ელრონდ ნახევარ-ელფი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. იგი ელფია და თამაშობს მნიშვნელოვან როლს რომანებში „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“.
რეჟისორ პიტერ ჯექსონის ფილმების სერიებში ბეჭდების მბრძანებელი და ჰობიტი ელრონდის როლს ასრულებს მსახიობი ჰუგო უივინგი.
წარმოშობა
ელრონდი და მისი ძმა ელროსი დაიბადნენ პირველი ეპოქის დასასრულამდე, 58 წლით ადრე. პირველი ეპოქის ზუსტი ქრონოლოგია უცნობია, მაგრამ წლების ამბის მიხედვით, მათი დაბადების თარიღია 532 წელი, ხოლო პირველი ეპოქა დასრულდა 590 წელს. არსებობს სხვა, განსხვავებული ქრონოლოგიებიც.
ელრონდისა და ელროსის მამა იყო ცნობილი მეზღვაური ეარენდილი, ხოლო დედა - ელვინგი. ეარენდილი თავად ნახევარელფი იყო - ტუორის (ადამიანი) და იდრილის (ელფი) შვილი. ელვინგის დედა ნიმლოთი იყო ელფი, ხოლო მამა, დიორი - ბერენისა და ლუთიენის შვილი. ასე რომ, ელრონდიც და ელროსიც ნახევარელფებად ითვლებოდნენ, ანუ პერედილებად.
ძმები შუახმელეთში დაიბადნენ. მათი ოჯახი ცხოვრობდა სირიონის შესართავთან, ბელერიანდის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირთან. ეარენდილის ზღვაში მოგზაურობისას ფეანორის შვილები სირიონის ნავსადგურს დაესხნენ, ელვინგის სილმარილის ძიებაში. ელრონდი და ელროსი დაიჭირეს. ფეანორის ვაჟმა მაგლორმა შეიცოდა ისინი და გაათვისუფლა. ამბობდნენ, რომ იგი ზრუნავდა ორ ბიჭუნაზე, თუმცა, მეორე ვერსიით, ფეანორის შვილებმა ისინი გამოქვაბულში, ჩანჩქერის მიღმა დატოვეს, სადაც ისინი მოგვიანებით აღმოაჩინეს, სრულიად უვნებელნი.
ელვინგი გაიქცა სილმარილთან ერთად და ეარენდილის გემი მოძებნა. ისინი დასტიროდნენ ბავშვთა დაკარგვას და შუახმელეთში არ დაბრუნებულან. უკვდავ მიწებში მოგზაურობისას ეარენდილმა სთხოვა ვალარებს მორგოთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება. პირველი ეპოქა დასრულდა მათ მიერ ბოროტი ძალის დამარცხებით.
ვალა მანვემ დაადგინა, რომ ეარენდილსა და ელვინგს, ისევე როგორც მათ შთამომავლებს, უნდა ჰქონოდათ არჩევანი - ადამიანთა ან ელფთა ბედს შორის. ეარენდილმა და ელვინგმა გადაწყვიტეს, ელფთა ბედი ჰქონოდათ და უკვდავ მიწებში დარჩნენ. ეარენდილი დაცურავდა ცაში, შუბლზე დამაგრებული სილმარილით და დიდი იმედის ვარსკვლავი უნათებდა შუახმელეთის ხალხს.
ელრონდი და ელროსიც იგივე არჩევანის წინაშე იდგნენ. ელროსმა აირჩია ადამიანთა ბედი და ამიტომ, მოკვდავი იყო. იგი იქცა ნუმენორის პირველ მეფედ, რომლისგანაც მომდინარეობდა კუნძულისა და გონდორის/არნორის მეფეთა მთელი რიგი - მათ შორის, მეფე ელესარიც (არაგორნი). ელროსმა 500 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა მეორე ეპოქის 442 ეპოქაში.
ელრონდმა კი ელფთა ბედი აირჩია. იგი უკდავი იყო და შეეძლო უკვდავ მიწებშიც გამგზავრება, მაგრამ დარჩა შუახმელეთში და ეხმარებოდა მეფე გილ-გალადს. ისინი ლინდონში ცხოვრობდნენ, ლურჯი მთების დასავლეთით მდებარე მიწაზე, რომელიც ადრე ბელერიანდის ნაწილი იყო, სანამ ეს უკანასკნელი რისხვის ომისას ჩაიძირებოდა.
