როდრიგო დუტერტე (დ. 28 მარტი 1945, მაასინი, ფილიპინები) — ფილიპინელი იურისტი და პოლიტიკოსი. ფილიპინების პრეზიდენტი 2016 წლიდან. 7-გზის ეკავა კუნძულ მინდანაოზე მდებარე ქალაქ დავაოს მერის თანამდებობა, საერთო ჯამში სულ 22 წელი. ასევე იყო ფილიპინების პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
როდრიგო დუტერტე დაიბადა 1945 წლის 28 მარტს კუნძულ ლეიტეზე ქალაქ მაასინში, დავაოს პროვინციის გუბერნატორ ვისენტე დუტერტესა და სკოლის მასწავლებელ სოლედად როას ოჯახში. დუტერტეს ოჯახი 1951 წელს გადასახლდა დავაოს რეგიონში. ვისენტე ეწეოდა იურიდიულ პრაქტიკას, ხოლო სოლედადი ასწავლიდა მუნიციპალურ სკოლებში. 1952 წლიდან ვისენტე ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში, ხოლო მისმა მეუღლემ თავი დაანება სამსახურს რათა დახმარებოდა მეუღლეს საქმიანობაში.
როდრიგომ 1956 წელს დაასრულა დავაოს წმინდა ანას სახელობის დაწყებითი სკოლა. ამის შემდეგ იგი ორჯერ გააძევეს სკოლიდან ცუდი საქციელის გამო, მეორე საფეხურის განათლება მიიღო დიგოსეს წმინდა ჯვრის აკადემიაში. 1968 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის სტატუსი მანილის უნივერსიტეტში. 1972 წელს დაასრულა წმინდა ბედას სახელობის იურიდიული კოლეჯი, სადაც მიიღო იურდიული განათლება.
დავაო
1986 წლის ყვითელი რევოლუციის შემდეგ დანიშნეს დავაოს ვიცე-მერად. 1988 წელს ქალაქის მერის არჩევნებში წამოაყენა თავისი კანდიდატურა და მოიგო კიდეც არჩევნები. მის დროს მოხდა მანამდე უპრეცედენტო ამბავი, მერის მოადგილედ დანიშნა მანობოსა და მოროს ტომის წარმომადენლები. 1998 წლიდან 2001 წლამდე იგი დავაოს პირველი საარჩევნო ოლქიდან ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის წევრია. 2001 წლიდან დუტერტე კვლავ დავაოს მერად აირჩიეს მეოთხე ვადით, მისი არჩევა მოხდა ასევე 2004 და 2007 წლებში. 2010 წელს მერის თანამდებობაზე აირჩიეს მისი ქალიშვილი სარა დუტერტე-კაპრიო. 2010-2013 წლებში დავაოს ვიცე-მერია. 2013-2016 წლებში კვლავ ქალაქის მერია.
ფილიპინების პრეზიდენტები ფიდელ რამოსი, ჯოზეფ ესტრადა, გლორია მაკაპაგალ-აროიო და კორასონ აკინო დუტერტეს სთავაზობდნენ შიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის მდივნის თანამდებობას, მაგრამ ყოველ ჯერზე იგი უარს აცხადებდა. მან ასევე უარი თქვა ამერიკის ონკკლოგთა საზოგადოების ჯილდოზე.
დუტერტეს, რომელსაც ჟურნალმა ტაიმმა „ჯალათი“ უწოდა[1]., ხშირად აკრიტიკებდნენ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Amnesty International, სასამართლოს გარეშე დამნაშავეების დახვრეტის მხარდაჭერის გამო. 2009 წელს მასვე აკრიტიკებდა გაეროს გენერალური ასამბლეის დასკვნითი დოკუმენტი. Human Rights Watch მოუწოდებდა დუტერტეს შეეწყვიტა სიკვდილის ესკადრონების მოქმედება დავაოს ტერიტორიაზე[2].
პრეზიდენტობა
2015 წლის დასაწყისში დუტერტემ განაცხადა, რომ მონაწილეობას აპირებდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და გამარჯვების შემთხვევაში აპირებდა ფედერაციული რესპუბლიკის დამყრებას საპარლამენტო მმართველობით[3][4][5]. 2016 წლის 9 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 39.01% და 30 ივნისს დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო