სასხორის მთავარანგელოზის ეკლესია

მთავარანგელოზის ეკლესიის ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სასხორის მთავარანგელოზის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით (ნასოფლარში). შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით ეკლესია 1704 წელს აუგია ნიკოლოზ მაღალაძეს თავისი დის ხვარაშანის საფლავზე.

ეკლესია დარბაზულია (7 X 5,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. აქა-იქ წყობაში თლილი ქვაც არის ჩართული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან შეისრულია, ხოლო გარედან კედლის ჩაღრმავებით მიღებულ სწორკუთხა ჩარჩოში ზის. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, სწორკუთხა ნიშებია, თითო სწორკუთხა ნიში საკურთხევლის ორივე მხართანაა. დარბაზის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო შეისრული სარკმელია. გრძივ კედლებზე თითო შეისრული დეკორატიული თაღია. ინტერიერში შემორჩენილია ეკლესიის თანადროული მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-ყავისფერი ხაზით ოთხ რეგისტრად იყოფა. კონქში მანდორლის ფრაგმენტია, რომლის გარშემო მედალიონში ჩასმულია წმინდანთა ფიგურები. მომდევნო რეგისტრში გამოსახულია მოციქულთა ზიარება. ქვედა რეგისტრი მთლიანად ჩამორეცხილია. საკურთხევლის მხატვრობა დასრულებულია ორნამენტის (მარმარილოს იმიტაცია) ფართო ზოლით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე გამოსახულია მახარობლები. ამავე კედლების თაღებში მხატვრობა დაყოფილია ორ რეგისტრად: სამხრეთის კედელზე, ზემოთ წმ. თევდორე სტრატილატის და წმ. თეოდორას წელზედა გამოსახულებებია, ქვემოთ - წმ. პეტრესა და წმ. პავლესი ეკლესიის მოდელით ხელში; ჩრდილოეთ კედელზე, გამოსახულია: ზემოთ - ხატი მანდილისაი, ქვემოთ - ახალგაზრდა წმინდანი მთელი ტანით და მისკენ მობრუნებული ორი ფიგურა. დასავლეთ კედლის მხატვრობა ოთხი რეგისტრისგან შედგება. სარკმლის ორივე მხარეს, ზემოთ, მედალიონებში ჩასმულია ორი წმინდანის ფიგურა; ქვემოთ პეიზაჟის ფონზე გამოსახულია რამდენიმე ფიგურა და მინიატურული ზომის ცხვრები. მომდევნო რეგისტრი მედალიონებში ჩასმულ წმინდანთა წელზედა გამოსახულებებს უკავია; უკანასკნელ რეგისტრში, მარცხნივ წარმოდგენილია წმ. დიმიტრი, მარჯვნივ - წმინდა გიორგის მიერ ყრმის ტყვეობიდან დახსნის სასწაული. ეკლესიის თაღები და წმინდანთა შორის დარჩენილი თავისუფალი არე შემკულია მცენარეული ორნამენტით. ყველა გამოსახულებას ახლავს თეთრი საღებავით შესრულებული ბერძნული წარწერა. მხატვრობა შესრულებულია მუქი ლურჯი, ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, თეთრი და შავი საღებავებით.

ეკლესიის დასავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!