ლუი ფრანსუა I დე ბურბონ-კონტი (ფრანგ. Louis François Ier de Bourbon-Conti; დ. 13 აგვისტო, 1717 — გ. 2 აგვისტო, 1776) — ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს წარმომადგენელი. კონტის პრინც ლუი არმან II-ისა და ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონის უფროსი ვაჟი. კონტის პრინცი 1727-76 წლებში.
ლუი ფრანსუა დაიბადა 1717 წლის 13 აგვისტოს პარიზში. იგი იყო კონტის პრინც ლუი არმან II-ისა და მისი მეუღლის, ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონის უფროსი ვაჟი. მას მხოლოდ ერთი უმცროსი და ჰყავდა, სახელად ლუიზ ანრიეტა, რომელიც შემდგომში ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ I-ს მიათხოვეს. ეს მოხდა 1731 წელს, რასაც 1732 წელს მოჰყვა ლუი ფრანსუას ქორწინება მისი დის მულზე, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ლუი XIV-ის ასულ ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ქალიშვილ ლუიზ დიანა ორლეანელზე.
ეს ორმაგი დინასტიური ქორწინება ორგანიზებული იყო ლუი ფრანსუას დედის, კონტის ქვრივი პრინცესა ლუიზ ელიზაბეტისა და მისი სიდედრის, ორლეანის ქვრივი ჰერცოგინია ფრანსუაზ მარის მიერ. 1734 წელს ლუიზ დიანამ ლუი ფრანსუას ვაჟი და მისი მემკვიდრე გაუჩინა, რომელსაც ასევე ლუი ფრანსუა დაარქვეს. ამას მოჰყვა 1736 წელს მკვდარი ბავშვის დაბადება, რომელზე მშობიარობასაც 20 წლის ლუიზ დიანა გადაჰყვა. ამის შემდეგ ლუი ფრანსუას მეორე ცოლი აღარ შეურთავს.
ამის შემდეგ ლუი ფრანსუამ სამხედრო კარიერა აიწყო და 1741 წლიდან იგი ერთვება ავსტრიული მემკვიდრეობის ომში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ბოჰემიაში, კერძოდ ბელ-ისლეს ბრძოლაში. ამ წარმატების შემდეგ 1744 წელს ჩრდილო იტალიაში შეიჭრა, თუმცა იგი მალევე დაამარცხა ავსტრიელების, იტალიელებისა და ბრიტანელების გაერთიანებულმა არმიამ.
1745 წელს იგი გერმანიაში იბრძოდა ავსტრიელების წინააღმდეგ, 1746 წელს კი ნიდერლანდებში შეიჭრა, სადაც დაამარცხა მარეკალ საქსონიელი და აიღო შატო დე ლ'ისლე-ადამი. 1760 წელს, ომიდან დაბრუნების შემდეგ მან ბურგუნდიაში დიდი სასახლე შეიძინა და დროებით იქ დასახლდა.
ამავდროულად მეფე ლუი XV-მ პოლონეთის მეფობის კანდიდატად ლუი ფრანსუას კანდიდატურა წამოაყენა, ვინაიდან პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ს ვაჟი არ ჰყავდა. ლუი XV-ის მინისტრებსა და ავგუსტ III-ს შორის მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა, საბოლოოდ კი ავგუსტი დასთანხმდა შეთავაზებას, რის სანაცვლოდაც მეფე ლუის ვაჟი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი დააქორწინეს ავგუსტის ასულ მარია ჟოზეფა საქსონიელზე. ამან გარკვეულწილად კონფლიქტი წარმოშვა, რადგანაც ახლა უკვე თავად დოფინს გაუჩნდა პრეტენზია პოლონეთის ტახტზე, როგორც პოლონეთის მეფის სიძეს.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად ლუი ფრანსუას დიდად არ სურდა ათასგვარ პრობლემასა და კრიზისში გახვეულ პოლონეთში მეფობა, რომელის მიწებსაც უკვე ინაწილებდნენ შვედები, რუსები, ავსტრიელები და პრუსიელები. ამ დროს მეფის საყვარელ მადამ დე პომპადურის რჩევით 1756 წელს ლუი ფრანსუა შვიდწლიან ომში, პოლონეთში გააგზავნეს, რათა თავად ენახა პოლონეთი.
საბოლოოდ, 1763 წელს მეფე ავგუსტი გარდაიცვალა და ისე მოხდა, რომ პოლონეთის ტახტზე ადგილობრივი დიდებული — სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი ავიდა, რომელმაც საბოლოოდ დაღუპა პოლონეთი, რომელიც მალევე რუსებმა, პრუსიელებმა და ავსტრიელებმა მთლიანად განაინაწილეს.
ამის შემდეგ კონტის პრინცი მშვიდად ცხოვრობდა და ბრძოლებშიც აღარ იღებდა მონაწილეობას. იგი ვერსალში დასახლდა, სადაც მის სალონს ხშირად სტუმრობდა გამოჩენილი განმანათლებელი ჟან ჟაკ რუსო. იგი გარდაიცვალა 1776 წელს, 58 წლის ასაკში.