პოზიტიური თავისუფლება

პოზიტიური თავისუფლება — იმ შესაძლებლობის ფლობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიმოქმედოთ საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე, მაშინ როდესაც, ამ უკანასკნელის საპირისპიროდ, ნეგატიური თავისუფლება გვევლინება, როგორც საკუთარი ნების თავისუფლება გარე წინააღმდეგობების მიმართ.[1] პოზიტიური თავისუფლების კონცეფცია შესაძლოა ასევე მოიცავდეს თავისუფლებას გარე იძულებისგან.[2]

ჩვენს ყოველდღიურობაზე გავლენის მქონე სოციალური ზეწოლისა და ჩვენი ინდივიდუალური არჩევანის გააზრება წარმოადგენს პოზიტიური თავისუფლების მთავარ, ცენტრალურ იდეასა და ცნებას, ვინაიდან იმისათვის, რომ იყოს თავისუფალი, პიროვნება თავისუფალი უნდა იყოს იმ სოციალური დოგმებისა და წნეხისაგან, რომელნიც გავლენას ახდენენ პიროვნების თავისუფალ ნებაზე. სტრუქტურულად კლასიზმი, სექსიზმი, ეიჯიზმი, ეიბლიზმი და რასიზმი წარმოადგენენ დისკრიმინაციის იმ ნიშნებს, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ დააბრკოლონ და ჩაახშონ პიროვნების თავისუფალი ნება. გამომდინარე იქიდან, რომ პოზიტიური თავისუფლება ძირითადად დაკავშირებულია სოციოლოგიური უფლების (იგულისხმება პირთა მოქმედება მათი დამოუკიდებელი და თავისუფალი ნების შესაბამისად) ფლობასთან, ის ზრდის მოქალაქეთა შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მართვის პროცესში და მათ ერთის მხრივ გააჩნდეთ, ხოლო მეორეს მხრივ, აფიქსირებდნენ საკუთარ ხმასა და ინტერესებს, იმოქმედონ და მოიპოვონ ფართო მასების აღიარება.

ესაია ბერლინის ნარკვევი „თავისუფლების ორი გაგება“ (გამოქვეყნდა - 1958 წელს) საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ნაშრომი, სადაც პირველად მოხდა პოზიტიური და ნეგატიური თავისუფლების ცალსახა და მკაფიო გამიჯვნა.[3][4]

ზოგადი მიმოხილვა

სიტყვა „თავისუფლება“ შესაძლოა განიმარტოს უამრავი მნიშვნელობით, მაგრამ ესაია ბერლინმა გამოყო და აღიარა მხოლოდ თავისუფლების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება. ბერლინმა ნეგატიური თავისუფლების გასააზრებლად ჩამოაყალიბა შემდეგი მოსაზრება: „მე ვარ მონა, თუმცა არა ადამიანის“, რაც ნიშნავს თავისუფლებას, სხვა პირთა პირდაპირი ჩარევისაგან ჩვენს პირად სივრცეში. ამ უკანასკნელის საპირისპიროდ, ესაიამ პოზიტური თავისუფლება განმარტა შემდეგი სიტყვებით: „მხოლოდ მე ვარ ჩემი საკუთარი თავის ბატონ-პატრონი“, რაც პრაქტიკულად გულისხმობს თავისუფლების იმ ეტაპს,როდესაც პირი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ საკუთარი თავითა და მოსაზრებებით არის შეპყრობილი.

ჩარლზ ტეილორი ნეგატიურ თავისუფლებას აფასებს,როგორც „შესაძლებლობის კონცეფცია“: ნეგატიურ თავისუფლებას პიროვნება ფლობს მაშინ, როდესაც ის შებოჭილი და დაჩაგრული არ არის საზოგადოების ზეგავლენისა და პირად სივრეში ჩარევისაგან, და თუ პირს ასევე აქვს ისეთივე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა იმ რესურსზე, როგორც საზოგადოების დანარჩენ წევრს. რაც შეეხება პოზიტიურ თავისუფლებას, ტეილორის აზრით, ეს არის „განხორციელებისა და სწრაფვის იდეა“: მისი ფლობისას პიროვნება არ შეიძლება იყოს შინაგანად შებოჭილი, ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ისწრაფოდეს საკუთარი პიროვნების საუკეთესო ვერსიისაკენ, საუკეთესო „მე“-სკენ, როგორც უმთავრესი მიზნისაკენ. საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, თუ მსახიობი არის წარმატებული და მდიდარი, ის მაღალი ალბათობით არის ასევე ნარკომანიით დაავადებულიც. ტეილორის აზრით, მსგავსი მსახიობი შესაძლოა ფლობდეს ნეგატიური თავისუფლების საკმაოდ მაღალ დონეს, თუმცა ამის საპირისპიროდ, პოზიტიური თავისუფლების ძალიან მცირე დონეს.

