პლატინას ფართო გამოყენება აქვს: მისგან ამზადებენ კატალიტურ გარდამქმნელებს, ლაბორატორიის აღჭურვილობას, ელექტრულ კონტაქტებსა და ელექტროდებს, პლატინის თერმორეზისტორებს, სტომატოლოგიური აღჭურვილობის ზოგიერთ დეტალს და საიუვილერო ნაწარმს. თავად ლითონიც, მისი კეთილშობილებიდან და იშვიათობიდან გამომდინარე, წარმოადგენს ვაჭრობის საგანს. პლატინის ზოგიერთი შენაერთი გამოიყენება ქიმიოთერაპიაში სიმსივნის ზოგიერთი სახის საწინააღმდეგოდ.[6]
წარმოშობა
სახელწოდება პლატინა მიცემულ იქნა ესპანელი კონკისტადორების მიერ, რომლებიც XVI საუკუნის შუა ნახევარში პირველად სამხრეთ ამერიკაში (დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორია) შეხვდნენ ახალ მეტალს, რომელიც ფიზიკურად ჰგავდა ვერცხლს (ესპანურად plata). რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „პატარა ვერცხლს“ (პალატინა ვერცხლზე ორჯერ იაფი ღირდა). ასეთი მიუღებელი (უცნაური) დასახელება აიხსნებოდა იმით, რომ პლატინა არის ერთადერთი ლითონი, რომელიც გადადნობას არ ექვემდებარებოდა. მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოუძებნეს გამოყენება და ამიტომაც მისი ფასი იყო ორჯერ იაფი ვერცხლზე.
მიღება
დედამიწის ქერქში პლატინა ძირითადად თვითნაბადი სახით გვხვდება და პლატინას მოიპოვებენ საბადოებიდან.
პლატინის წარმოება ფხვნილის სახით დაიწყო 1805 წელს ინგლისელი მეცნიერის უილიამ ჰაიდ უოლასტონის მიერ სამხრეთ ამერიკის საბადოებიდან. დღეს პლატინას იღებენ პლატინური მეტალების კონცენტრატიდან. კონცენტრატს ხსნიან სამეფო წყალში, რის შემდეგაც უმატებენ ეთანოლს და შაქრის სიროფს ჭარბი HNO3 მოსაშორებლად. ამ დროს აღდგება ირიდიუმი Ir3+ და პალადიუმი Pd2+. ხოლო შემდგომ ამონიუმის ქლორიდის დამატებით გამოყოფენ (NH4)2PtCl6. გამომშრალ ნალექს ავარვარებენ 800 - 1000 °C.