მუსტაფა აბდულ ლატიფ მიშატატი (არაბ.مصطفى عبد اللطيف مشتت; დ. 5 ივლისი, 1967),[2][3] უფრო ცნობილია როგორც მუსტაფა ალ-ქაზიმი — ერაყელი პოლიტიკოსი, იურისტი, ბიუროკრატი და ყოფილი დაზვერვის ოფიცერი, რომელიც 2020 წლის მაისიდან 2022 წლის ოქტომბრამდე ერაყის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.[4] მანამდე იგი მუშაობდა ავტორად სხვადასხვა მედია საშუალებებში[5] და იყო ერაყის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი, რომელ თანამდებობაზეც თავდაპირველად 2016 წლის ივნისში დაინიშნა.[6]2020 წელს მცირე დროით ასრულებდა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას. მისი მმართველობის ბოლო პერიოდი მჭიდროდ უკავშირდება 2022 წლის ერაყის პოლიტიკურ კრიზისს.
ბიოგრაფია
ალ-ქაზიმი დაიბადა ბაღდადში1964 წელს, აბდულ ლატიფის ოჯახში. მამამისი დაიბადა ალ-შატრაში, ქალაქ ნასირიას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ ერაყში. მოგვიანებით იგი, როგორც სტუდენტი, ნასირიადან ბაღდადში გადავიდა საცხოვრებლად.
ალ-ქაზიმი იყო სადამ ჰუსეინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე.[7]1985 წელს მან ერაყი დატოვა და ჯერ ირანში, შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სანამ საბოლოოდ გაერთიანებულ სამეფოში არ დასახლდა. რამდენიმე წელი დევნილობაში გაატარა და საბოლოოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.[2]
2003 წელს, ერაყში ამერიკის მეთაურობით განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ, ალ-ქაზიმი ერაყში დაბრუნდა და გახდა ერაყის მედია ქსელის თანადამფუძნებელი.[3]
იგი იყო Al-Monitor-ის ერაყული ვერსიის ავტორი და რედაქტორი და თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემებთან.[8][9] ასევე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი და კვლევა.[7] ალ-ქაზიმი სამი წლის განმავლობაში იყო ერაყის Newsweek-ის მთავარი რედაქტორი.[3]
ალ-ქაზიმმა იურიდიული განათლება მიიღო ალ-თურათის უნივერსიტეტში. მას ევალებოდა ერაყის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (INIS) რეფორმირება, რათა ის უფრო ეფექტური გამხდარიყო და საერთაშორისო სტანდარტებს დაახლოებოდა. მან ზედამხედველობა გაუწია სადაზვერვო საქმიანობის დეპოლიტიზაციას, დაზვერვის შეგროვებისა და ანალიზის თანამედროვე მეთოდების დანერგვას და ეროვნული დაზვერვის სამსახურის საქმიანობის მასშტაბების გაფართოების პრიორიტეტების განსაზღვრას.[10][11] მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სააგენტომ გააფართოვა თავისი უფლებამოსილება, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ერაყის ბრძოლაში ISIS-ის წინააღმდეგ.[12][13] თავისი მოღვაწეობის პერიოდში მან კავშირები დაამყარა მრავალ ქვეყანასთან და ბიუროსთან, რომლებიც ISIS-ის წინააღმდეგ აშშ-ის მეთაურობით შექმნილ კოალიციაში მუშაობდნენ.[3]
ერაყის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის ოქტომბერში ერაყის მასშტაბით გამართული პროტესტების და პრემიერ-მინისტრ ადელ აბდულ მაჰდის და მისი კაბინეტის გადადგომის შემდეგ, მუსტაფა ალ-ქაზიმი პრემიერ-მინისტრის პოსტის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდა.[14]
2017 წელს ალ-ქაზიმი და ჰაიდერ ალ-აბადი ერ-რიადში გაემგზავრნენ. ალ-ქაზიმმა მედიის ყურადღება მიიქცია, როდესაც იგი მოჰამედ ბინ სალმანთან ხანგრძლივ მეგობრულ შეხვედრაზე დააფიქსირეს.[3]
