ბალროგები

ბალროგები — გამოგონილი არსებები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმიდან. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანი ფიგურირებს „ბეჭდების მბრძანებელში“, სხვა ბალროგები ნახსენებია „სილმარილიონშიც“.

ბალროგები აფრქვევენ ცეცხლს, ბნელს და აჩრდილს, არიან ადამიანზე ბევრად მაღლები. ხშირად მათ იარაღად აქვთ შოლტები ან დიდი ხმლები. მათი განადგურება თითქმის შეუძლებელი იყო, ეს მხოლოდ დრაკონებს შეეძლოთ, ხოლო შუახმელეთის პირველი ეპოქის დროს ეს იყო ყველაზე საშიში რასა მორგოთის ძალებიდან.

ეტიმოლოგია

სახელი „ბალროგი“ სინდარულად ნიშნავს „ძლევამოსილ დემონს“. ქუენიურად მას ჰქვია „ვალარაუკო“ (მხოლ.) და „ვალარაუკარ“ (მრავლ.). ქუენიურში მას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სინდარულში.

მორიის ბალროგს ეწოდა „დურინის წყევლა“, რადგან მან მოკლა ჯუჯების მეფე დურინ VI. ლეგოლასმა კი მას „ელფთა წყევლა“ უწოდა, რადგან პირველ ეპოქაში მათი საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნა განადგურებული ბალროგთა მიერ.

განდალფი ბალროგს უწოდებდა „უდუნის ცეცხლს“. უდუნი მიახლოებით „ჯოჯოხეთს“ ნიშნავს. ეს იყო მორგოთის მიერ აშენებული უტუმნოს კიდევ ერთი წოდება (არ უნდა აგვერიოს მორდორში არსებულ ადგილთან, უდუნთან, რომელსაც ბალროგებთან კავშირი არ აქვს).

არაგორნი ბალროგებს უწოდებდა უბრალოდ „საშინელებას“.

ინდივიდუალური ბალროგები

გოთმოგი

ტომ ლობაკის ილუსტრაცია[1]

გოთმოგი არის ერთ-ერთი პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის მიერ გამოგონილი სამყაროდან. იგი არის მორგოთის ერთ-ერთი მსახური. პირველად გამოჩნდა ბელერიანდის ეპოქაში, მეორე ომში.

გოთმოგი წარმოდგენილია, როგორც ანგბანდის მმართველი. “ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიაში მონაწილეობს სხვა პერსონაჟი ამავე სახელით.

ეს ბალროგი განადგურებული იქნა ეკთელიონთან ბრძოლისას, როდესაც მორგოთმა გონდოლინის დამალული სამეფოს აღება გადაწყვიტა.

ლუნგორთინი

ლუნგორთინი ფიგურირებს ჰურინის შვილების ბალადაში, როგორც „ლუნგორთინი, მბრძანებელი ბალროგთა“. შესაძლოა, ეს იყოს გოთმოგის სხვა სახელი, თუმცა კრისტოფერ ტოლკინი ფიქრობდა, რომ იგი იყო უბრალოდ „ბალროგების მბრძანებელი“.[2]

დურინის წყევლა

მორიის ბალროგი, მხატვარი მარკუს რენკე

ეს ბალროგი ჩნდება ბეჭდების მბრძანებელში, როდესაც მას ბეჭდის საძმო მორიის მაღაროებში ხვდება. იგი გადაურჩა რისხვის ომს და ნისლიან მთებში გაიქცა.[3] ხუთზე მეტი ათასწლეულის განმავლოვაში იგი იმალებოდა მორიაში, თუმცა მესამე ეპოქაში დაბრუნდა, მითრილის მაძიებელი ჯუჯების შეცდომის გამო. მეფე დურინ VI-მ იგი III ეპოქის 1980 წელს გამოაღვიძა. ბალროგმა ჯუჯების მეფე მოკლა, რის გამოც დურინის წყევლა უწოდეს.[3][4]

როგორც ყველა სხვა ბალროგი, ესეც მაია იყო. იგი ემსახურებოდა მორგოთს თითქმის არდის შექმნის დროიდან. სავარაუდოდ, იგი პირველი ეპოქის ომებშიც მონაწილეობდა. მაგრამ როდესაც ვალარებმა მორგოთის წინააღმდეგ გაილაშქრეს, დურინის წყევლა გაიქცა და ანგბანდიდან აღმოსავლეთით, კჰაზად-დუმთან დაიმალა.

გავიდა მრავალი წელი და ბალროგი მხოლოდ 1980 წელს ჯუჯებისგან იქნა გამოღვიძებული. მან მოკლა ჯუჯა დურინი და გაანადგურა ყველა დანარჩენიც.

მრავალი წელი იგი სდუმდა, მაგრამ 3019 წლის იანვარში ბეჭდის საძმოს მოსვლამ იგი გამოაღვიძა. ბალროგს ჰქონდა დიდი შერკინება განდალფთან, კჰაზად-დუმის ხიდზე. მან ჩაითრია განდალფი ქვესკნელში, მაგრამ ჯადოსანი დაბრუნდა შუახმელეთში და უამბო თავის მეგობრებს, თუ როგორ გაანადგურა საბოლოოდ დურინის წყევლა.

ფილმში „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“ დურინის წყევლას უჩანს ფრთები, თუმცა ბევრი წყარო ამტკიცებს, რომ ბალროგებს კონკრეტული ფრთები არ ჰქონდათ. რალფ ბაკშის ანიმაციურ ფილმში ბალროგი ჰგავს ფრთიან ლომს, აქვს გიგანტური ფეხები, რითაც შესამჩნევად შორს არის ტოლკინის ჩანაფიქრისგან.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lost Tales, Part II, "The Fall of Gondolin": "… seven dragons of fire are come with Orcs about them and Balrogs upon them …"
  2. The Lays of Beleriand, p. 102.
  3. 3.0 3.1 The Return of the King, Appendix A (III).
  4. The Return of the King, Appendix B.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!