ერთაწმინდა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (შიდა ქართლის მხარე), კასპის მუნიციპალიტეტში (ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
ერთაწმინდა მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე თეძმის ხეობაში, ზღვის დონიდან 840 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 20 კმ-ით, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 16 კმ-ით.
ისტორია
სოფლის სახელი უნდა უკავშირდებოდეს წმინდა ევსტაფის ანუ ესტატეს სახელს — „ესტატე წმინდას“ (ძველი სახელი ესტაწმინდაა). სოფელი წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში. 1588 წელს ქართლის მეფე სიმონმა ერთაწმინდა სიაუშ სააკაძეს უბოძა. წმინდა ევსტაფის სახელზე აგებული ტაძარი 1610 წლიდან შევიდა მოურავ გიორგი სააკაძის მფლობელობაში და გადაიქცა მის შთამომავალთა საძვალედ. ეკლესიაში დღემდეა დაცული მათი საფლავის ქვები (გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი გიორგი სააკაძის შვილის — პაატას — საფლავის ქვაა). გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ ერთაწმინდა სამეფო საკუთრება გახდა. 1652 წელს მეფე როსტომმა იგი ეკლესიითურთ გიორგი სააკაძის ვაჟს იორამს დაუბრუნა. XVIII–XIX საუკუნეებში ერთაწმინდა სააკაძეთა შთამომავლებს — თარხნიშვილებს — ეკუთვნოდა.
სოფელსა და მის მიდამოებში რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლია, მათ შორის ერთაწმინდის ტაძარი და მისი კომპლექსი და გვიანდელი შუა საუკუნეების დარბაზული სახლი. ეკლესიის დღეობა — ერთაწმინდობა — აღინიშნება ძვ. სტ. 20 სექტემბერს. ერთაწმინდას ეკუთვნის თეძმის ნაპირას მდებარე XVIII საუკუნის ორი მრგვალი კოშკი, რომელთაც ელისაბედაშვილის კოშკებს უწოდებენ (ელისაბედაშვილები საეკლესიო ყმები ყოფილან). სოფლიდან 1,5 კმ-ის დაშორებით, ცხირეთისაკენ მიმავალ გზაზე, ადგილ „ცუცუბანში“ („ხუცუბანში“) დგას განვითარებული შუა საუკუნეების წმინდა თევდორეს ეკლესია. ერთაწმინდის სამხრეთით, ადგილ გავაზურში შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარის ნაშთები, ჩრდილოეთით, გორაზე, ადრინდელი რკინის ხანისა და ანტიკური ხანის ნამოსახლარი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 230 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
314 |
150 |
164
|
2014[1] |
230 |
110 |
120
|
ლიტერატურა
სქოლიო