დეივიდ მარშალ ლენგი (ინგლ. David Marshall Lang; დ. 6 მაისი, 1924, კენტის საგრაფო — გ. 20 მარტი, 1991) — ინგლისელი კავკასიოლოგი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე.
ბიოგრაფია
ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიათმცოდნეობის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1968). სწავლობდა კემბრიჯის წმინდა იოანეს კოლეჯში. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს იყო ბრიტანეთის საელჩოს მდივანი ირანში. 1946 წლიდან დაიწყო რუსეთისა და კავკასიის ისტორიის შესწავლა. 1949 წლიდან ქართულს ასწავლიდა ლონდონის უნივერსიტეტში, 1952-1953 წლებში მუშაობდა ევროპასა და აშშ-ში. დეივიდ მარშალ ლენგი იკვლევდა ქართულ სასულიერო და საერო ლიტერატურას. 1951 წელს საგანგებო წერილი მიუძღვნა პეტრე იბერის ვინაობის საკითხს. 1963 წელს ორიენტალისტთა მოსკოვის XXV საერთაშორისო კონგრესის შრომებში დაიბეჭდა ლენგის გამოკვლევა „შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის პრობლემები“. მან გამოავლინა „სიბრძნე ბალავარისას“ ქართული იერუსალიმური ნუსხა და 1966 წელს გამოსცა მისი თარგმანი ინგლისურ ენაზე. ამავე წელს ლონდონში დაიბეჭდა ლენგის ნარკვევი „ქართული ლიტერატურის განვითარების საფეხურები“, 1970 წელს — „ხალხური და კურტუაზული ელემენტები ქართულ ეპოსში“.
დეივიდ მარშალ ლენგი იკვლევდა საქართველოს ისტორიის ახალ პერიოდს. 1957 წელს გამოსცა წიგნი „ქართული მონარქიის უკანასკნელი წლები. 1658-1832“, ხოლო 1962 წელს დაიბეჭდა „საქართველოს ახალი ისტორია. XIX-XX“. ლენგმა ნარკვევები მიუძღვნა გიორგი ბრწყინვალის მეფობას, ქართველთა მოღვაწეობას ირანში სეფიანთა დინასტიის დამხობის ხანაში, ვახტანგ VI-ის ურთიერთობას საფრანგეთთან, ტოტლებენის მეთაურობით რუსთა ჯარების ყოფნას საქართველოში 1769-1771 წლებში და სხვ.
მის კალამს ეკუთვნის მიმოხილვითი საცნობარო წიგნი „ქართველები“ (1966). ლენგის რამდენიმე ნარკვევი ეხება ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს.
რჩეული ნაწარმოებები'
- ქართველოლოგიური კვლევა-ძიება ოქსფორდში «ცისკარი», 1957, №4.
- საქართველოს სამეფოს უკანასკნელი წლები / The Last Years of the Georgian Monarchy, 1658—1832 (New York: Columbia University Press, 1957
- საქართველოს თანამედროვე ისტორია [2]
- ქართველები — სიწმინდის მცველები [3]
- ქართველ წმინდანთა ცხოვრება და ლეგენდები [4]
- პირველი რუსი რადიკალი — ალექსანდრე რადიშჩევი [5]
- სომხეთი — ცივილიზაციის აკვანი [6]
- მთის ხალხი: ძველი არარატი და კავკასია [7]
- ბულგარელები: უხსოვარი დროიდან ოსმან დამპყრობლებამდე [8]
- სომხები — დევნილი ხალხი [9]
- სომხეთი და ყარაბაღი: ბრძოლა გაერთიანებისთვის [10]
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Czech National Authority Database
- ↑ A Modern History of Georgia (London: Weidenfeld and Nicolson, 1962)
- ↑ The Georgians (New York: Praeger, 1966)
- ↑ Lives and Legends of the Georgian Saints (New York: Crestwood, 1976)
- ↑ First Russian Radical, Alexander Radischev, 1749—1802 (London: George Allen & Unwin, 1959)
- ↑ Armenia: Cradle of Civilization (London: George Allen & Unwin, 1970)
- ↑ Peoples of the Hills: Ancient Ararat and Caucasus by Charles Allen Burney and D.M. Lang (London: Weidenfeld and Nicolson, 1971)
- ↑ Bulgarians: From Pagan Times to the Ottoman Conquest (London: Thames and Hudson, 1976)
- ↑ The Armenians: A People in Exile (London: Allen and Unwin, 1981)
- ↑ Armenia and Karabagh: the Struggle for Unity (London: Minority Rights Group, 1991)