინდოეთის უკეთესი მართვის აქტი, რითიც ინდოეთი ბრიტანეთის გვირგვინის პირდაპირი მმართველობის ქვეშ გადავიდა. კომპანიამ არსებობა 1874 წელს ოსტინდოეთის საფონდო დივიდენდების გაცემის აქტით დაასრულა.