ისრაელის დემოგრაფია ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მიერ კონტროლდება და ქვეყნის მოსახლეობასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად, ქვეყნის დემოგრაფია მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავდაპირველად ისრაელი ჩამოყალიბდა, როგორც ებრაელი ხალხის სამშობლო, რასაც მთელი მსოფლიოდან ებრაელთა რეპატრიაცია მოჰყვა.
2023 წლის მარტისთვის ისრაელის მოსახლეობა დაახლოებით 9.73 მილიონ ადამიანს შეადგენს. ებრაელები მოსახლეობის უმრავლესობას, 73.5%-ს შეადგენენ (დაახლოებით 7.145 მილიონი ადამიანი). არაბები მოსახლეობის 21%-ს (დაახლოებით 2.048 მილიონი ადამიანი) შეადგენენ. დარჩენილი მოსახლეობა (5.5%) კლასიფიცირდება როგორ „სხვები“. ეს ჯგუფი მოიცავს ებრაული წარმოშობის ადამიანებს, რომლებიც რელიგიური კანონის მიხედვით, ებრაელებად არ ითვლეებიან, ებრაელი მიგრანტების არაებრაელ ოჯახის წევრებს, ქრისტიან არაარაბებს, მუსლიმ არაარაბებს და გამორჩეული ეთნიკური ან რელიგიური კატეგორიზაციის არმქონე მკვიდრებს.[1] ებრაული და არაბული თემების გარდა ისრაელში მცირე რაოდენობითთ ჩერქეზები, სომხები და დრუზები ცხოვრობენ.
2015 წელს ისრაელის მოსახლეობის წლიური ზრდის მაჩვენებელი 2%-ს გაუტოლდა, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.6%) სამჯერ აღემატება.[2] ერთ ქალზე საშუალოდ სამი ბავშვი მოდის და ისრაელს ფერტილურობის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს ეთგოს ქვეყნებს შორის.[3]
განმარტება
ისრაელის ტერიტორია რამდენიმენაირად შეიძლება განიმარტოს, რაც კომპლექსური და გადაუჭრელი პოლიტიკური სიტუაციის შედეგია. მაგალითად, ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს განსაზღვრებით, ისრაელის ტერიტორია მოიცავს ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმისა და გოლანის მაღლობების ტერიტორიასაც, მაგრამ არ მოიცავს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს, რომელიც ისრაელის სამხედრო კონტროლქვეშაა. ამასთან, სტატისტიკის ცენტრალური ბიურო ისრაელის მოსახლეობას მიაკუთვნებს დასავლეთ ნაპირის C ტერიტორიაზე მცხოვრებ ისრაელელებს და აღმოსავლეთ იერუსალიმსა და C ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმ მკვიდრებს, რომელთაც ისრაელში ბინადრობის ნებართვა ან ისრაელის მოქალაქეობა აქვთ.
ისრაელისა და მიმდებარე ტერიტორიების დემოგრაფიული და გეოგრაფიული ინფორმაცია
ისრაელის მოსახლეობა 9 812 000 ადამიანს შეადგენს.[14] მათ შორის: 200 000 ისრაელელესა და 250 000 არაბს აღმოსავლეთ იერუსალიმიდან, 421 400 ებრაელს დასავლეთ ნაპირიდან და 42 000-მდე ებრაელს გოლანის მაღლობებიდან (2007 წლის მონაცემებით). მონაცემებში არ არის გათვალისწინებული დასავლეთ ნაპირისა და ღაზის სექტორის არაბი მოსახლეობა. ასევე არ მოიცავს ქვეყანაში მცხოვრებ 222 000 უცხოელს.[15]
2016 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ზრდის ტემპი 2%-ს უდრის. 1990-იან წლებში ებრაელი მოსახლეობის ზრდის ტემპი ყოველწლიურად 3%-ს უტოლდებოდა, რაც ისრაელში მასობრივი იმიგრაციით იყო გამოწვეული, მეტწილად ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპია რიგ ებრაულ ჯგუფებში, განსაკუთრებით, ორთოდოქსული იუდაიზმის მიმდევრებს შორის. ისრაელის არაბი მოსახლეობის ზრდის ტემპი 2.2%-ს უდრის, ხოლო ებრაელი მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.8%-ია. 1999 წელს არაბი მოსახლეობის ზრდის ტემპი 3.8%-დან 2013 წლისთვის 2.2%-მდე შემცირდა, ხოლო ებრაელი მოსახლეობის ზრდის ტემპი 2.7%-დან 2005 წელს 1.4%-მდე შემცირდა. 1995 წლიდან ფერტილურობის მაჩვენებლისა და იმიგრაციის ზრდის გამო, ებრაული მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.8%-ს უტოლდება.[16]
შობადობა
2021 წლის მონაცემებით, ისრაელის შობადობის კოეფიციენტი 19.7‰-ს უდრის. ებრაელებს შორის შობადობის კოეფიცენტი 19.1‰-ს ტოლია, მუსლიმებს შორის − 23.4‰-ს, ქრისტიანებს შორის − 13.3‰-ს, დრუზებს შორის − 15.8‰-ს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა
2019 წლის მონაცემებით, ისრაელში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 82.8 წელია: კაცებისთვის 81 წელი, ხოლო ქალებისთვის − 84.7 წელი.[17]