ეკლესია (5,6X3,8 მ) სამსართულიანია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. პირველი სართულის უმეტესი ნაწილი მიწაშია ჩამჯდარი. ამ სართულის ჩრდილო–აღმოსავლეთ კედლებში ორი პატარა სარკმელია გაჭრილი. სათავსის შუაში წყლის შესაგროვებელი ჭა იყო ამოჭრილი. მეორე სართული საცხოვრებელია. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო პატარა სარკმელია, ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში – ბუხარი. დასავლეთ კედელზე მიდგმულია მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. მესამე სართული ცილინდრული კამარითაა გადახურული. იგი სამლოცველოა, რომელსაც აღმოსავლეთით აფსიდი აქვს. ოთხივე კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა.
სამლოცველოს კედლები მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობა გვიანდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ფრაგმენტები შემორჩენილია აფსიდში და დასავლეთ კედელზე. აფსიდში ღვთისმშობლის ნახევარფიგურაა ყრმით ხელში. მის ქვემოთ, მომდევნო რეგისტრში წმინდა მსხვერპლი უნდა იყოს გამოსახული.