როლი ომებში და ბრძოლებში
მორგოთის მსახური საურონი გადაურჩა რისხვის ომს და დაახლოებით მეორე ეპოქის 1200 წელს ელფებთან ზავი დადო. გილ-გალადმა და ელრონდმა იგი არ იცნეს, მაგრამ არ ენდობოდნენ და უბრალოდ უარი უთხრეს ლინდონში შემოშვებაზე.
მიუხედავად ამისა, საურონი მიიღეს ერეგიონის მჭედელმა ელფებმა და მისი მითითებით, დაახლოებით 1500 წელს ძალაუფლების ბეჭდები შექმნეს. დაახლოებით 1600 წელს საურონმა გამოჭედა მთავარი ბეჭედი, რომელიც დანარჩენებს დაიმონებდა. მაშინ მჭედელი კელებრიმბორი მიხვდა, თუ რაოდენ დიდ ტყუილში იქნა გახვეული. ელფთა სამი ბეჭედი მან დამალა. აქედან ერთ-ერთი, ვილია (ჰაერის ბეჭედი) მან გილ-გალადს გადასცა.
საურონმა ელფებს ომი გამოუცხადა და ერეგიონს 1695 წელს დაესხა. ელრონდმა მის წინააღმდეგ საკუთარი ძალები გამოიყვანა, მაგრამ დააგვიანა, ხოლო საურონის ჯარი მის ჯარს ბევრად აღემატებოდა. ერეგიონი განადგურდა, ხოლო კელებრიმბორი მოკლეს. გადარჩენილებთან ერთად ელრონდი ჩრდილოეთით გადავიდა, სადაც 1697 წელს შუაველში (შუაველი) თავშესაფარი შექმნა. საურონის ძალები არბევდნენ ერიადორის ხალხს, მაგრამ მტერი ვერ ეხებოდა შუაველს ან ლინდონს. 1700 წელს ნუმენორიდან მოსული ფლოტის დახმარებით საურონის ძალები ერიადორიდან გააძევეს.
1701 წელს გაიმართა ელფთა კრება, სადაც გადაწყდა, რომ შუაველი აღმოსავლეთ ერიადორში მათი მთავარი საყრდენი იქნებოდა. ელრონდი დაინიშნა ერიადორში გილ-გალადის ნდობილ პირად. ვარაუდობენ, რომ გილ-გალადმა მას დროებით, ან მოგვიანებით, როდესაც შედგა ელფთა და ადამიანთა უკანასკნელი ალიანსი, ვილია გადასცა.
ელფთა და ადამიანთა უკანასკნელი გაერთიანება მეორე ეპოქის 3430 წელს შედგა. 3431 წელს გილ-გალადისა და ელრონდის ერთობლივი ძალები შეიკრიბნენ შუაველში და მორდორისაკენ აიღეს გეზი. ელრონდი ამ ომში საერთოდ, გილ-გალადის მაცნე იყო, ხოლო საბრძოლო ველზე - სარდალი.
ელრონდი იბრძოდა დაგორლადის ბრძოლაში, 3434 წელს და ბარად-დურის აღებისას. 3441 წელს გილ-გალადმა და ელენდილმა დაამარცხეს საურონი (თუმცა, თავად დაიღუპნენ). ელენდილის ვაჟმა ისილდურმა აიღო საურონის ბეჭედი. ელრონდი და მეზღვაური კირდენი მას სთხოვდნენ, გაენადგურებინა იგი ბედისწერის მთის გულში, მაგრამ ისილდურმა უარი თქვა და ბეჭედი დაიტოვა.
ზამბახის ველებზე ბრძოლისას ისილდური მოკლული იქნა ორკთა მიერ, მაგრამ მისი უმცროსი ვაჟი ვალანდილი შუაველში დარჩა. მესამე ეპოქაში ელრონდი კვლავ ეხმარებოდა ისილდურის მემკვიდრეებს, რომელიც მისი ნათესავები იყვნენ, ელროსის შტოთი. ელროსმა იცოდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ისილდურის მემკვიდრე ითამაშებდა დიდ როლს შუახმელეთის ცხოვრებაში.
ელრონდი თავად დიდი სიბრძნით იყო აღსავსე. შუაველი მისი ინიციატივით ელფთა და შუახმელეთის ისტორიისა და ცოდნის კერად ჩამოყალიბდა. ელრონდი თავად იყო რამდენიმე წიგნის ავტორიც. საბოლოო ჯამში, შუაველი მისი მმართველობით იქცა როგორც ცოდნის კერად, ასევე თავშესაფრად.
