მაპუნგუბვეს სამეფო (1075–1220) — იყო კოლონიზაციამდელი სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში, რომელიც მდებარეობდა მდინარე საშელისა და ლიმპოპოს შერწყმის ადგილზე, დიდი ზიმბაბვეს სამხრეთით. სამეფო იყო პირველი ნაბიჯი იმ განვითარებისა, რომელიც XIII საუკუნეში ზიმბაბვეს სამეფოს შექმნით დაგვირგვინდა.
ფართო დასახლება, რომელიც მსგავსი იყო ლეოპარდის კოპიაეს კულტურისა, ცნობილია K2 კულტურის სახელით და წარმოადგენდა მაპუნგუბვეს უშუალო წინამორბედ დასახლებას.[1] K2 კულტურის ხალხი დაკავშირებული იყო საში-ლიმპოპოს არეალთან, რადგან აქ შესაძლებელი იყო მიწათმოქმედების წარმოება.[2] არეალში ასევე გავრცელებული იყო სპილო, რომლის ძვლისგანაც შესაძლებელი იყო ღირებული პროდუქციის წარმოება. ოქროსა და სპილოს ძვლით ვაჭრობაზე კონტროლმა დიდად გაზარდა K2 კულტურის პოლიტიკური ძალაუფლება.[3] 1075 წლისთვის, მისი მოსახლეობა აღნიშნული არეალის ფარგლებს გასცდა და დაიკავა მაპუნგუბვეს ბორცვიც.[4]
მაპუნგუბვეს სამეფოს სივრცული ორგანიზაცია პირველ ხანებში ბიძგს იძლეოდა გამოეყენებინათ ქვის კედლები, რათა მოენიშნათ მნიშვნელოვანი არეალები. არსებობდა ქვის კედლით ნაგები რეზიდენცია და ძირითადი საბჭო.[5] ერთდროულად გამოიყენებოდა ქვა და ხე. უნდა არსებულიყო ხის მესერიც, რომელიც გარს ერტყა მაპუნგუბვეს ბორცვს. დედაქალაქის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობდა დასავლეთ კედლის შიგნით.[5]
სამეფოს დედაქალაქს მაპუნგუბვეს უწოდებდნენ. ნაქალაქარი ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ეროვნული პარკი და არქეოლოგიური ძეგლია. მაპუნგუბვე მიშნავს „ადგილი, სადაც ტურები ჭამენ“, რაც სავარაუდოდ ცონგას სიტყვიდან მომდინარეობს. მაპუნგუბვეს ბორცვი ქვიშაქვის გორაკია, 30 მეტრის სიმაღლის ვერტიკალური კლდეებით და დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის პლატო ძირით. ბორცვის ძირში განლაგებული იყო ბუნებრივი ამფითეატრი, სადაც სამეფო სამმართველო მდებარეობდა.
მაპუნგუბვეს საზოგადოება იყო „ყველაზე უფრო კომპლექსური აფრიკაში“.[6] არქეოლოგების ვარაუდით, ის იყო პირველი კლასობრივ სისტემაზე დამყარებული სოციალური სისტემა სამხრეთ აფრიკაში. მისი ლიდერები რანგით უმაღლესად იყვნენ გამოყოფილნი დანარჩენი მაცხოვრებლებისგან. მაპუნგუბვეს არქიტექტურა და სივრცობრივი დაგეგმარება ასევე უზრუნველყოფდა „წმინდა ლიდერის გამოვლინებას სამხრეთ აფრიკაში".[7]
მაპუნგუბველების ცხოვრება კონცენტრირებული იყო ოჯახისა და ფერმერული მეურნეობის გარშემო. სპეციალური არეალები იყო მოწყობილი ცერემონიების, საოჯახო მეურნეობის და სხვადასხვა სოციალური დანიშნულებებისათვის. საქონელი ცხოვრობდა კრაალებში, რომლებიც მდებარეობდა საცხოვრებელი სახელების გარშემო და განსაზღვრავდა მათ ღირებულებას. საზოგადოების შესახებ არსებული თეორიების უმრავლესობა ემყარება შენობათა ნაშთებს, ვინაიდან მაპუნგუბველებს არ დაუტობევიათ არანაირი წერილობითი თუ ზეპირი წყარო.
სამეფო დაყოფილი იყო სამსაფეხურიან იერარქიად, სადაც მდაბიო ადამიანები უფრო დაბალ არეალებში ცხოვრობდნენ, რაიონის ლიდერებს ეკავათ პატარა ბორცვები, ხოლო დედაქალაქი მაპუნგუბვეს ბორცვზე უმაღლესი ძალაუფლების გამოხატულება იყო. სამეფოს ელიტას ბორცვებში კრძალავდნენ. მეფის მეუღლეები საკუთარ არეალში ცხოვრობდნენ, რომელიც მეფისგან მოშორებით მდებარეობდა. მნიშვნელოვანი ადამიანები დედაქალაქის შემოგარენში პრესტიჟულ სახლებს ფლობდნენ. სივრცული დაყოფის ეს ტიპი თავდაპირველად მაპუნგუბვეში შეინიშნება, რომელიც შემდეგ ბუტუასა და როზვის სახელმწიფოებმა გადაიღეს.
მაპუნგუბვეს დაცემის შემდეგ, ის მივიწყებული აღმოჩნდა 1932 წლამდე, სანამ ადგილობრივი ფერმერი და მისი ვაჟი ბორცვის წვერზე არტეფაქტებს აღმოაჩენდნენ.
პანორამა მაპუნგუბვეს ბორცვიდან
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო