„ესენი არიან ძველად სამცხესა შინა ადგილის ხერხეთის მცხოვრებნი და მათის ხეობისა მოსახლენი, დროსავე თამარ მეფისასა და ამათ ნათესავთაგანიცა იყო მოხელედ კავკასიასა შინა, ადგილსა ნარად წოდებულსა, რომელმანაცა მუნებურისა კარგისა გვარისა ოსისა გორჭიშვილისა ქალი შეირთო ცოლად და მის გამოსცა შვილთა მათთა უწოდდნენ გოჭიანად, ხოლო უკანასკნელ დროსა მეფისა დიდისა თეიმურაზისა, ოდეს სპარსნი მოვიდნენ ურიცხვთა მხედრობითა საქართველოსა ზედა და ბრძო მეფემან თეიმურაზ ადგილსა მარაბდად წოდებულსა, წელსა ქრისტეს აქეთ 1625-სა, ამა ბრძოლასა შინა მხნედ გამოჩნდა აღათანგ ხერხეულიძე, რომელიცა იქმნა წარჩინებულ და მერე შთამომავლობანიცა იყვნენ პატივ-ცემულ მეფეთაგან და მოხელენიცა იყვნენ სხვა-და-სხვა სამსახურსა შინა, და აწ არიან ხერხეულიძენი სხვა-და-სხვა სახლად: 1) დავითის შვილები, 2) გიორგის შვილები, 3) ჯამასპის შვილები, 4) აღათანგისა და მისის ძმისწულის შვილები და სხვანი კიდევ ზაქარიას შვილები და მკვიდრობენ ქრცხინვალის ნაწილებთა ადგილთა შინა[1]“
ხერხეულიძეებს ჰქონდათ საგვარეულო გერბი — გაკვეთილი ფრანგული ფარის მარჯვენა ნაწილში ზღვაში მცურავი შებრუნებული აფრებაშვებული ხომალდი, ხოლო მარცხენაში კი ნახევარმთვარე და ყვავილი, როგორც მზის ნიშანი[6][7].
საქართველოს ისტორიულ წყაროებში ამ გვარის ცნობილ ადამიანთა შორის მოიხსენებიან:
ნიკოლოზ X ხერხეულიძე — აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1741-1744 წლებში. დომენტი კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ, მისივე სურვილის გათვალისწინებით, კათალიკოსად დადგენილ იქნა ნიკოლოზ ხერხეულიძე[11]. ვახუშტის ცნობით, 1744 წელს ნიკოლოზ X ვინმე „უკეთურმან მაჰმადიანყოფილმან თაზისშვილმან ტარიელ მახვუილითა მოკლა“;