უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მივლინებული დიპლომატი, რომელსაც თავის შტაბთან ერთად ევალება დეიტონის შეთანხმების აღსრულების ზედამხედველობა ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ეს თანამდებობა ბოსნიის ომის დასრულებისთანავე შეიქმნა 1995 წელს.
ყველა უმაღლესი წარმომადგენელი ევროპის კავშირის წევრი 1995 წლიდან დღემდე ქვეყნების წარმომადგენელი დიპლომატებია, ხოლო მათი მოადგილე აშშ წარმომადგენელი დიპლომატია. მოადგილეები ასევე ასრულებენ საერთაშორისო ზედამხედველის ფუნქციას ბრჩკოს ოლქში.
უფლებამოსილება
1997 წელს ბონის შეხვედრაზე გადაწყდა წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფართოება, რათა მას უფრო ეფექტურად შეძლებოდა დეიტონის შეთანხმების ზოგიერთი მუხლის განხორციელება. წარმომადგენელს უფლება მიეცა, მიეღო გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ადგილობრივი ფრაქციები აყოვნებდნენ ან აფერხებდნენ მის მიღებას და გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან საჯარო მოხელე, ვინც აშკარად არღვევდა კანონს ან დეიტონის შეთანხმებას.[1]
ეს უფლებამოსილება შემდეგი დეკადის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა წარმომადგენლის მიერ. მაგალითად 2003 წლის აპრილში მან მიიღო თავდაცვის რეფორმის გადაწყვეტილება, თუმცა სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ მას. 2004 წლამდე წარმომადგენლის მიერ გათავისუფლებული იქნა 139 საჯარო მოხელე, მათ შორის მოსამართლეები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და დაბალი დონის მოხელეები, ზოგჯერ კი მათი საბანკო ანგარიშებიც დაყადაღდა. 2002 წლის არჩევნების დროს წარმომადგენლის შტაბმა დაწვრილებით გადაამოწმა ყველა მინისტრობის კანდიდატი როგორც სახელმწიფო, ასევე სუბიექტების დონეზე.[1]
წარმომადგენლის ასეთი უფლებამოსილების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და მისი გადაწყვეტილების უაპელაციობის გამო ასეთი უფლებამოსილება შესაკვეცია.[1][2] წარმომადგენლის უმაღლესი ხელისუფლება ასევე სახელდება სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების გულგრილი დამოკიდებულებისა (მაგალითად არჩევნებზე გამოცხადების დაბალი დონე) და პოლიტიკოსების გაუბედავი მოქმედებისა (რომლებიც წარმომადგენლის გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლებელია სამუდამოდ დაემშვიდობონ საჯარო კარიერას).[1]