თემურლენგის პირველი ლაშქრობა საქართველოში

თემურლენგის პირველი ლაშქრობა — შუააზიელი მხედართმთავრის თემურლენგის საქართველოში ლაშქრობების ერთ–ერთი ეტაპი. ლაშქრობა მიმდინარეობდა 1386 წლის განმავლობაში.

მიმდინარეობა

თემურლენგის პირველი შემოსევა საქართველოში მოხდა 1386 წელს. იგი დაკავშირებულია თოხთამიშის ლაშქრობასთან აზერბაიჯანში. 1385 წელს თოხთამიში 90 000-იანი ლაშქრით შემოიჭრა ამიერკავკასიაში დარუბანდისა და დარიალის გადმოსასვლელებით, შარვანზე გავლით გადავიდა სამხრეთ აზერბაიჯანში და ალყა შემოარტყა ქალაქ თავრიზს, რომელიც დიდი ბრძოლითა და ვერაგობით აიღო, გაძარცვა და გაანადგურა. თემურის ისტორიკოსთა ცნობით, თოხთამიშის ლაშქარში „ურწმუნოებიც“ ერივნენ — ე. ი. ქრისტიანები და, შესაძლოა, ქართველებიც. ივანე ჯავახიშვილის აზრით, თოხთამიშს ქართველებთან შეთანხმების გარეშე გაუჭირდებოდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გადმოსვლა დარუბანდისა და დარიალის გზით. მათ შორის აუცილებლად კავშირი უნდა არსებულიყო. ამით უნდა აიხსნას თემურლენგის მიერ თავრიზის აღების შემდეგ თბილისზე გამოლაშქრება და არა თოხთამიშის წინააღმდეგ წასვლა. 1386 წელს თემურლენგი სამხრეთ აზერბაიჯანში შეიჭრა, თავრიზი აიღო, გაძარცვა და დაარბია, თოხთამიშის მომხრეები დახოცა ან განდევნა. იმავე წლის ზაფხულის მიწურულს საქართველოსკენ გამოემართა. გზად სომხური თემები დაარბია, დიდი ბრძოლებით აიღო და დაანგრია გარნისის და სურმალუს ციხეები, შემდეგ ყარსის ციხეც აიღო და სამცხეში შემოიჭრა. იქიდან თრიალეთსა და ალგეთზე გამოვლით თბილისს მიადგა დიდი ჯარით და ალყა შემოარტყა.

ბაგრატ მეფე ელოდებოდა თემურლენგის შემოსევას და სათანადო მომზადებაც ჩაუტარებია. ქართველებს გაშლილ ველზე ბრძოლა თემურლენგის უზარმაზარ ლაშქართან მიზანშეუწონლად მიუჩნევიათ და ციხესიმაგრეების გამაგრება და იქ დახვედრა გადაუწყვეტიათ. ბაგრატ მეფე კარგად გამაგრებულ თბილისის ციხეში იმყოფებოდა. თბილისის წინააღმდეგ ბრძოლას თემურლენგი ხელმძღვანელობდა, თბილისის დამცველებს კი ბაგრატ მეფე. მისი ხელმძღვანელობით მეციხოვნეები დღეში 2-3-ჯერ გამოიჭრებოდნენ გალავნის გარეთ, თავს ესხმოდნენ მოალყეებს და დიდ ზიანსაც აყენებდნენ. თემურლენგმა თბილისის გალავნის დასანგრევად კედლის სანგრევი მანქანები და ცეცხლსასროლი იარაღი, ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, ზარბაზნები გამოიყენა რომელსაც ქალაქში და ციხეში ჩაისროდნენ და დიდი ეფექტიც მოახდინა. ბრძოლა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ბოლოს მოალყეებმა რკინის ჩელტები (დიდი ფარები) მოიმარჯვეს და თვით თემურის მეთაურობით მიიტანეს იერიში, გალავანი გადალახეს და ქალაქში შეიჭრნენ. ბაგრატი ერთხანს კიდეც იგერიებდა მტერს შიდა ციხეში, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა. თემურმა ბაგრატი, დედოფალი ანა, ბატონიშვილი დავითი და მათი მხლებლები ტყვედ აიყვანა. ბიზანტიელი ისტორიკოსის მიქელ პანარეტოსის ცნობით, ეს მოხდა 1386 წლის 21 ნოემბერს.

თემურის მოლაშქრეებმა თბილისი გაძარცვეს, მრავალი ადამიანი დახოცეს და ტყვეც ბევრი წაიყვანეს. სამეფო სახლში დაცული ცნობების მიხედვით, თემურლენგს თბილისიდან მდიდარი სამეფო ბიბლიოთეკაც წაუღია.

თემურლენგმა თბილისის ციხეში დიდი გარნიზონი ჩააყენა, რამდენიმე რაზმი ქართლის სხვადასხვა კუთხეში გააგზავნა დასარბევად და ნადავლის შესაგროვებლად, თავად კი მთავარი ლაშქარით აღმოსავლეთისაკენ წავიდა. გზად, ყარაიის ველზე, გამარჯვების აღსანიშნავად, დიდი ნადირობა მოაწყო. შემდეგ კავკასიონის სამხრეთ კალთებს შეუყვა და იქაური მოსახლეობა დაარბია. თემურის მთელმა ლაშქარმა ჯერ ქალაქ კაბალაში მოიყარა თავი, შემდეგ მდინარე მტკვარი გადალახა, ბარდავი უბრძოლველად დაიკავა და ყარაბაღში დადგა გამოსაზამთრებლად. თემურლენგის ბანაკში იმყოფებოდა ტყვედ წაყვანილი ბაგრატ მეფე თავისი ოჯახითა და ამალით.

თემურლენგის პირველი ლაშქრობისას აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქვეყნებიდან მხოლოდ შარვანი გადარჩა დარბევა-აოხრებას. შარვანის მმართველი შარვანშაჰი შეიხ იბრაჰიმ დერბენდი (1382-1417 წწ.) დიდი საჩუქრებითა და მორჩილებით ეახლა თემურს და ქვეყანა აოხრებას გადაარჩინა. სამაგიეროდ მას დაევალა მოლაშქრეობა თემურის მხარეზე. საქართველოს ყოფილმა ყმადნაფიცმა ქვეყანამ იძულებით თემურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ რამდენიმე ლაშქრობაშიც მიიღო მონაწილეობა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008 წ. გვ. 89-90

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!