მარია ლუიზა დ’ორლეანი (ფრანგ. Marie-Louise d'Orléans; ესპ. María Luisa de Orleans) (დ. 26 მარტი1662 - გ. 12 თებერვალი1689) — ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ჰენრიეტა ინგლისელის პირველი შვილი. საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ისა და ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის შვილიშვილი. ესპანეთის დედოფალი 1679-1689 წლებში,როგორც კარლ II-ის მეუღლე.
ბიოგრაფია
ორლეანის პრინცესა
მარია ლუიზა იყო ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი ცოლის ჰენრიეტა ინგლისელის პირველი შვილი. იგი დაიბადა 1662 წლის 16 მარტს პარიზის სამეფო სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ძმის შვილი. მარია ლუიზა სხვა არისტოკრატების მსგავსად ვერსალის სამეფო სასახლეში ცხოვრობდა.
მომხიბვლელი, ლამაზი და მოხდენილი მარია ლუიზა ფილიპის საყვარელი შვილი იყო და უბედნიერესი ბავშვობა ჰქონდა. მარია ლუიზა დიდ დროს ატარებდა ბებიასთან, დედა დედოფალ ანა ავსტრიელთან, რომელიც 1666 წელს გარდაიცვალა. მას დედასთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონდა, რადგან იგი შვილებით დიდად დაინტერესებული არ იყო.
8 წლის მარია ლუიზას დედა 1670 წელს გარდაიცვალა. მალევე მამამისმა ცოლად შეირთო 19 წლის ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი. უნდა ითქვას, რომ მასზე დედინაცვალი უფრო უკეთ ზრუნავდა ვიდრე დედა. მისი დედინაცვალი ძალიან კეთილი და მოსიყვარულე ქალი აღმოჩნდა, რომელსაც ქმართან ერთად მისი გერებიც უყვარდა და ზრუნავდა მათზე.
ესპანეთის დედოფალი
სამეფო კარზე დადიოდა ჭორები, რომ მარია ლუიზას უყვარდა თავისი ბიძაშვილი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი. თუმცა როგორც შემდგომში აღმოჩნდა მათ ერთმანეთი არ ჰყვარებიათ. ამ სკანდალის ჩახშობის შემდეგ, დაიწყო მის გათხოვებაზე ფიქრი. მალევე გადაწყდა მისი მითხოვება ესპანეთის მეფე კარლ II-ზე (რომელიც მისი ბიცოლის, დედოფალ მარია ტერეზას ძმა იყო), რათა როგორმე დალაგებულიყო არეული ფრანკო-ესპანური ურთიერთობები. ვინაიდან მეფე ლუი XIV ესპანეთის ტერიტორიებს იპყრობდა, ფრანგებმა იფიქრეს, რომ ამგვარი დინასტიური ქორწილით ესპანეთის შემორიგებას შეძლებდნენ.
1679 წლის 30 აგვისტოს ფონტენბლოს სასახლეში მარიონეტული ქორწინება. 17 წლის მარია ლუიზა დაქორწინდა თავის ბიძაშვილ ლუი არმან I-ზე, რომელიც ესპანეთის მეფე 18 წლის კარლ II-ს განასახიერებდა. სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა ფორმალური წარმოდგენები ესპანეთის ახალი დედოფლის პატივსაცემად. ესპანეთში გამგზავრებამდე მარია ლუიზა ესტუმრა ვალ-დე-გრასის ტაძარს (სადაც დედამისის გულია დაკრძალული), რის შემდეგაც გაემგზავრა ესპანეთში. ამის შემდეგ იგი საფრანგეთში აღარასდროს დაბრუნებულა.
1679 წლის 19 ნოემბერს მარია ლუიზა და კარლ II დაქორწინდნენ კვინტანაპალაში, ბურგოსთან ახლოს, ესპანეთში. ეს იყო ესპანეთის სამეფო კარზე მარტოსული ცხოვრების დასაწყისი. მის ქმარს ის არასდროს ჰყვარებია. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მეუღლე ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ავადმყოფი იყო, მას დედოფალთან (და ზოგადად ქალთან) სარეცელის გაყოფა აუკრძალეს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ დედოფალი მარია ლუიზა ბავშვს ვერ აჩენდა.
ფრანგული დელეგაცია მარია ლუიზას დამცირებაში მეფესა და მის ოჯახს ადანაშაულებდა. არეულობა და ანარქია მთელს ესპანეთს მოედო. ვინაიდან ქორწინებაში ბავშვი არ იყო, ეს ნიშნავდა, რომ ესპანეთში ჰაბსბურგების დინასტია შეწყდებოდა, რასაც დიდი ომი მოჰყვებოდა. თუმცა უშვილობაში ყველა დედოფალს ადანაშაულებდა და არა მეფეს, მათ შორის დედა დედოფალი მარიანა ავსტრიელიც რომელიც რძალს ყოველთვის უხეშად ეპყრობოდა. საფრანგეთში არსებული ვერსალის, ფონტენბლოსა და სენ-კლოდის მოდური და მდიდრული სასახლეებისაგან განსხვავებით, ესპანეთში ასეთი სასახლეები არ იყო. თუმცა მარია ლუიზამ ბინა ალკაზარის სასახლეში დაიდო, რომელიც მის რეზიდენციად იქცა და ფრანგულ სასახლეს დაემსგავსა. დედოფლის ბრძანებით ალკაზარი გაარემონტეს ფრანგული დიზაინით, ჩამოიტანეს ფრანგული ავეჯი და აგრეთვე ფრანგული ცხენები. შესაძლოა ითქვას, რომ მარია ლუიზამ ესპანეთში თავისი პატარა საფრანგეთი შექმნა. სულ მალე ანალოგიურად მოიქცა არანხუესის სამეფო სასახლეშიც.
ათწლიანი ქორწინებიდან კარლსა და მარია ლუიზას შვილები არ ჰყავდათ, რის გამოც დედოფალზე საფრანგეთის ელჩმა განაცხადა:
„ცხადია იგი ამდენი ხნის მანძილზე ქალწული არაა და ჰქონდა მეფესთან კონტაქტი, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ დაფიქრდა და მიხვდა, რომ იგი ვერასდროს გააჩენდა მისგან შვილებს, რისიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე სჯეროდა“
სიცოცხლის ბოლო წლებში დედოფალი სასოწარკვეთაში იყო, რის გამოც იგი ძალიან გასუქდა. 1689 წლის 11 თებერვალს ცხენით სეირნობის შემდეგ მან გუსაძლისი ტკივილი იგრძნო მუცლის არეში, რამაც მთელი საღამო და ღამე გასტანა. მომდევნო დღეს კი დედოფალი მარია ლუიზა 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი გარდაიცვალების შემდეგ კარლი გერმანელ დიდგვაროვანზე მეორედ დააქორწინეს, იმ იმედით, რომ მასთან მაინც შეეძინებოდა მემკვიდრე თუმცა ამაოდ. 1700 წელს კარლი 39 წლის ასაკში უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა რის შემდეგაც მის სიძეებს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სა და საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ს შორის ატყდა დიდი ომი ტახტისთვის, რომელშიც საბოლოოდ ლუიმ გაიმარჯვა და ესპანეთში მეფედ თავისი შვილიშვილი ფილიპე V დასვა, რითაც ესპანეთში ბურბონთა დინასტია გამეფდა, რომელიც დღემდე მეფობს.