მესამე ეპოქის 109 წელს ელრონდმა იქორწინა კელებრიანთან, გალადრიელისა და კელებორნის ასულთან. მათ ეყოლათ ტყუპი ძმები, ელადანი და ელროჰირი (130 წ.), ხოლო ასული, არუენი 241 წელს დაიბადა. რა თქმა უნდა, ისინიც, ვალართა მიერ დამტკიცებული კანონით, ერთ დღეს დადგნენ საკუთარი ბედის არჩევის წინაშე.
დაახლოებით 1300 წელს ერიადორში გამოჩნდა ნაზგულთა მბრძანებელი, რომელმაც ანგმარის სამეფო შექმნა. თავდაპირველად შუაველი იმყოფებოდა მათი მხრიდან საშიშროების ქვეშ. 1409 წელს ანგმარის ძალებმა დუნადანთა სამ სამეფოს დაარტყეს. ელრონდმა შუაველიდან და ლოთლორიენიდან, კირდენთან ერთად, ძალები დაუპირისპირა. ნაზგულთა მბრძანებელი გაძევებული იქნა ერიადორიდან 1975 წელს, ფორნოსტის ბრძოლის შემდეგ.
დუნედაინები მომთაბარე ხალხად იქცნენ. ელრონდი შუაველში მათი შვილების აღზრდაზე ზრუნავდა, ხოლო ისილდურის მემკიდრეთა კუთვნილ ნივთებს საიმედოდ იცავდა. ესენი იყო: ანუმინასის სამეფო კვერთხი, ელენდილმირი (არნორის სამეფოს ნიშანი), ბარაჰირის ბეჭედი (ელფთა და ადამიანთა მეგობრობის სიმბოლო) და ისილდურის დამსხვრეულ ხმალ ნარსილის ნაწილები.
2463 წელს ჩამოყალიბდა თეთრი საბჭო. მისი მიზანი ძირითადად იყო დოლ გულდურში მზარდი საშიშროების თავიდან აცილება. ელრონდიც მისი წევრი იყო, ჯადოსნებთან და ელფებთან ერთად.
2509 წელს ელრონდის ცოლი კელებრიანი ორკებმა დაიჭირეს და აწამეს, როდესაც იგი ლოთლორიენისაკენ მიემგზავრებოდა. იგი ელადანმა და ელროჰირმა გადაარჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ელრონდმა კელებრიანი განკურნა, იგი მაინც შიშითა და მძიმე მოგონებებით იყო შეწუხებული. 2510 წელს მან შუახმელეთი დატოვა და უკვდავ მიწებს მიაშურა.
2851 წელს თეთრი საბჭო კვლავ შეიკრიბა. ელრონდი მეტად დიდ სიფრთხილეს იჩენდა, იგი გრძნობდა, რომ დოლ გულდური დიდი წყვდიადის კერა იყო.
2933 წელს ელრონდმა შეიფარა არაგორნი, მას შემდეგ რაც მისი მამა ორკებმა მოკლეს. არაგორნი დუნადანთა მე-16 ბელადად ითვლებოდა, მაგრამ ელრონდი ამის შესახებ თავდაპირველად არ უამბობდა და უწოდებდა ესტელს (იმედს). იგი ისევე შეიყვარა, როგორც საკუთარი შვილები.
2941 წელს ჯადოსანი განდალფი, ცამეტი ჯუჯა და ბილბო ბეგინსი შუაველს სტუმრობდნენ. ელრონდმა ამოიცნო ხმლები, რომლებიც განდალფსა და თორინს ეკუთვნოდა (გლამდრინგი და ორკრისტი) და თრორის რუკასთან დაკავშირებული საიდუმლოც ახსნა - მთვარის რუნების შესახებ, რითაც შესაძლებელი იყო მარტოსული მთის კარის პოვნა.
მოგვიანებით, იმავე წელს, თეთრი საბჭო შეიკრიბა და საბოლოოდ გადაწყვიტა, დოლ გულდურზე იერიში მიეტანა. საურონი გაძევებული იქნა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად და ფარულად, დაბრუნდა მორდორში და დაიწყო ძალების კვლავ შემოერთება. საბჭოსათვის ცნობილი იყო, რომ საურონი ეძებდა მთავარ ბეჭედს, მაგრამ სარუმანი ამ დროისათვის უკვე შერყვნილი იყო და მოიტყუა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ბეჭედი ზღვაში დაიკარგა. სინამდვილეში, მას თავად ეძებდა.
