კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკი (ინდონ. Taman Nasional Kerinci Seblat)— უდიდესი ეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. მისი ფართობი 13 791 კმ²-ია და ინდონეზიის ოთხი პროვინციის ტერიტორიაზე ვრცელდება. 2004 წლიდან გუნუნგ-ლიოსერისა და ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნულ პარკებთან ერთად, შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში საერთო სახელით — სუმატრის ტროპიკული ტყეები.
პარკი მოიცავს ბარისანის მთათა სისტემის დიდ ნაწილს და მათ შორის სუმატრის უმაღლეს მწვერვალ კერინჩის (3 805 მ). მრავლადაა სწრაფი მდინარეები, მღვიმეები, ცხელი წყაროები, ჩანჩქერები და უმაღლესი კალდერული ტბა მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში — გუნუნგ-ტუჯუჰი.
პარკი ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. გავრცელებულია მცენარეთა 4 000-ზე მეტი სახეობა, მათ შორისაა მსოფლიოში უდიდესი ყვავილი Rafflesia arnoldii. ცხოველებიდან აღსანიშნავია: სუმატრის ვეფხვი, სუმატრის მარტორქა, სუმატრის სპილო, ბორნეოს ლეოპარდი, მალაიური ტაპირი. პარკში ასევე ბინადრობს ფრინველთა 370 სახეობა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში