კავად I (სპარს. قباد დ. 473 — გ. 13 სექტემბერი, 531) — სასანიდური ირანის მე-20 შაჰინშაჰი 488–496 და 499–531 წლებში, პეროზ I-ის უფროსი ვაჟი.
კავადი სასანიანთა ხელისუფლებაში მისი ბიძის, ბალაშის დამხობის შედეგად მოვიდა. დიდებულთა და ქურუმთა პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების დასუსტების მიზნით მიემხრო მაზდაკელებს და გაატარა მათი პროგრამის შესაფერისი ზოგიერთი ღონისძიება. დაახლოებით 496 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს. 499 წელს დაიბრუნა ტახტი და განაგრძო დიდგვაროვანთა საწინააღმდეგო პოლიტიკა. წარმატებით შეებრძოლა ბიზანტიას (502-505 ან 506), მოიგერია ჩრდილოეთ ჰუნების თავდასხმა.
კავად I-ის დროს დაარსდა რამდენიმე ქალაქი, გაფართოვდა არხების ქსელი, დაიწყო რეფორმების გატარება. მეფობის ბოლო წლებში განუდგა მაზდაკელებს და სისხლში ჩაახშო მათი მოძრაობა.
მან აქტიური, სადამსჯელო პოლიტიკა აწარმოა კავკასიაში. ბიზანტიელებთან დაწყებული ომის პარალელურად ვახტანგ გორგასლის აჯანყებების მოგერიებაც უწევდა. 502 წელს, ივრის ხეობაში დაამარცხა იბერიის სამეფოს ჯარი, მეფე ვახტანგ გორგასალი კი მოღალატის ნასროლი ისრით მიღებულმა ჭრილობამ შეიწირა. ამის შემდეგ სასანიდებმა ქართლში ფეხი უფრო მოიკიდეს და დიდებულების დახმარებით, 523 წელს, კავად I-ის განკარგულებით მეფობაც გააუქმეს.
531 წელს კავად I გარდაიცვალა და მისი ანდერძის თანახმად ძალაუფლება ხელში აიღო მისმა უმცროსმა ვაჟმა, ხოსრო I-მა, რომელმაც გააგრძელა კავადის მიერ დაწყებული რეფორმების გატარების პროცესი, რისი წყალობითაც სასანიდური ირანი ძლიერების მწვერვალამდე მიიყვანა.