მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა

ეს სტატია რესპუბლიკას ეხება. რეგიონის შესახებ იხილეთ მთიანი ყარაბაღი.
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
არცახის რესპუბლიკა

Արցախի Հանրապետություն

არაღიარებული სახელმწიფო

2 სექტემბერი 1991 — 31 დეკემბერი 2023
დროშა გერბი
დევიზი
თავისუფალი და დამოუკიდებელი არცახი
ჰიმნი
Ազատ ու անկախ Արցախ
დედაქალაქი სტეფანაკერტი
ენა სომხური[]
რუსული[]
ფულის ერთეული დრამი
ფართობი 3170[2]
მოსახლეობა 150 932
მმართველობის ფორმა უნიტარული საპრეზიდენტო რესპუბლიკა[]
პრეზიდენტი
 - 1994–1997 (პირველი) რობერტ ქოჩარიანი
 - 2023 (ბოლო) სამველ შაჰრამანიანი
სახელმწიფო მინისტრი
 - 2017–2018 (პირველი) არაიკ ჰარუთიუნიანი
 - 2023 (ბოლო) არტურ ჰარუთიუნიანი

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა (სომხ. Լեռնային Ղարաբաղի Հանրապետություն) ან არცახის რესპუბლიკა (სომხ. Արցախի Հանրապետություն) — დე ფაქტო დამოუკიდებელი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ამიერკავკასიაში 1991–2023 წლებში, აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე.

1923 წლის 7 ივლისს მთიანი ყარაბაღის ტერიტორია გამოიყო მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქად აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში.[3]

1991 წლის 2 სექტემბერს, მთიანი ყარაბაღის საოლქო და აზერბაიჯანის სსრ-ის შაუმიანის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოების ერთობლივ სესიაზე გამოაცხადეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის (არცახის) შექმნა ყოფილი ავტონომიური ოლქისა და აზერბაიჯანის შაუმიანის რაიონის საზღვრებში. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ 1991 წლის 23 ნოემბერს გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი და მისი ტერიტორია სხვა რაიონების შემადგენლობაში შეიყვანა. 1991 წლის 10 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმით, მონაწილეთა 99,89%-მა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას მისცა ხმა; რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია ადგილობრივ აზერბაიჯანელ მოსახლეობას. 1992 წლის 6 იანვარს მყრ-ის პარლამენტის პირველმა მოწვევამ მიიღო დეკლარაცია „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ“.[3]

1991–1994 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, სადაც ერთმანეთს ებრძოდნენ ერთი მხრივ სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა და სომხეთი, ხოლო მეორე მხრივ აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ ოლქის ტერიტორიის გარდა აღმოჩნდა ქალბაჯარის, ლაჩინის, გუბადლის, ზანგილანის, ჯაბრაილის რაიონები, ასევე აღდამისა და ფუზულის რაიონების ნაწილები, თუმცა აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა ყოფილი ოლქის მარტაკერტისა და მარტუნის რაიონების ნაწილზე, ასევე შაუმიანის რაიონზე.[3]

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის რუკა (1994–2020 წწ.)

კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართული იყო ჯერ საბჭოთა ხელისუფლება, მისი დაშლის შემდეგ კი რუსეთი და დსთ-ს წევრი სხვა ქვეყნები. სომხეთი ცდილობდა, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მოლაპარაკებათა პროცესში წარმოდგენილი ყოფილიყო სრულფასოვან მონაწილედ. 1994 წლის 9 მაისს აზერბაიჯანის, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პარლამენტების წარმომადგენლებმა რუსეთისა და დსთ-ს პარლამენტთაშორისი ასამბლეის შუამავლობით ქალაქ ბიშკეკში ხელი მოაწერეს პროტოკოლს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ (ძალაში შევიდა 1994 წლის 12 მაისს), რის შედეგადაც მხარეებს შორის საომარი მოქმედებები შეწყდა. კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო მშვიდობისმყოფელთა მისიები. 1992 წლის ივნისიდან მოქმედებდა ეუთოს მინსკის ჯგუფი. 1994 წლის მარტიდან მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობდა რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით. 1998 წლის ბოლოდან მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით.[3]

