უილიამ ტოლბერტი (ინგლ. William Richard Tolbert; დ. 13 მაისი 1913, ბენსონვილი — გ. 12 აპრილი 1980, მონროვია) — ლიბერიის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი 1971-1980 წლებში.
ბიოგრაფია
დაიბადა ქალაქ ბენსონვილში (მონტსერადოს საგრაფო), მღვდლის ოჯახში. დაასრულა სამთავრობო დაწყებითი სკოლა მშობლიურ ქალაქში, უმაღლესი პროტესტანტული სკოლა კლეი-აშლანდეში და ლიბერიის კოლეჯი მონროვიაში (ამჟამად უნივერსიტეტი). 1934 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, 1952 წელს ლიბერიის უნივერსიტეტმა მიანიჭა სამოქალაქო სამართლის დოქტორის ხარისხი. 1936-1943 წლებში ეკავა ხაზინის სამთავრობო ინსპექტორის თანამდებობა. 1943 წელს აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის წევრად და მუდმივმოქმედი ფინანსური და სოფლის მეურნეობის კომიტეტის ხელმძღვანელად. 1951 წლის არჩევნებში აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად და სენატის თავმჯდომარედ. ვიცე-პრეზიდენტად კიდევ აირჩიეს 1955 და 1959 წლებში. ლიბერიის წარმომადგენლის სტატუსით სტუმრობდა აფრიკის, ევროპისა და ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებს. 1965-1966 წლებში ბაპტისტთა მსოფლიო კავშირის თავჯდომარეა (პირველი აფრიკელი ამ თანამდებობაზე). 1971 წლის 23 ივლისს გარდაიცვალა პრეზიდენტი უილიამ ტაბმენი და მისი ადგილი დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა ტოლბერტმა.
ახალმა პრეზიდენტმა გააგრძელა წინამორბედის პოლიტიკა. იგი მხარს უჭერდა ამერიკასთან მჭიდრო კავშირებს, გამოდიოდა აპარტეიდის წინააღმდეგ და აუმჯობესებდა ურთიერთობას სოციალისტური ბანაკის ქვეყნებთან.
1980 წლის 12 აპრილს სამუელ დოუმ და მისმა ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს მონროვიაში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეზე. მოკლეს პრეზიდენტი უილიამ ტოლბერტი და მთავრობის 30 წევრი. მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით დოუმ მიიღო გენერლის წოდება და დაიკავა მთავარსარდლის თანამდებობა. ჩამოაყალიბა ქვეყნის მართვის ახალი ორგანო, სახალხო ხსნის საბჭო და შეაჩერა ლიბერიის 133-წლიანი კონსტიტუციის მოქმედება.
რესურსები ინტერნეტში