შობის კუნძული (კრისტმასი (Christmas), ინგლ.Territory of Christmas Island) — კუნძული ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ეკუთვნის ავსტრალიას. ფართობი — 135 კმ². მოსახლეობა — 1903 კაცი[1] (2016).
გეოგრაფია
კუნძული მდებარეობს ავსტრალიის ქალაქ პერტიდან ჩრდილო-დასავლეთით 2360 კმ მანძილზე და დაახლოებით 500 კმ-ით სამხრეთისკენ ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტადან.
კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან — 361 მ. კლიმატი ტროპიკულია. წლის საშუალო ტემპერატურაა — დაახლოებით 27 °C. ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია — დაახლოებით 2000 მმ წელიწადში. კუნძულზე არის რამდენიმე პატარა მდინარე, რის საშუალებითაც მოსახლეობა უზრუნველყოფილია სასმელი წყლით. კუნძულის ფართობია — 135 კმ²[2]. კუნძულის ფლორის ძირითად ნაწილს შეადგენს ტროპიკული მცენარეულობა. მრავლადაა ფოსფორიტის საბადოები.
ისტორია
კუნძული აღმოჩენილი იქნა 1643 წლის შობის დღეს, რის გამოც დღემდე იგი მოიხსენება, როგორც შობის კუნძული. ბრიტანელი ზღვაოსანი უილიამ დამპირი იყო პირველი ევროპელი, რომელიც გადავიდა კუნძულზე 1688 წელს და აღწერა იგი. 1888 წელს კუნძულზე აღმოჩენილი იქნა კალციუმის პიროფოსფატის საბადოები, რის გამოც იგი ანექსირებული იქნა დიდი ბრიტანეთის მიერ და დაიწყო კუნძულის კოლონიზაცია[3]. 1900 წელს კუნძული შევიდა ბრიტანეთის კოლონიის სინგაპურის შემადგენლობაში.
მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული ოკუპირებული იქნა იაპონიის მიერ[4].
1958 წელს — გადაეცა ავსტრალიას. კუნძულის მართვას აწარმოებს ავსტრალიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი.
მოსახლეობა
მოსახლეობა — 1903 კაცი (2016), მაგრამ აქედან ავსტრალიის მოქალაქე მხოლოდ 694 ადამიანია (2016). მოსახლეობის 70 % — ჩინელია, 20 % — თეთრკანიანია და დაახლოებით 10 % — მალაელი (მალაიზიელი). რელიგიის მხრივ სჭარბობენ მუსლიმები — 26,8 % (მალაელები და ზოგიერთი ჩინელი), ქრისტიანები — 25,9 % (პრაქტიკულად ყველა ევროპელი და ზოგიერთი ჩინელი), ბუდისტები (25,0 % — ძირითადად ჩინელები), ინდუსები — 0,4 %, ათეისტები — 21,1 % (2016).[1]
ეკონომიკა
1895 წლიდან დაიწყო ფოსფატის დამუშავება და ექსპორტი, რომლის ინდრუსტრიასაც უკავშირდება მუდმივი მოსახლეობის წარმოშობა. საბადოების გამოლევის შემდეგ ფოსფატების მოპოვება შეწყდა 1987 წელს და კუნძული გახდა ეკოლოგიურიტურიზმის ცენტრი. ტერიტორიის 63 % უკავია შობის კუნძულის ეროვნულ პარკს.
2001 წელს ავსტრალია და რუსეთი შეთანხმდნენ შობის კუნძულზე კოსმოდრომის მშენებლობის შესახებ, მაგრამ 2003 წელს სამუშაოები მის აგებაზე შეწყდა.
ფოსტა და ტრანსპორტი
1993 წლიდან კუნძულზე საფოსტო ადმინისტრაციას წარმოადგენს ავსტრალიური სახელმწიფო კორპორაცია Australia Post. მის მიერ კუნძულისათვის გამოშვებული საფოსტო მარკები ისევე გამოიყენება ავსტრალიის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ავსტრალიის მარკები შობის კუნძულის ტერიტორიაზე.
18 კმ სიგრძის რკინიგზა აერთებს ჩრდილოეთით მდებარე ფლაინგ-ფიშს კუნძულის სამხრეთ დაბოლოებაზე მყოფ ქალაქ საუტ-პოინტთან. ლიანდაგის სიგანეა 1435 მმ, ის შენდებოდა 1914 წელს.
ფლაინგ-ფიშიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძულზე ერთადერთი აეროდრომი.
↑First Assistant Secretary, Territories Division. (30 January 2008) Territories of Australia. Attorney-General's Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2009. ციტატა: „The Federal Government, through the Attorney-General's Department administers Ashmore and Cartier Islands, Christmas Island, the Cocos (Keeling) Islands, the Coral Sea Islands, Jervis Bay, and Norfolk Island as Territories.“ ციტირების თარიღი: 7 February 2008.
↑History. Christmas Island Tourism Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-08. ციტირების თარიღი: January 2014.