ვენები — სისხლძარღვები, რომლებსაც სისხლი პერიფერიიდან გულისკენ მიაქვთ. ვენური სისტემა შედგება სხვადასხვა დიამეტრის ვენების რთული ომპლექსისგან, რომლის დასაწყისად მიჩნეულია მიკროცირკულაციური კალაპოტის ვენური პოლუსის პირველადი ელემენტები ვენულები.
ვენური აუზი ტევადობით ჭარბობს არტერიულ აუზს, ამიტომაც სისხლი მასში დაბალი წნევით და მდორედ მიედინება. ორგანიზმის ცხოველმყოფელობით პროცესების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ვენური სისხლის დროული და სრული გამოტანა ორგანოდან, რათა არტერიული სისხლის ახალ ნაკადს საშუალება მიეცეს შეაღწიოს ორგანოს მიკროცირკულაციურ კალაპოტში და განახორციელოს ქსოვილების კვება.
აღწერა
ვენური სისხლძარღვის კედელს არა აქვს განვითარებული კუნთოვანი გარსი, ამიტომაც სისხლის გადაადგილების პროცესი სხვა მექანიკური და ბიოლოგიური პროცესის კომპლექსით ხორციელდება. ვენურ აუზში სისხლის გადაადგილებაში მონაწილეობს: არტერიულ სისტემაში არსებული წნევა, მარჯვენა წინაგულის შემწოვი ძალა მისი დიასტოლის დროს, გრავიტაციული ძალის ზემოქმედება, ვენის კედელზე მეზობელი ორგანოების პერიოდული ზეწონა, ვენის კედლის ენდოთელური გარსის სპეციალური ნაოჭები, რომლებიც ვენურ სარქველებს ქმნიან, ანასტომოზები და კოლატერალების ქსელი, მათ შორის არტერიულ-ვენური ტიპის ანასტომოზები.
ვენის კედლის აგებულება არტერიის კედლის აგებულების მსგავსია და შემდგება: შიდა — ენდოთელური, შუა — კუნთოვანი და გარეთა — შემაერთებელქსოვილოვანი გარსისგან.
ზოგიერთ შემთხვევაში, ვენაში არ არის გამოხატული კუნთოვანი გარსი. ასეთი ვენები გვხვდება თავის ტვინის გარსში, თვალის ბადურა გარსში, ზოგჯერ ძვის მკვებავი არხის და ენეთის ვენებს შორის. ვენის კედლის გარსი და აგებულება შედარებით უფრო თხელია, ვიდრე არტერიის. მისი სიმტკიცე უზრუნველყოფილია კოლაგენური ბოჭკოებით, რომლებიც კედლის სამივე გარსშ კარგად არიან გამოხატული.
მთელი ორგანიზმის ვენური ქსელი ორად იყოფა: ზემო ღრუ ვენის აუზი, რომლშიც ჩაედინება თავის, კისრის, ზემო კიდურებისა და გუმკერდის ზედა ნაწილის ვენება; ქვემო ღრუ ვენის აუზი, რომელშიც ერთიანდება სხეულის ქვედა ნაწილის და ქვედა კიდურების ვენები. ქვემო ღრუ ვენის სისტემას ჩაერთვის საბოლოოდ კარის ვენის აუზიც, რომელიც თავისი განსაკუთრებული მორფოლოგიურ-ფიზიოლოგიური თვისებების გამო ცალკე აუზის სახით განიხილება.
ვენის კედლის სისხლმომარაგება ხორციელდება უახლოესი არტერიიდან გამოსული სისხლძარღვებით, რომლებიც ადვენტიციაში ქმნიან უწვრილეს სისხლძარღვთა რთულ ბადეს. სისხლძარღვნთა მგრძნობიარე, ვეგეტატიური და მამოძრავებელი ნერვების დაბოლოებები განლაგებულია ადვენტიციასა და მედიაში.
ჩამკეტი ვენები
ეს ვენები მდებარეობენ მუცლის ღრუში და სისხლი გადააქვთ ღვიძლში.
გამოსახულება
ულტრაბგერა წარმოადგენს ვენების დანახვის საშუალებას.
ფლებოლოგია
ვენებს შეისწავლის მედიცინის ერთ-ერთი დარგი, რომელსაც ფლებოლოგია ჰქვია. ის იკვლევს ვენების სტრუქტურას, ფუნქციონირებას; ვენებთან დაკავშირებულ დაავადებებს, პათოლოგიურ მდგომარეობებს, მათ დიაგნოსტირებას, პრევენციასა და მკურნალობას.
ისტორია
სისხლძარღვთა შესახებ ადრეული ცნობები წერილობითი სახით გვხვდება ეგვიპტურ პაპიირუსზე, რომელიც ძვ.წ. XVI საუკუნითაა დათარიღებული. ის ასევე შეიცავს შვიდასამდე მედიკამენტის რეცეპტს. სწორედ ამ ნაშრომში გული და არტერიები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ჰაერი ფილტვებსა და გულში პირიდან, ჩასუნთქვით ხვდებოდა. ხოლო შემდეგ ჰაერი გულიდან არტერიებს გადაჰქონდათ სხვა ორგანოებისაკენ.
ლიტერატურა
კაციტაძე ზ., ადამიანის ანატომია, ტ.II, გვ. 60-62, თბ., 2011