ჯონი მიხეილის ძე ფირცხალაიშვილი (დ. 22 მაისი, 1947, ლანჩხუთი) — ქართველი გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1991-1992), გენერალური შტაბის უფროსი (1998-2003).
ბიოგრაფია
დაამთავრა ლანჩხუთის პირველი საშუალო სკოლა. 1965-1970 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
1970 წელს, როგორც თადარიგის ლეიტენანტი, გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1970-1972 წლებში მსახურობდა ოდესის სამხედრო ოლქში ოცმეთაურად. 1972-1973 წლებში მეთაურობდა მოტომსროლელ ასეულს. 1973-1974 წლებში იყო ბატალიონის შტაბის უფროსი. 1974 წელს დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და დაინიშნა მოტომსროლელი ბატალიონის შტაბის უფროსად. 1974-1978 წლებში მსახურობდა მოტომსროლელი ბატალიონის მეთაურად. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ურალის სამხედრო ოლქში სასწავლო მოტომსროლელი პოლკის შტაბის უფროსად. მსახურობდა სამხედრო მრჩევლად ეთიოპიაში. 1978-1981 წლებში მსახურობდა კარპატისპირეთის სამხედრო ოლქში სასწავლო მოტომსროლელი პოლკის შტაბის უფროსად. 1981-1982 წლებში იყო მოტომსროლელი პოლკის მეთაურის მოადგილე. 1982-1983 წლებში — მოტომსროლელი პოლკის მეთაური. 1983-1985 წლებში იყო მოტომსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი. 1985-1988 წლებში იყო მოტომსროლელი დივიზიის მეთაური. 1988-1990 წლებში მსახურობდა უკრაინის სსრ-ში, ვინიცის ოლქის სამხედრო კომისრად.
1990-1991 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო კომისრად. 1991 წლის 15 აგვისტოდან 1992 წლის 6 იანვრამდე იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თავდაცვის მინისტრი. 1992-1993 წლებში მუშაობდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამხედრო კონსულტანტებისა და ინსპექტორების ჯგუფის უფროსის მოადგილედ – მთავარ სამხედრო კონსულტანტად. 1993-1996 წლებში იმყოფებოდა თადარიგში. 1996-2003 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში სახმელეთო ჯარების სარდლად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, პირველ მოადგილედ. 1998 წლიდან 2003 წლის სექტემბრამდე იყო გენერალური შტაბის უფროსი.
2003 წელს გავიდა თადარიგში. ამჟამად ცხოვრობს ფეოდოსიაში.
ჯილდოები
დაჯილდოებულია „წითელი ვარსკვლავის“ ორდენით (1982). არის „ვახტანგ გორგასლის“ ორდენის III, II და I ხარისხის (2003) კავალერი.