ისტორია

ჟან-ჟაკ რუსოს თავისუფლების თეორიის მიხედვით ინდივიდუალური თავისუფლება მიიღწევა იმ პროცესში მონაწილეობით, რომელშიც საზოგადოება ახორციელებს კოლექტიურ კონტროლს საკუთარ საქმეებზე „ზოგადი ნების“ შესაბამისად.[5] საზოგადოების ნაწილი ამ უკანასკნელს განმარტავს, როგორც „სოციალურ ხელშეკრულებას“, ვინაიდან რუსო მიიჩნევს, რომ თავისუფლება ცალკეული მოქალაქეების ძალაა, რათა იმოქმედონ მმართველობის პროცესში ცვლილებების შესატანად; ეს არსებითად წარმოადგენს თვითმმართველობისა და დემოკრატიის ძალას.

რუსომ ერთხელ თავისუფლება შემდეგნაირად განმარტა: „მადის უბრალო იმპულსი არის მონობა, ხოლო კანონის მორჩილება, რომელსაც ჩვენ თავად ვწერთ, თავისუფლებაა.“[6] რუსოსთვის ბუნების მორჩილების მდგომარეობიდან სამოქალაქო სახელმწიფოში გადასვლა იწვევს შედეგს, როდესაც ინსტინქტს ანაცვლებს სამართლიანობა, საზოგადოების ქმედებებს აძლევს ზნეობას, რომელიც მათ ადრე აკლდათ.[7]

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელმა თავის „უფლებათა ფილოსოფიის ელემენტებში“ (იმ ნაწილში, სადაც მან შემოიღო აბსტრაქტული უფლების კონცეფცია) აღნიშნა, რომ „მოვალეობა არ არის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ეს არის თავისუფლება აბსტრაქტულად“ და მან ასევე დასძინა, რომ „ჩვენი არსის მთავარი მონაპოვარი არის მოვალეობა, პოზიტიური თავისუფლების მოპოვებით.“[8]

მაგალითები

პოზიტიური თავისუფლების აღწერა სტენფორდის ფილოსოფიის ენციკლოპედიიდან:

„მარტივად რომ ავხსნათ, შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული საზოგადოება არის თავისუფალი საზოგადოება, რადგანაც იგი თვითგამორკვევის საზოგადოებაა და რომ ამ უკანასკნელის წევრი თავისუფალია იმ ზომით, რამდენადაც იგი მონაწილეობს მის დემოკრატიულ პროცესებში. ასევე არსებობს პოზიტიური თავისუფლების კონცეფციის ინდივიდუალისტური გამოყენების თეორია. აღნიშნული აიხსნება შემდეგი მაგალითით: მთავრობა მიზნად უნდა ისახავდეს ინდივიდუალური პირობების შექმნას პირთა თვითდასაქმების ან/და თვითრეალიზაციის მისაღწევად.“[5]

„სოციალური კონტრაქტის აღდგენაში“ რონ რეპლოლმა გამოიყენა მეტაფორა, რომელიც სასარგებლოა პოზიტიური თავისუფლების გასააზრებლად. „რა თქმა უნდა, არანაირ შეურაცჰყოფად არ ჩაითვლება ჩემი, როგორც პიროვნების ღირსებისა, თუკი ჩემი მანქანის გასაღებს წაიღებ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, როდესაც ზედმეტად ნასვამი ვიქნები. არაფერია პარადოქსული, რომ წინასწარ შევთანხმდეთ იმაზე, რომ უზრუნველყოთ პატერნალისტური ზედამხედველობა ისეთ დროს, როდესაც ჩვენი კომპეტენცია საეჭვოა.“[9]

მიუხედავად ამისა, ესაია ბერლინი ეწინააღმდეგებოდა ყველა მოსაზრებას, რომ პატერნალიზმი და პოზიტიური თავისუფლება შეიძლება ექვივალენტური იყოს.[10] ბერლინი აღნიშნავს, რომ პოზიტიური თავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა გამოწვეულია თვითონ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებიდან და არა საზოგადოების ზოგადი პრინციპიდან ან სხვა პირის ნებიდან. იმ შემთხვევაში, თუ პირი მძღოლს საკუთარი მანქანის გასაღებს ჩამოართმევს მისი ნების საწინააღმდეგოდ, რადგან მან ზედმეტად ბევრი ალკოჰოლური სასმელი დალია, აღნიშნული პოზიტიურ თავისუფლებას წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს ალკოჰოლის მიღებამდე გაცხადებული ჰქონდა თავისი თავისუფალი ნება, რომ არ სურდა ავტომობოლის მართვა ნასვამ მდგომარეობაში. ამრიგად, გასაღებების ჩამორთმევით, მეორე ადამიანი ხელს უწყობს ამ გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს მის დაცვას მძღოლის მიერ უჩვეულო ქცევის (ანუ სიმთვრალის) პირობებში. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მძღოლს ცალსახად არ გამოუხატავს ასეთი ნება და ეს პიროვნება გასაღებს ჩამოართმევს მძღოლს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თავად ფიქრობს, რომ მანქანის მართვა ნასვამ მდგომარეობაში არ შეიძლება, ბერლინის განმარტებით, პატერნალიზმია და არა პოზიტიური თავისუფლება.[10]