სახალხო დეპუტატთა ერთობლივ სესიაზე გამოცხადებული რესპუბლიკის ფართობი 5 ათასი კმ² იყო, ყარაბაღის ომის შემდეგ კი ფაქტობრივად აკონტროლებდა 11,3 ათას კმ²-ს. მოსახლეობა — 141 ათასი კაცი, მ.შ. 99,7% სომეხი (2009 წლის მდგომარეობით).[3]

90-იანი წლების კონფლიქტის დროს მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია თავისი სახლის დატოვება: სომხეთი, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი და მიმდებარე რაიონები დატოვეს აზერბაიჯანელებმა, თავის მხრივ ქვეყნიდან წასვლა მოუწიათ აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებს. 1994–2020 წლებში არაერთხელ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მხარეები იყენებდნენ დრონებსა და მძიმე შეიარაღებას. 2016 წლის აპრილის ოთხდღიან შეტაკებებს ორივე მხრიდან ასეულობით სამხედრო ემსხვერპლა.[4]

2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო ახალი ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც 44 დღეს გაგრძელდა. ამჯერად აზერბაიჯანმა შეძლო წარმატების მიღწევა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა ვრცელ ტერიტორიაზე, მ.შ. ქალაქ შუშაზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრის და რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმებით (9 ნოემბერი), შეჩერდა საბრძოლო მოქმედებები; აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებებით დაკავებული ტერიტორიების გარდა კონტროლი აღადგინა იმ რაიონებზეც, რომელიც კონფლიქტამდე არ შედიოდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში; სეპარატისტული რესპუბლიკის დარჩენილ ტერიტორიაზე და ლაჩინის დერეფანში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, ამოქმედდა რუსული მშვიდობისმყოფელთა მისია.[5] ამის მიუხედავად, 2022 წლის დეკემბრიდან რეგიონი აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადაში იყო მოქცეული.

2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთდღიანი შეტევის შემდეგ, სეპარატისტულმა მთავრობამ დანებება გამოაცხადა და დათანხმდა განიარაღებასა და აზერბაიჯანის მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყებას რეგიონის რეინტეგრაციის შესახებ.[6] 2023 წლის 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რის მიხედვითაც 2024 წლის 1 იანვრიდან უქმდება ყველა სამთავრობო დაწესებულება, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა კი წყვეტს თავის არსებობას.[7] 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, თითქმის მთელმა სომხურმა მოსახლეობამ დატოვა მთიანი ყარაბაღი და სომხეთში გადავიდა.[8]

ისტორია

სქოლიო

  1. Парламент Карабаха признал русский язык официальным языком республики [Parliament of Karabakh recognized Russian as the official language of the republic] (რუსული). Арменпресс [Armenpress]. 25 March 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 May 2021. ციტირების თარიღი: 4 August 2021 – წარმოდგენილია RBK Group-ის მიერ.
  2. Территориальные потери Арцаха в результате второй Карабахской войны (статистика и карты). ციტირების თარიღი: 9 March 2023
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Чернявский С. И. Нагорный Карабах // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 667.
  4. The Nagorno-Karabakh Conflict: A Visual Explainer en. crisisgroup.org (27 ოქტომბერი, 2020). ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2023
  5. „Текст соглашения о прекращении боевых действий в Нагорном Карабахе“. BBC News Русская служба (რუსული). ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. „Azerbaijan halts Karabakh offensive after ceasefire deal with Armenian separatists“. BBC News (ინგლისური). 20 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „Nagorno-Karabakh Republic will cease to exist from Jan 1 2024 - Nagorno-Karabakh authorities“. Reuters (ინგლისური). 28 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. „Nagorno-Karabakh almost empty as most of population flees to Armenia“. RFI (ინგლისური). 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)

შენიშვნა

  1. კონსტიტუცია უზრუნველყოფს „მოსახლეობაში გავრცელებული სხვა ენების თავისუფალი გამოყენების უფლებას“.
  2. 2021 წლიდან.[1]
  3. საპარლამენტო რესპუბლიკა 2017 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმამდე

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!