20 წლის ასაკში არაგორნმა ელრონდისგან შეიტყო, რომ იგი ისილდურის მემკვიდრე იყო. ელრონდს უხაროდა, რომ არაგორნი ღონიერ და კეთილშობილ პიროვნებად აღიზარდა. მის საკუთრებაში გადავიდა ბარაჰირის ბეჭედი და ნარსილის ნამტვრევები, მაგრამ ანუმინასის კვერთხი, რომელიც ჩრდილოეთ სამეფოს სიმბოლო იყო, ჯერ ელრონდის კუთვნილებაში რჩებოდა, ვინაიდან არაგორნი ჯერ არ იყო მზად მეფობისათვის.
ელრონდის ასული არუენი ხშირად სტუმრობდა მამის სახლს და როდესაც არაგორნი გამოუტყდა სიყვარულში, ელრონდმა ამის შესახებ შეიტყო. ამით შუაველის მბრძანებელი შეწუხებული ჩანდა, ვინაიდან იცოდა, რომ არაგორნთან ერთად დარჩენის შემთხვევაში არუენს უნდა აერჩია მოკვდავთა ან უკვდავთა ბედი - ეს კი ნიშნავდა, რომ პირველი არჩევანის შემთხვევაში, ელრონდი სამუდამოდ დაშორდებოდა შვილს.
არაგორნი და არუენი დაინიშნენ 2980 წელს. როდესაც ელრონდმა ამის შესახებ შეიტყო, ძლიერ განიცდიდა და საბოლოოდ გააფრთხილა არაგორნი არუენის ბედისწერის შესახებ. ეს მოვლენები უფრო დეტალურად არის მოთხრობილი ბეჭდების მბრძანებლის დანართში, არაგორნისა და არუენის ამბავში.
ბილბო შუაველში 3002 წელს დასახლდა. 3009 წელს არუენი დაბრუნდა ლოთლორიენიდან. ამ პერიოდში ნისლიან მთებში საურონის მხრიდან საშიშროებამ იმატა.
3018 წლის 8 ოქტომბერს შუაველში, გილდორ ინგლორიონისაგან ცნობილი გახდა, რომ ფროდო ბეგინსი იქ მიემართებოდა, მაგრამ ფეხდაფეხ ნაზგულებიც მიჰყვებოდნენ. მეორე დღეს მის დასახმარებლად ელფი გლორფინდელი გამოაგზავნეს. 20 ოქტომბერს დაჭრილი ფროდო გადავიდა ბრუინენის მდინარეზე და ელრონდის ძალისხმევით, ადიდებულმა მდინარემ ნაზგულები წალეკა. მათი ცხენები განადგურდნენ, ხოლო სამოსი დაიკარგა და მტერი მორდორს უფორმო მდგომარეობაში დაუბრუნდა.
ელრონდი თავად მკურნალობდა ფროდოს. 23 ოქტომბერს მან მის მხარში გარჭობილი მორგულის ხმლის წვეტის ნატეხი იპოვა, რომელიც ჰობიტის გულისაკენ მიემართებოდა. ელრონდმა ამოიღო იგი. მეორე დღეს ფროდომ გამოიღვიძა. საღამოს შუაველის მმართველმა იგი ბილბოს შეახვედრა.
25 ოქტომბერს შედგა ელრონდის საბჭო. ბორომირმა შესთავაზა საბჭოს, გამოეყენებინათ ბეჭედი მტრის წინააღმდეგ, მაგრამ ელრონდმა მკვეთრად განაცხადა, რომ იგი ნებისმიერ მფლობელს გარყვნიდა და დაიმონებდა. ჩანდა, რომ მას უხაროდა, რომ ფროდომ გადაწყვიტა ბეჭდის ზიდვა. მისი თქმით, დადგა შაირელი ხალხის მოქმედების ჟამიც.
ელრონდის ზედამხედველობით შედგა ბეჭდის საძმო, რომელშიც ცხრა წევრი შედიოდა - ფროდო ბეგინსი, სემ გემჯი, მერიადოკ ბრენდიბაკი, პერეგრინ ტუკი, განდალფ რუხი, არაგორნი, ელფი ლეგოლასი, ჯუჯა გიმლი და ბორომირი, დენეთორის ძე. საძმომ შუაველი 3018 წლის 25 დეკემბერს დატოვა.