ერიხ ფრომი ხედავს განსხვავებას თავისუფლების ორ სახეს შორის, რომლებიც მომდინარეობს კაცობრიობის ევოლუციის პარალელურად, ინსტინქტური საქმიანობისგან, რომელიც ახასიათებს ქვედა ცხოველურ ფორმებს. ფრომის აზრით, თავისუფლების ეს ასპექტი „გამოიყენება არა მისი თავისუფლების პოზიტიური გაგებით, არამედ მისგან თავისუფლების უარყოფითი მნიშვნელობით, კერძოდ, მისი მოქმედებების ინსტინქტური განსაზღვრისგან.“ [11] ფრომის აზრით, თავისუფლება, რომელიც გამომდინარეობს ცხოველური ინსტიქტიდან, აშკარად გულისხმობს, რომ გადარჩენა დამოკიდებულია საკუთარი მიზნის დასახვის უნარსა და ამ უკანასკნელის აუცილებლობაზე. იგი ამ განსხვავებას უკავშირებს ბიბლიური ისტორიის ადამიანის ედემიდან გაძევების შესახებ:

ღვთის ბრძანებების საწინააღმდეგოდ მოქმედება ნიშნავს იძულებისგან განთავისუფლებას, კაცობრიობის დონეზე არაგონიერი მდგომარეობის არსებობიდან გამოსვლას. მოქმედება ხელისუფლების ბრძანების საწინააღმდეგოდ, ცოდვის ჩადენა, მისი პოზიტიური ადამიანური ასპექტით არის თავისუფლების პირველი გამოხატულება. [...] ის თავისუფალია სამოთხის მონობისგან, მაგრამ მას არ შეუძლია თავისუფლად მართოს საკუთარი თავი, გამოხატოს თავისი ინდივიდუალურობა. [12]

ფრომი მიიჩნევს, რომ პოზიტიური თავისუფლება ინდივიდუალურობის რეალიზების გზით მიიღწევა, მთელისგან განცალკევებით: „სოლიდარობა ყველას მიმართ“, გაერთიანებული არა ინსტინქტური ან წინასწარ განსაზღვრული კავშირებით, არამედ გონივრულ საწყისზე დამყარებული თავისუფლების საფუძველზე. [13]

სქოლიო

  1. Berlin, Isaiah. Four Essays on Liberty. 1969.
  2. Steven J. Heyman, "Positive and negative liberty." Chicago-Kent Law Review. 68 (1992): 81-90. online
  3. Eric Nelson, "Liberty: One or Two Concepts Liberty: One Concept Too Many?." Political theory 33.1 (2005): 58-78.
  4. Bruce Baum and Robert Nichols, (eds.), Isaiah Berlin and the Politics of Freedom: ‘Two Concepts of Liberty’ 50 Years Later, (Routledge, 2013).
  5. 5.0 5.1 თარგი:Cite SEP
  6. Rousseau as quoted by Replogle, Ron. Recovering the Social Contract. Rowman & Littlefield Publishers, Inc. (1989), p. 105.
  7. Michael Rosen, Jonathan Wolff, Catriona McKinnon (eds.), Political Thought, Oxford University Press, 1999, p. 63.
  8. George Klosko, History of Political Theory: An Introduction: Volume II: Modern (2nd ed.), Oxford University Press, 2013, p. 465: "we should note that Hegel's realization of the distance between his own and the traditional liberal conception of freedom, which he calls "abstract freedom," is clear in his embrace of positive freedom [in PR §149A]".
  9. Replogle, Ron. Recovering the Social Contract. Rowman & Littlefield Publishers, Inc. (1989). p. 164.
  10. 10.0 10.1 Open Learning – OpenLearn. Openlearn.open.ac.uk. ციტირების თარიღი: 2014-04-28.
  11. Erich Fromm, The Fear of Freedom (London: Routledge & Kegan Paul Ltd., 1966), p. 26.
  12. Erich Fromm, The Fear of Freedom, pp. 27–28.
  13. Erich Fromm, The Fear of Freedom, p. 29.

დამატებითი ლიტერატურა

  • Machan, Tibor (2008). „Positive Liberty“. In Hamowy, Ronald (ed.). The Encyclopedia of Libertarianism. Thousand Oaks, CA: SAGE; Cato Institute. pp. 383–85. doi:10.4135/9781412965811.n236. ISBN 978-1412965804. LCCN 2008009151. OCLC 750831024.
  • Nicholas Dent, Rousseau, Routledge, 2005.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!