პონტოს სამეფო — ელინისტური სამეფო შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად დასახლებული იყო კაპადოკიელებით. შემდეგ თანდათან მიიერთა შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომები: (კარდუხები, ხალიბები, სკვითინები, მაკრონები, მოსინიკები, ტაოხები, ტიბარენები). არსებობდა ძვ. წ. 302-64 წლებში. დააარსა აქემენიდთა გვარის წარმომადგენელმა მითრიდატე II-მ (ხან მითრიდატე III-დ იხსენიება და ხან მითრიდატე I-ად). დასავლეთით ესაზღვრებოდა პაფლაგონია, ჩრდილოეთიდან შავი ზღვა, აღმოსავლეთით - კოლხეთი, სამხრეთით - არმენია, კაპადოკია და გალატია. დედაქალაქი იყო ამასია. ძირითადი ქალაქები იყო შავი ზღვის სანაპიროზე – სინოპი, ამისოსი, თემისკირა, პოლემონიონი, კოტიორა, ტრაპეზუნტი და სხვ. ქვეყნის შიგნით – ამასია, გაზელიონი, კომანა, ქაბეირა და სხვ. გაბატონებული კლასი ბერძნულ კულტურას, ენასა და დამწერლობას ითვისებდა.
მდიდარი იყო ხე-ტყით, მადნეულით (რკინა, სპილენძი, ვერცხლი), საძოვრებით, ნოყიერი ნიადაგით. განვითარებული იყო გემთმშენებლობა, მეტალურგია მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მევენახეობა, მებაღეობა.
ისტორია
არიობარზანესა და მითრიდატე II-ის მმართველობის დროს (ძვ. წ. III ს.) პონტოს სამეფოს მძიმე ბრძოლა ჰქონდა გალატიასთან. პონტოს სამეფოს გაძლიერება იწყება ძვ. წ. II საუკუნეშიფარნაკე I-ის მმართველობის (ძვ. წ. 185-169 წწ.) დროს, რომელმაც ძვ. წ. 183 წელს ხელში ჩაიგდო სინოპი[1] და ომი დაიწყო რომის მფარველობაში მყოფი პერგამონის სამეფოს წინააღმდეგ (ფარნაკეს ომი). მან წარმატებით დალაშქრა ბითინია, გალატია, პაფლაგონია და კაპადოკია. განმტკიცდა კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა ათენსა და კ. დელოსთან.
ქვეყნის ძლიერებისთვის ბევრს ზრუნავდა მითრიდატე V ევერგეტი (ძვ. წ. 150-120 წწ.), რომელსაც რომთან „მოკავშირეობა და მეგობრობა“ ჰქონდა. შექმნა დაქირავებულთა ჯარი ბერძნების ყაიდაზე, ბერძენი მეთაურებით და საზღვაო ფლოტის მშენებლობას შეუდგა. გააფართოვა ურთიერთობები საბერძნეთთან, რომთან და შავი ზღვის კულტურულ ცენტრებთან.
პონტოს სამეფოს აყვავებისა და ძლიერების ეპოქა მითრიდატე VI ევპატორის (ძვ. წ. 120-63 წწ.) მეფობის ხანაა. მან მოახდინა საომარი ძალების რეორგანიზაცია და დაიწყო სახელმწიფოს საზღვრების გაფართოება. დაიპყრო ბოსფორის სახელმწიფო, აზოვის ზღვის აუზი, ტამანი და მდინარე ყუბანის ქვემო წელი.
მითრიდატე VI ევპატორმა შემოიერთა კოლხეთი, საიდანაც გაჰქონდა ძელქვა, სელი, კანაფი, ცვილი და ლაშქრად გაჰყავდა კოლხი მხედრები და ზღვაოსნები. დაიმორჩილა მცირე არმენია და კავშირი შეკრა თრაკიასთან, იბერიასთან, დიდ არმენიასა და პართიასთან. დაიწყო I, ე. წ. მითრიდატული ომი (ძვ. წ. 89-85/84 წწ.) რომთან. ზედიზედ დაიპყრო გალატია, პაფლაგონია, კაპადოკია, შეიჭრა ბითინიაში. მისი ბრძანებით აზიაში გაჟლიტეს 80 ათასი რომაელი და იტალიელი. ჯარები გადასხა საბერძნეთში. მას მიემხრო ათენი. დაპყრობილ ოლქებში მონებს ათავისუფლებდა. მითრიდატე VI ევპატორის სოციალურმა პოლიტიკამ მცირე აზიის ბერძნული ქალაქების დიდკაცობის უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი მის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რამაც ხელი შეუწყო რომაელების გამარჯვებას ლუციუს კორნელიუს სულას მთავარსარდლობით. დარდანოსში დადებული ზავის თანახმად, მითრიდატე VI იძულებული გახდა დაპყრობილ ტერიტორიებზე უარი ეთქვა. რომს გადასცა ფლოტი და სამხედრო კონტრიბუცია გადაიხადა. ძვ. წ. 83 წელს რომაელებმა ომი განაახლეს (II მითრიდატული ომი, ძვ. წ. 83-81 წწ.), შეიჭრნენ პონტოს სამეფოში, 400 სოფელი გაძარცვეს და ააოხრეს. მითრიდატე VI ევპატორმა რომაელები დაამარცხა მდ. ჰალისთან, მაგრამ მის შემდგომ წინსვლას ხელი შეუშალა კოლხეთის აჯანყებამ. სულას ინიციატივით კვლავ დაიდო ზავი პონტოს სამეფოსა და რომს შორის.
ძვ. წ. 74 წელს დაიწყო III მითრიდატული ომი. ძვ. წ. 66 წელს გნეუს პომპეუსმა მითრიდატე VI ევპატორი საბოლოოდ დაამარცხა და პონტოს სამეფო დაიპყრო. მისი დასავლეთი ნაწილი რომის პროვინცია ბითინიას შეუერთეს (ძვ. წ. 64 წელს შეიქმნა რომის პროვინცია ბითინია და პონტო), აღმოსავლეთი ნაწილი რომის მოკავშირეებს გადასცეს, მოგვიანებით ეს ტერიტორიაც რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. ძვ. წ. 47 წელს პონტოს სამეფოს დამოუკიდებლობის აღდგენას შეეცადა მითრიდატე VI ევპატორის ძე ფარნაკე, მაგრამ იგი იულიუს კეისარმა გაანადგურა და პონტოს სამეფოს არსებობა სამუდამოდ შეწყდა.