ტაშირ-ძორაგეტის სამეფო (სომხ.Տաշիր-Ձորագետի թագավորություն) ან ლორეს სამეფო (სომხ.Լոռու թագավորություն) — სომეხ მმართველთა ფეოდალური სახელმწიფო ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. შეიქმნა 978 წელს ამიერკავკასიის ხალხების არაბთა ბატონობის ნაშთების წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში. სამეფოს დამაარსებლის — გურგენის (978—989), იგივე კორიკეს, კვირიკეს, სახელის მიხედვით კვირიკიანების სამეფოსაც უწოდებენ.
ეს სომხურ-ქართული სამეფო დასახლებული იყო ქალკედონურ-გრიგორიანული რწმენის მოსახლეობით, სამეფოს კი შირაკის ბაგრატუნთა დინასტიის გვერდითი შტო - კვირიკიანების დინასტია მართავდა. სომხურ საისტორიო წყაროებში აღნიშნული სამეფო „გუგარქის“ სახელით მოიხსენიება. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა დავით უმიწაწყლოს მმართველობის ხანაში (989—1048), როდესაც სამეფოს ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა თბილისისა და განჯის საამიროთა ხარჯზე და კვირიკიანმა მეფეებმა ცნობილი ქართული ციხესიმაგრესამშვილდე თავის რეზიდენციად აქციეს, თუმცა 1065 წელს სამშვილდებაგრატ IV-მ აიღო და საქართველოს შემოუერთა, ამიტომ სამეფოს პოლიტიკურმა ცენტრმა ლორეში გადაინაცვლა. დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკთაგან გათავისუფლებული ლორე 1122 წელს აიღო და ტაშირ-ძორაგეტი უშუალოდ საქართველოს შემოუერთა (1118—1122) და სომეხ ფეოდალ მმართველთა საგვარეულო გააუქმა. ისტორიულად ქვემო ქართლის ეს მხარე, როგორც საქართველოს განაპირა ნაწილი, სამართავად გადაეცათ სრულიად საქართველოს მხედართმთავრებს — ჯერ ორბელებს, ხოლო 1185 წლიდან — მხარგრძელებს.