2020 წლის 9 აპრილს პრეზიდენტმა ბარჰამ სალეჰმა იგი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. იგი იყო მესამე პიროვნება 10 კვირის განმავლობაში, ვისაც ქვეყნის ხელმძღვანელობა შესთავაზეს მას შემდეგ, რაც წინა მთავრობა პროტესტების გამო გადადგა. ქაზიმის კანდიდატურა პრეზიდენტმა ბარჰამ სალეჰმა დაასახელა მას შემდეგ, რაც წინა კანდიდატმა, ადნან ალ-ზურფიმ, საკმარისი მხარდაჭერის არარსებობის გამო თავისი კანდიდატურა მოხსნა.[15] თითქმის ექვსთვიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ, 2020 წლის 6 მაისს, ერაყის პარლამენტმა ალ-ქაზიმი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.[16] თანამდებობაზე დანიშვნამდე ალ-ქაზიმმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა იქნებოდა მთავრობა, რომელიც ერაყის მრავალ პრობლემას გადაჭრიდა და არა კრიზისით დატვირთული მთავრობა. იგი ვადამდელ არჩევნებს დაპირდა ხალხს და განაცხადა, რომ ერაყი არ იქნებოდა გამოყენებული სხვა ქვეყნების საბრძოლო ველად.[3] იგი ხელისუფლებაში მოვიდა ერაყში მიმდინარე მნიშვნელოვანი არეულობების ფონზე - მასშტაბური პროტესტები, ნავთობის ფასების ვარდნა და COVID-19-ის პანდემია.[17]
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ალ-ქაზიმმა გასცა დაპირება, რომ გამოიყვანდა ქვეყანას სერიოზული ფინანსური კრიზისიდან და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხაზინა „თითქმის ცარიელი“ იყო წლების განმავლობაში არსებული გაფლანგვისა და ნავთობის ფასების კლების გამო. ალ-ქაზიმის კაბინეტი დაპირდა საზოგადოებას საჯარო ხარჯების შემცირებას და მილიონობით ერაყელისთვის გაცემული ხელფასების აუდიტს, თუმცა საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ეს გეგმა უკან წაიღო. 2020 წლის აგვისტოში მან თავდაცვის სამინისტროში ასობით უმუშევარი ერაყელი დაასაქმა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სხვა საჯარო სექტორის ოფისებთან სამუშაოს მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების შესაჩერებლად. მას მთავრობასა და პარლამენტში ცოტა მოკავშირე ჰყავდა და პარლამენტში დომინირებენ პრო-ირანული დეპუტატები, რომლებმაც უარყოფითად მიიღეს მისი მინიშნებები დემონსტრანტთა მოთხოვნებზე. მას ასევე გაუჭირდა თავისი დაპირების შესრულება უსაფრთხოების ძალების სამართლებრივი დევნის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებელნი იყვნენ 2019 წლის ოქტომბრიდან თითქმის 600 დემონსტრანტისა და აქტივისტის სიკვდილზე. გარდა ამისა, ალ-ქაზიმმა დაიფიცა, რომ გამოიძიებდა ბოლო წლის განმავლობაში გახშირებულ ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების მკვლელობებს, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუსჯიათ.[18]
2021 წლის ივლისში ალ-ქაზიმმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2021 წლის ბოლოსთვის ერაყში აშშ-ს საბრძოლო მისიის დასრულების შესახებ.[19] შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, ერაყმა დაიბრუნა 17 000 არტეფაქტი, რომელთა უმეტესობაც ISIS-მა მოიპარა და ბიბლიის მუზეუმს მიჰყიდა. ეს არტეფაქტები აშშ-ს ხელისუფლებამ ამოიღო.[20]
მკვლელობის მცდელობა
2021 წლის 7 ნოემბრის გამთენიისას ალ-ქაზიმი გადაურჩა მკვლელობის მცდელობას, რომელიც აფეთქებადი დრონების მეშვეობით განხორციელდა. არმიამ ორი დრონი ჩამოაგდო, ხოლო მესამემ მიზანში ამოიღო მისი რეზიდენცია ბაღდადის მკაცრად დაცულ მწვანე ზონაში. ბევრი ვარაუდობს, რომ მკვლელობის მცდელობა იყო ირანის პასუხი მუსტაფას მიერ ირანის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ გატარებულ ზომებზე და ერაყში უცხოური გავლენის აღმოფხვრის მის მკაცრ პოლიტიკაზე.[21]
8 ნოემბერს რეგიონის ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა და რამდენიმე (ასევე ანონიმმა) სამხედრო წყარომ Reuters-ს განუცხადეს, რომ თავდასხმის უკან იდგნენ ირანის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები, როგორიცაა „ქატაიბ ჰეზბოლა“ ან „ასაიბ აჰლ ალ-ჰაქი“, ასევე აღნიშნეს, რომ თავდამსხმელების მიერ გამოყენებული იარაღი ირანში იყო დამზადებული.[22]
ექსპერტების თქმით, მკვლელობის მცდელობა იყო პასუხი 2021 წლის ერაყის საპარლამენტო არჩევნებში პრო-ირანული პარტიების მიერ ადგილების დაკარგვასთან.[23]