ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე იაშვილი (დ. 13 ივლისი, 1936 — გ. 29 ივნისი, 2005) — ქართველი ბიოლოგი და ნიადაგმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1999), საქართველოს ეროვნული (2000) და ეკოლოგიურ მეცნიერებათა (2000) აკადემიების ნამდვილი წევრი. გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი.
ბიოგრაფია
ნიკოლოზ იაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს, ხოლო 1975 წელს ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1959–91 წლებში იყო საქართველოს ნიადაგმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის გამგე, 1976–91 წლებში მიხეილ საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში.[1]
1991 წელს — საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1991–96 წლებში — კონცერნ „საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, 1996–2002 წლებში — საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უფროსი და წამყვანი სპეციალისტი, 2002-2005 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის განყოფილების გამგე.[1]
ნიკოლოზ იაშვილის მეცნიერული კვლევა-ძიების თემატიკა მოიცავს ძირითადად ნიადაგმცოდნეობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის პრობლემებს. შეისწავლა სვანეთის ნიადაგები, მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის, საქართველოს მიწების რესურსების, გარემოს დაცვის და სხვა საკითხებზე. იყო საერთაშორისო ნიადაგმცოდნეობის საზოგადოების წევრი, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.[2]
ნიკოლოზ იაშვილი ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის.[2]
მიღებული აქვს თეოფანე დავითაიას სახელობის პრემია (1983). 2002 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. ღირსების ორდენისა (2001) და საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი (1986).[1]
ბიბლიოგრაფია
- ტექნოგენური ლანდშაფტების რეკულტივაცია. თბილისი, ცოდნა, 2004;
- სვანეთის ნიადაგები. თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987;
- მიწის რესურსები და მათი რაციონალური გამოყენება. თბილისი, საბჭ. საქართველო, 1976.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. თბ., 2012.
- ↑ 2.0 2.1 საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. თბ., 2018.