საპატის ჭაობი (ესპ. Ciénaga de Zapata; სიენაგა-დე-საპატა) — ვრცელი ჭარბტენიანი ტერიტორია კუბაში. მდებარეობს საპატის ნახევარკუნძულზე, მატანსასის პროვინციაში, ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრში.[1][2][3] საპატის ჭაობის ფართობია 4354,3 კმ².[2][4][5] ტერიტორიის ყველაზე მაღალი ადგილის სიმაღლეა 10 მეტრი. სიღრმე იცვლება 2-იდან 600 მ-მდე. ყველაზე დიდი სიღრმეები აღინიშნება ბატაბანოს ყურის სიახლოვეს. წელიწადის ყველაზე თბილი სეზონი მაის-ოქტომბრის მონაკვეთში შეინიშნება, სადაც ჰაერის ტემპერატურა 30°C უტოლდება. ნოემბრიდან-აპრილის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელია 20°C.
ჭაობებში გვხვდება 900-მდე სახეობის მცენარე, ორნითოფაუნა ითვლის 175 სახეობას, გვხვდება 31 სახეობის ქვეწარმავალი და 1000-მდე სახეობის უხერხემლო. მათი გარკვეული ნაწილი კუბის ენდემებია. ჭაობის ტერიტორიას დაახლოებით 65 სახეობის გადამფრენი ფრინველი სტუმრობს; გვხვდება ენდემური კუბური ნიანგი, რომელიც აგრეთვე ახლო მდებარე კუნძულ ხუვენტუდის ჭაობებში ბინადრობს.[1][3][6] საპატის ჭაობში გამოიყოფა რამდენიმე ნაკრძალის ზონა. წარმოადგენს ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიას არა მხოლოდ კუბაში, არამედ მთელ ვესტ-ინდოეთში.[7][8][9]
1971 წელს რამსარის კონვენციის თანახმად საპატის ჭაობს მიენიჭა სტატუსი: „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია“.[8] 2001 წელს ამ კონვენციამ დაიმატა 4,520 კმ² ჭაობიანი ტერიტორია.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო