სამი ბეჭედი

ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში სამი ბეჭედი — ჯადოსნური ნივთები, რომლებიც შექმნეს ერეგიონის ელფებმა. ერთი ბეჭდის შემდეგ ეს სამი იყო ყველაზე ძალაუფლებიან ყველა ბეჭედს შორის.

სხვა ბეჭდებისგან განსხვავებით, სამი კელებრიმბორის მიერ შეიქმნა. მათ ატარებდნენ განდალფი, გალადრიელი და ელრონდი.

ნარია

ნარიას (Narya), იგივე ცეცხლის ბეჭედს, ფლობდა განდალფი. ეს იყო წითელი ქვით მორთული ბეჭედი.

ბეჭედი განდალფმა მესამე ეპოქის 1693 წელს მიიღო, როდესაც სამივე ბეჭედი საურონისგან დამალული იქნა. ნარია გილ-გალადს ეკუთვნის, რომელმაც ის კირდანს, რუხი ნავსაყუდლების მბრძანებელს გადასცა. უცნობია, თუ როდის მოხდა ეს. „გალადრიელისა და კელებორნის ამბის“ ერთ-ერთ ვერსიაში („დაუსრულებელი თხზულებები“) საუბარია იმაზე, რომ გილ-გალადმა ნარია კირდანს გადასცა მას შემდეგ, რაც თავად იგი კელებრიმბორისგან მიიღო. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს „წლების ამბის“ კომენტარები და „სილმარილიონი“, სადაც საუბარია, რომ ნარია კირდანთან თავიდანვე იყო. მაგრამ „გალადრიელისა და კელებორნის ამბის“ ერთ-ერთ შენიშვნაში წერია, რომ გილ-გალადი მესამე ეპოქის 3431 წელს ელოდა ლინდონის ადამიანთა და ელფთა ალიანსთან ერთად დატოვებას და სწორედ მაშინ დაუტოვა ნარია კირდანს.

როდესაც მესამე ეპოქის 1000 წელს განდალფი გამოჩნდა რუხ ნავსაყუდლებში, კირდანმა აღნიშნა, რომ იგი ჯადოსნებს შორის ყველაზე ბრძენი და დიდსულოვანი იყო და მას ნარია გადასცა. ეს აღნიშნულია „ბეჭდების მბრძანებლის“ დანართებში.

განდალფი ნარიას საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ სარუმანმა შეიტყო კირდანის ძღვენის შესახებ და განდალფის შეშურდა. განდალფის სული კი ამაღლდა და გაძლიერდა ნარიათი და ჯადოსანი საურონის დამანგრეველ ძალას იმედით შეხვდა. ბეჭდის ომის დასრულების შემდეგ, განდალფი დაბრუნდა რუხ ნავსაყუდლებში - ამჯერად ყველას შეეძლო მის ხელზე ნარიას ხილვა. ბეჭედს ის მაშინაც ატარებდა, როდესაც დასავლეთისკენ, ელრონდისა და გალადრიელის თანხლებით გაცურა.

ბეჭედს აგრეთვე დიდი ნარია, ცეცხლის ბეჭედი, წითელი ბეჭედი და მესამე ბეჭედი ეწოდებოდა. ქუენიური nar ნიშნავს ალს, ცეცხლს.

ნენია

ნენია (Nenya) — წყლის ბეჭედი, დამზადებული მითრილისგან. მორთული იყო თეთრი ალმასის თვალით. მისი მფლობელი გალადრიელი იყო.

ბეჭედი გალადრიელმა მესამე ეპოქის 1693 წელს მიიღო, ასევე კელებრიმბორისგან, როდესაც სამი ბეჭედი დამალული იქნა. ნენიას გალადრიელი იყენებდა ლოთლორიენის ოქროს ტყის სილამაზის დასაცავად. ის აგრეთვე გამოიყენებოდა ლოთლორიენის საზღვრების საურონის წყვიადისგან დასაცავად. მესამე ეპოქაში ორკები დასახლდნენ ახლოს მდებარე ნისლიან მთებში, კჰაზად-დუმში კი ბალროგმა გაიღვიძა. უცნობი ბოროტი ძალა, ნეკრომანტი, გამოჩნდა ლოთლორიენთან ახლოს, ანდუინთან, დოლ გულდურის ციხესიმაგრეში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნეკრომანტი სინამდვილეში საურონი იყო. მას შემდეგ, რაც იგი მორდორში დაბრუნდა, დოლ-გულდურის ნარჩენები ნაზგულ ხამულს გადაეცა. ლოთლორიენის ძალებს საურონი წინ ვერ აღუდგებოდა და დარწმუნებული იყო, რომ გალადრიელი ერთ-ერთ ბეჭედს ფლობდა.

როდესაც ფროდო ბეგინსი ლოთლორიენში 3019 წელს გამოჩნდა, გალადრიელმა მას ნენია უჩვენა. ვინაიდან ფროდოს თავად ჰქონდა ძალაუფლების ბეჭედი, მან დაინახა ნენია, თუმცა სემს ეს არ შეეძლო. გალადრიელმა უთხრა ფროდოს, რომ თუ იგი ძალაუფლების ბეჭედს გაანადგურებდა, თავის ძალას ნენიაც დაკარგავდა და ლოთლორიენი დაიწყებდა გაქრობას. გალადრიელს ეს მეტად აწუხებდა, მაგრამ სხვა ელფებთან ერთად იტანდა ამ ტკივილს, საურონის განადგურების იმედით.

გალადრიელის ზღვაში გაცურვის სურვილი ძლიერი იყო და ნენიაც კიდევ უფრო უძლიერებდა ამ განწყობას. 3019 წლის 29 სექტემბერს, საურონის დაცემის შემდეგ გალადრიელმა სამუდამოდ დატოვა შუახმელეთი და დასავლეთში ნენიაც გაიყოლა.

ნენიას ასევე ერქვა წყლის ბეჭედი, თეთრი ბეჭედი და ადამანტის ბეჭედი. სიტყვა nen ნიშნავს წყალს.

ვილია

ვილია (Vilya), აგრეთვე ცნობილი, როგორც ლურჯი ბეჭედი, იყო ერთ-ერთი იმ სამი ბეჭდიდან, რომელიც ელფებს გადაეცა – ამბობენ, რომ ყველაზე მძლავრი იყო. ვიზუალურად წარმოადგენდა ოქროს ბეჭედს, მორთულს ლურჯი საფირონით. მისი სხვა სახელწოდებებია ჰაერის ბეჭედი და საფირონის ბეჭედი. ბეჭდის შემქმნელმა კელებრიმბორმა ის თავდაპირველად მეფე გილ-გალადს გაუგზავნა (ლინდონში), მაგრამ გილ-გალადმა ის შუაველის შექმნისას ელრონდს გადასცა. მესამე ეპოქის დასასრულისთვის ელრონდი ამ ბეჭედს თითქმის 5000 წლის განმავლობაში ატარებდა.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!