კირონ I (კირიონ I) — ქართლის კათოლიკოსი 599—614/616 წლებში.
ძველ ქართულ მწერლობას მის შესახებ ცნობები თითქმის არ შემოუნახავს. სომხური წყაროებით, ქართველი იყო, ჯავახეთის სოფ. სკუტრიდან (საქუდრის). სიყმაწვილეში 15 წელი ტყვედ თუ მძევლად იყო სომხეთში ე. წ. ბერძნულ ნაწილში, კოლონიის პროვინციაში, დაბა-ქალაქ ნიკოპოლისში. აქ მან მიიღო ბერძნული განათლება და დიოფიზიტობა. შემდეგ გადავიდა ქ. დვინში, სომხურ მონოფიზიტურ საკათალიკოსო ცენტრში, სადაც დაუახლოვდა მონოფიზიტ პატრიარქს მოსეს, თვითონაც აღიარა მონოფიზიტობა და დაიკავა აირარატის გავარის ქორეპისკოპოსისა და დვინის კათოლიკე მონასტრის წინამძღვრის ხარისხები. სომხეთში 5 წლის სამსახურის შემდეგ ქართლის პრომონოფიზიტურად და სპარსოფილურად განწყობილი ძალების ხელშემწეობით იგი მცხეთის საკათალიკოსო ტახტზე ავიდა. არის ცნობა, რომლის მიხედვითაც კირონ I-ის სამწყსოში ამ დროს ეგრისის სამიტროპოლიტოც შედიოდა.
ქართლის ახალი კათალიკოსის სახელმწიფო, ეროვნული და რელიგიური პოლიტიკა შეესაბამებოდა ქვეყნის წამყვანი სოციალური და პოლიტიკური ძალების განწყობილებას, ამის გამო კირონ I-მა დიდი გავლენა მოიპოვა ქართლის როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში. მისი აქტიურობითა და წარჩინებულთა მხარდაჭერით ქართლში საბოლოოდ გაიმარჯვა დიოფიზიტობამ, ხოლო ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის კურსი ბიზანტიისაკენ წარიმართა. კირონ I-მა მარჯვედ გამოიყენა შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება, ქვეყანას იდეოლოგიური დამოუკიდებლობა მოუპოვა და შეუდგა კარგად მოფიქრებული ეროვნული პროგრამის განხორციელებას, რომლის მთავარი იდეა იყო ახლად აღდგენილი პოლიტიკური „ყოველი ქართლის“ განსამტკიცებლად სასაზღვრო პროვინციების შერეული მოსახლეობის საეკლესიო მსახურებაში ქართული ენის დამკვიდრება (დენაციონალიზებული ქართველების და არაქართული მოსახლეობის გასაქართველებლად) და სხვადასხვა ქრისტიანული მრწამსის მიმდევართა ქალკედონიტობაზე დასაყოლიებლად უფრო მოქნილი ქრისტიანული დოქტრინის შემუშავება. ან ნიადაგზე ქართლის კათალიკოსსა და ცურტავის მონოფიზიტ ეპისკოპოს მოსეს შორის მწვავე კონფლიქტი მოხდა, რომელიც კავკასიის ეკლესიების საბოლოოს გათიშვით დამთავრდა. ქართული ეკლესია დიოფიზიტურ მრწამს დაადგა, სომხური — მონოფიზიტობის ერთგული დარჩა, ხოლო ალბანური ერთხანს მერყეობდა მათ შორის.
კირონ I ფართო საერთაშორისო ურთიერთობაში იყო ჩაბმული. მას რელიგიისა და ეკლესიის ორგანიზაციულ საკითხებზე მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან, იერუსალიმისა და სომხეთის პატრიარქებთან, სპარსეთის სამეფოს უმაღლეს მოხელეებთან. ჩვენამდე მოაღწია რომის პაპის გრიგოლ დიდის ვრცელმა პასუხმა (ლათინურ ენაზე) კირონ I-ის ერთ-ერთ ეპისტოლეზე, აგრეთვე კირონ I-ის მიმოწერამ სომხეთის პატრიარქთან და გურგენის მარზპანთან (სომხურ ენაზე). ამ წერილების მიხედვით ჩვენ წინაშე წარმოდგება დიდად განათლებული, დახვეწილი ლიტერატურული გემოვნებისა და სტილის მქონე ადამიანის, თავდაჭერილი პოლემიკოსი, გონიერი და მტკიცე დიპლომატი, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე.
614/616 წლებში ახლო აღმოსავლეთში გამარჯვებულმა ირანმა უარი თქვა იდეოლოგიურ საკითხებში შეწყნარებლობაზე და აქტიურად ჩაერია დამოკიდებული ქვეყნების რელიგიურ ცხოვრებაში. მან ბიზანტიის იმპერიის საწინააღმდეგოდ მხარი დაუჭირა მონოფიზიტობას და მოსთხოვა თავისი ქვეშევრდომი ქვეყნების იერარქებს ეღიარებინათ იგი ან ექსორიაში წასულიყვნენ. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ხანებში დაკარგა ქართლის კათალიკოსის ტახტი კირონ I-მაც. მის მიერ დაწყებული დიდი ეროვნული საქმე დროებით შეფერხდა.
სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი კირონ I-ისა და კიროს ფასისის მიტროპოლიტის (შემდეგში ალექსანდრიის პატრიარქის) იგივეობის შესახებ.
ლიტერატურა
- მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, : „ნეკერი“, 2000.
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1960;
- მისივე, История церковного разрыва между Грузией и Арменией в начале VII века, «Известия Академии наук», 1908, VI серия, № 5;
- ალექსიძე ზ., ქსე, ტ. 5, გვ. 534, თბ., 1980