3019 წლის თებერვალში ელრონდის შვილები ელადანი და ელროჰირი შეუერთდნენ არაგორნს. მათი მეშვეობით არაგორნს გადაეცა შეხსენება მკვდართა ბილიკის წინასწარმეტყველების შესახებ. მაშინ არაგორნმა გაიარა ეს ბილიკი, მოძებნა მკვდრები (ფიცის გამტეხნი) და მას შემდეგ, რაც მათ გზად მინას ტირითისაკენ პირნათლივ აღასრულეს საკუთარი მოვალეობა, გაათავისუფლა ისინი სამუდამო წყევლისგან.
1 მაისს შედგა არაგორნის მეფედ კორონაცია. ელრონდმა, დაპირებისამებრ, შეამზადა არუენი, რათა იგი არაგორნთან დაქორწინებულიყო. კორონაციის დღეს მათ დატოვეს შუაველი და შუაწლის დღის წინა დღეს მინას ტირითს მიადგნენ. ელრონდმა საბოლოოდ გადასცა მეფე ელესარს ანუმინასის კვერთხი და თავისი ასულის ხელი. შუაწლის დღეს არაგორნმა და არუენმა იქორწინეს.
მეფე თეოდენის დასაფლავების შემდეგ ელრონდი და არუენი, ედორასის გორაზე ასულები, ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ელრონდმა მოგვიანებით დატოვა შუახმელეთი, ხოლო არუენმა აირჩია ადამიანთა ბედი და შუახმელეთში ცხოვრების ბოლომდე დარჩა. უცნობია მისი ძმების ბედი, მაგრამ ცნობილია, რომ მეოთხე ეპოქაში ისინი ჯერ კიდევ შუახმელეთში ცხოვრობდნენ.
ელრონდი შუაველში განდალფთან და ჰობიტებთან ერთად დაბრუნდა. ფროდო შინისაკენ გაემგზავრა და ელრონდმა იგი დალოცა. მან იცოდა, რომ ფროდოს ჭრილობა მაინც იჩენდა თავს და ჰობიტი შუახმელეთში სიმშვიდეს ვერ ჰპოვებდა. ელფის მითითებით, ფროდო გამოემართა მის საძიებლად შემოდგომაზე.
3021 წლის 22 სექტემბერს ელრონდი შეხვდა ფროდოს მაზრაში, ტყიან ბოლოში. რუხი ნავსადგურის მიმართულებით შედგა ბეჭედთა მცველთა უკანასკნელი მსვლელობა. ელრონდმა შუახმელეთში სულ 6520 წელი იცხოვრა და დადგა მისი წასვლის ჟამიც, ვინაიდან მისი მისია დასრულდა. 29 სექტემბერს მან უკვდავ მიწებს მიაშურა, სადაც კელებრიანს შეუერთდა.
სახელი
სახელი Elrond შესაძლოა, ნიშნავდეს ვარსკვლავურ კამარას ან ვარსკვლავურ გუმბათს. სიტყვა el ნიშნავს ვარსკვლავს, rond - კამარას, გუმბათს. სახელის კიდევ ერთი ინტერპრეტაციაა გამოქვაბულის ელფი - ვინაიდან, ერთ-ერთი ვერსიით, იგი ფეანორის შვილებმა გამოქვაბულში დატოვეს, თავის ძმასთან ერთად. ამასთან, rond ნიშნავდა გამოქვაბულს - რაც ახსნილია ტოლკინის #211 წერილში.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| | | ძირითადი | |
---|
| ანალიზი |
|
---|
| ხალხები |
|
---|
| სამყარო |
|
---|
| დაკავშირებული ნამუშევრები | |
---|
|
|
---|
| წიგნები | |
---|
| | |
---|
| თეატრი | |
---|
| | |
---|
| რადიო | |
---|
| |
ანიმაციური | |
---|
| |
|
---|
| სხვა | |
---|
| ფანების ფილმები | |
---|
|
---|
| |
|
---|
| სამაგიდო როლური თამაშები | |
---|
| სხვა სამაგიდო თამაშები | |
---|
| საბარათე თამაშები | |
---|
| სხვა თამაშები | |
---|
|
|