ნატო-რუსეთის ურთიერთობები

ნატო-რუსეთის ურთიერთობები
Map indicating locations of NATO and Russia

ნატო

რუსეთი

ურთიერთობები ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დამყარდა 1991 წელს, როდესაც რუსეთი გახდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი. 1994 წელს რუსეთი შეუერთდა ნატოს პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“.

ცივი ომის დასრულების შემდეგ დაიწყო საუბარი ნატოს შესაძლო გაფართოებაზე აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ალიანსში უკვე განიხილებოდა ნატოს შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები და მიმდინარეობდა მოლაპარაკება ალიანსის შესაძლო წევრებთან. საპასუხოდ, 1993 წლის ოქტომბერში რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმღვანელებმა კრიტიკული განცხადება გააკეთეს ნატოს მიმართ. რუსეთის ამ ქმედებამ განაპირობა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ გარკვეულწილად პოზიციის შერბილება ნატოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ რუსეთს თავიდანვე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ნატოს ინიციატივით შექმნილი ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს მიმართ, რადგან იგი აღიქმებოდა როგორც ნატოს ინსტრუმენტი, მიმართული ალიანსის პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გასაზრდელად აღმოსავლეთ ევროპაში.

ნატოს პოლიტიკურ წრეშიც არსებობდა უნდობლობა რუსეთის მიმართ. ალიანსის წევრები მიიჩნევდნენ, რომ რუსეთი ვერ გახდებოდა მათი სრულფასოვანი პარტნიორი, თანაც ისინი აუცილებელ პირობად აღიქვამდნენ გაფართოებას აღმოსავლეთის მიმართულებით, რაც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ხსენებულის მიუხედავად, ნატო განაგრძობდა კავშირს რუსეთთან მათ შორის ურთიერთობების გასამყარებლად.

1995 წლის 8 თებერვალს უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა მიუნხენში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უ. პერიმ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ არსებობდა შესაძლებლობა რუსეთთან გაფორმებულიყო სპეციალური ხელშეკრულება, რომელიც ჩამოყალიბდებოდა ურთიერთგაგების ქარტიის ან მემორანდუმის სახით. ამ დოკუმენტის მთავარი ამოსავალი პუნქტი უნდა ყოფილიყო ერთგვარი ნატო-რუსეთის მუდმივმოქმედი საკონსულტაციო კომისიის შექმნა. ნათელი ხდებოდა, რომ ნატოში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა რუსეთთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. 1997 წლის 27 მაისს პარიზში ხელი მოეწერა „ნატო-რუსეთის ურთიერთდახმარების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების დამფუძვნებელ აქტს“.

1998 წელს რუსეთსა და ნატოს შორის დიპლომატიური წარმომადგენლობა დაფუძნდა.

ბოსნიაში და კოსოვოში შექმნილმა ვითარებამ თავისი ნეგატიური დაღი დაასვა ნატო-რუსეთის ურთიერთობას. 1999 წლის მარტში ნატოს მიერ იუგოსლავიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელების შემდეგ რუსეთი დროებით გამოვიდა ნატო-რუსეთის მუდმივმოქმედი საკონსულტაციო კომისიის შემადგენლობიდან, ასევე შეწყვიტა თავისი მონაწილეობა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში და გამოაძევა მოსკოვიდან ნატოს საინფორმაციო ცენტრის ორი წარმომადგენელი.

2000 წლის 16 თებერვალს, როდესაც რუსეთის მოწვევით ნატოს გენერალური მდივანი ეწვია მოსკოვს, გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნატო და რუსეთი შეთანხმდნენ განეახლებინათ ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა. [1]

2008 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ნატო-მ განაცხადა, რომ მისი შეფასებით, რუსეთის სამხედრო ქმედებები საქართველოში „არაპროპორციული და მშვიდობის დამცველის როლისთვის შეუსაბამო იყო, ეწინააღმეგებოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების იმ პრინციპებს, რაც გაცხადებულია ჰელსინკის საბოლოო აქტში, ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტსა და რომის დეკლარაციაში“. 2009 წლის 4 აპრილს სტრასბურგსა და კიოლნში გამართულ სამიტებზე ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს საქართველოს საკითხზე რუსეთთან შეუთანხმებლობის შესახებ, თუმცა გადაწყვიტეს, პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთთან არ შეეწყვიტათ. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, უფრო ეფექტიანი გაეხადათ ერთობლივი თანამშრომლობა ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში.

2010 წლის ნოემბერში ლისაბონის სამიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა, რომლის დროსაც ალიანსის ლიდერები და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეთანხმდნენ, დაეწყოთ „ თანამშრომლობის ახალი ეტაპი ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობისათვის“, დამფუძნებელი ქარტიის და ნატო-რუსეთის რომის დეკლარაციის პრინციპებისა და მიზნების გათვალისწინებით. ნატო და რუსეთი ასევე შეთანხმდნენ, გაეძლიერებინათ თანამშრომლობა ტერორიზმისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მომდევნო წლებში ისინი ერთობლივად მუშაობდნენ ავღანეთის ჯარის ვერტმფრენთა ფლოტის მხარდასაჭერად, ჩაატარეს მეკობრეობის წინააღმდეგ მიმართული და წყალქვეშა გემებით სამაშველო ოპერაციების ერთობლივი წვრთნები.

2014 წლის 2 მარტს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებმა მოიწვიეს საგანგებო სხდომა, სადაც დაასკვნეს, რომ რუსეთის ქმედებები „ეწინააღმდეგებოდა როგორც ნატო-რუსეთის საბჭოს, ასევე პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის პრინციპებს“. 2014 წლის აპრილში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ყველანაირი სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან.[2]

2014 წლის სექტემბერში ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატომ პირველად არ მიიწვია რუსეთი თავის სამიტზე. მოხდა სერიოზული ცვლილება ნატოსა და რუსეთის ურთიერთობაში. ორი წლის შემდეგ, 2016 წლის ივლისში ნატომ ოფიციალურად აღიარა რუსეთი თავისი არსებობისთვის ერთადერთ საფრთხედ, ხოლო მიზნად დაისახა მისი შეჩერება.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!