ზამთრის სასახლე (რუს. Зимний Дворец) მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, სასახლის სანაპიროსა და სასახლის მოედანს შორის; აშენდა 1754-1762 წლებში, როგორც რუსეთის იმპერატორთა ზამთრის რეზიდენცია.
პირველი „ზამთრის სახლი“ პეტრე I-ს 1711 წელს აუგეს, საზამთრო არხის ნაპირზე, მეორე - ახლანდელი ერმიტაჟის თეატრის ადგილას (1716-1719, არქიტექტორი გ. მატარნოვი, გადაკეთებულია 1720-იან წლებში არქიტექტორი დ. ტრეზინი). 1732 წელს რასტრელიმ დაიწყო მესამე ზამთრის სასახლის მშენებლობა, რომლის ფასადები გადიოდა ნევასა და სასახლის მოედანზე (მრავალჯერ გადაკეთდა). მეოთხე ზამთრის სასახლე რასტრელიმ ააშენა 1755, ნევის პროსპექტსა და მდინარე მოიკის სანაპირო კუთხეში (განადგურდა 1762). 1754-1762 წლებში მესამე სახლის ადგილზე ბართოლომეო რასტრელიმ ააგო ბაროკოს სტილის მეხუთე სასახლე - შიდაეზოიანი კარეს სახის ნაგებობა. გრანდიოზული სასახლის (1000 ოთახი) ფასადები მიმართულია ნევის, საადმირალოსა და სასახლის მოედნისაკენ გადაწყვერილია ერთმანეთისაგან განსხვავებულად, გარემოს გათვალისწინებით. ფასადების მდიდრული მორთულობა და სათავსების ანფილადური განლაგება ხაზს უსვამს შენობის საზეიმო დანიშნულებას. თეთრ-მწვანე შეფერილობის სასახლეს 1.786 კარი და 1.945 ფანჯარა აქვს. სასახლის პირველი ბინადარი ეკატერინე დიდი იყო. ზამთრის სასახლის ინტერიერები რამდენიმეჯერ გადააკეთეს (ანფილადები ნევის გასწვრივ და სატახტო (გიორგის) დარბაზი, 1780-1790 წლებში, არქიტექტორები ჯ. კვარენგი, ი. სტაროვი; 1812 წელს სამამულო ომის გალერეა, არქიტექტორი კ. როსი).
1837 წელს ხანძრის შემდეგ ფასადები და საზეიმო დარბაზები აღადგინა არქიტექტორმა ვ. სტასოვმა, შიგა სამყოფლები - არქიტექტორმა ა. ბრიულოვმა. 1880 წელს ზამთრის სასახლეში ს. ხალტურინმა მოაწყო აფეთქება ალექსანდრე II-ის მოკვლის მიზნით. 1905 წლის 9 იანვარს მის წინ დახვრიტეს მუშათა მშვიდობიანი დემონსტრაცია.
ზამთრის სასახლე ამჟამად სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმის დიდებულ შენობათა ჯგუფს ეკუთვნის, სადაც განლაგებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია. როგორც მუზუემის ნაწილი, ზამთრის სასახლის 1057 დარბაზისა და ოთახის უმეტესობა საზოგადოებისთვის ღიაა. სამხედრო გალერეაში, გახსნილი 1836 წელს, განთავსებულია ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრის პერიოდის რუსეთის არმიის სამხედრო ლიდერთა 332 პორტრეტი.
1917 წელს რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ ზამთრის სასახლე რუსეთის დროებითი მთავრობის შტაბ-ბინა გახდა. ბოლშევიკთა ძალების მიერ ზამთრის სასახლის აღება ოქტომბრის რევოლუციის გადამწყვეტი მომენტი იყო.
მუზეუმები: ერმიტაჟი • რუსული მუზეუმი • პუშკინის ბინა • სამხედრო-ისტორიული მუზეუმი • სამხედრო-საზღვაო მუზეუმი ტაძრები: პეტრეპავლეს ტაძარი • ალექსანდრე ნეველის ლავრა • ყაზანის ტაძარი • ისააკის ტაძარი • სპას-ნა-კროვი • ჩესმენსკის ეკლესია • სმოლნის ტაძარი • ქუჩები და მოედნები: ლიტეინი • ლიგოვკა • მარსოვო პოლე • ნევსკი • სადოვაია ულიცა სხვა ობიექტები: პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე • ადმირალტეისტვო • კუნსტკამერა • ავრორა • პეტრე I-ის სახლი • მიხაილოვსკი სასახლე • ზაფხულის ბაღი • ბოტანიკური ბაღი • ზამთრის სასახლე • სენატის მოედანი • ბრინჯაოს მხედარი • სასახლის მოედანი • კლოდტის ცხენები • პეტროგრადის მხარე • ახალი ჰოლანდია • უნივერსიტეტი • მთავარი შტაბის არკა • სმოლნი • ნარვის კარიბჭე • ნეკროპოლი • გოსტინი დვორი • ცირკი • ზოოპარკი • მეტრო