იბრაჰიმ ალ-ჯაფარი (არაბ. إبراهيم عبد الكريم الأشيقر; დ. 25 მარტი, 1947) — ერაყელი პოლიტიკოსი, რომელსაც 2005 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ 2005-2006 წლებში ერაყის გარდამავალ მთავრობაში ეკავა ერაყის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 2014-2018 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.
2004-2005 წლებში იგი ერაყის დროებითი მთავრობის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო და ისლამური დავას პარტიის მთავარი სპიკერი. მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა მუდმივი მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
ადრეული ცხოვრება და განათლება
იბრაჰიმ ალ-ჯაფარი დაიბადა ქარბალაში, აბდ ალ-ქარიმ ალ-ეშაიკერისა და რახმა ალ-ეშაიკერის ოჯახში 1947 წლის 25 მარტს.[1][2] იგი ეკუთვნის დიდგვაროვანი ალ ზექის ოჯახს, რომლის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ შიიტი იმამის მუსა ალ-ყაზიმის შთამომავლები არიან. ეს ოჯახი ქარბალაში დასახლდა XI საუკუნის დასაწყისში. მისი ბაბუა, მაჰდი ბინ ალი ბინ ბაღირ ალ-ეშაიკერი 1876 წელს ხელმძღვანელობდა ალ-ეშაიკერების ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებას ქარბალაში.[3]
ალ-ჯაფარი სწავლობდა მოსულის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.[4] იგი გადავიდა ირანში ოჯახთან ერთად, სადაც 1989 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყის ოპოზიციურ ძალებთან, ისლამური რევოლუციის საბჭოსთან. ირანის შემდეგ გადადის ლონდონში, სადაც გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა და საბოლოოდ გახდა ისლამური პარტია „დავა“-ს ხელმძღვანელი.
წარმომადგენელთა საბჭოს წევრი
1968 წელს შეუერთდა ისლამურ პარტია დავას. 1974 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ აქტიურად მუშაობდა პარტიისთვის ერაყში, რომელიც ცდილობდა დაემხო ბაასისტური, არარელიგიური ხელისუფლება. 1980 წელს გადაბარგდა ირანში და იქ ჩაერთო მოძრაობაში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, როგორც ერაყის ისლამური რევოლუციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სადაც ის წარმომადგენლობდა ისლამურ პარტიას დავას. ემიგრაციაში მყოფმა მიიღო სახელი ალ-ჯაფარი, რათა სადამის შურისძიებისგან დაეცვა ერაყში მყოფი თავისი ოჯახი. 1989 წელს გადაბარგდა ლონდონში, სადაც გახდა დავას წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში და მნიშვნელოვანი მონაწილე სადამ ჰუსეინის საწინააღმდეგო მოძრაობაში. გაერთიანებულ სამეფოში ყოფნისას მონაწილეობდა სხვადასხვა ერაყულ ღონისძიებებში და კითხულობდა რელიგიურ ქადაგებებს.[4]
ერაყის ომი და სადამ ჰუსეინის დამხობა
მან წინააღმდეგობა გაუწია 2003 წელს აშშ-ს ერაყში შეჭრას, მაგრამ მალევე დაბრუნდა ერაყში.[5] 2003 წლის ივლისში აირჩიეს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ერაყის მმართველი საბჭოს წევრად და ერთი თვის განმავლობაში იყო მისი პირველი თავმჯდომარე და ერაყის პირველი პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი), სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ. 2004 წლის 1 ივნისს აირჩიეს ერაყის გარდამავალ მთავრობაში ორიდან ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად.[4]
მან ალ-დავა შეიყვანა შიიტური პარტიების ერაყის ეროვნული ალიანსის კოალიციაში და მეორე იყო პარტიის სიაში ერაყის უზენაესი ისლამური საბჭოს ლიდერის აბდულ აზიზ ალ-ჰაქიმის შემდეგ.[4]
არჩევნები
2005 წლის იანვრის არჩევნები
2005 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ, ერაყის ეროვნული ალიანსის (UIA) გამარჯვებამ პარლამენტში მისი შანსები გაზარდა, რათა იგი ქვეყნების ახალი პრემიერ-მინისტრად გამხდარიყო. მისი კონკურენტი მხოლოდ აჰმედ ჩალაბი იყო. ჩალაბიმ მოგვიანებით მოხნა თავისი კანდიდატურა, რადგან ის არ იყო პარტიების უმრავლესობისთვის სასურველი კანდიდატი სხვადასხვა სკანდალების გამო, რის შედეგადაც ალ-ჯაფარი გახდა ალიანსის უკონკურენტო კანდიდატი ამ თანამდებობაზე. 2005 წლის 7 აპრილს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად.[6] ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელთა მიზანი ფართომასშტაბიანი მთავრობის შექმნა იყო, ერაყის ეროვნულმა ასამბლეამ 2005 წლის 28 აპრილს საბოლოოდ დაამტკიცა მისი მთავრობა.[7]
2005 წლის დეკემბრის არჩევნები
2005 წლის დეკემბრის არჩევნების შემდეგ, ერაყის ეროვნულმა ალიანსმა კვლავ მოიგო ხმათა უმრავლესობით, რაც ერაყის ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის არჩევის უფლებას ანიჭებდა. ეროვნული ალიანსს წევრებმა არჩევანი გააკეთეს მხოლოდ ორი მთავარ კანდიდატს შორის. ერთ-ერთი იყო ალ-ჯაფარი, ხოლო მეორე – ერაყის უმაღლესი ისლამური საბჭოს წევრი ადელ აბდულ მაჰდი, ეკონომისტი. ალ-ჯაფარმა გაიმარჯვა მხოლოდ ერთი ხმით (64–63). მისი გამარჯვება მუსლიმური ლიდერის, მუქთადა ალ-სადრის წევრების მხარდაჭერამ გამოიწვია.[8]
საგარეო საქმეთა მინისტრი
2014 წლის 8 სექტემბერს იბრაჰიმ ალ-ჯაფარი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ.[9]
2018 წლის თებერვალში ალ-ჯაფარიმ დაგმო თურქეთის შეჭრა ჩრდილოეთ სირიაში, რომლის მიზანი იყო აშშ-ს მხარდაჭერილი სირიელი ქურთების განდევნა აფრინის ანკლავიდან.[10]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო