დედამიწის მეგობრები (ინგლ.Friends of the Earth International, FoEl) ― მსოფლიოს 73 სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი.[3] ორგანიზაცია 1969 წელს, სან-ფრანცისკოში დაფუძნდა დევის ბრაუერის, დონალდ ეითკენისა და გარი სოუსის მიერ მას შემდეგ, რაც ბრაუერი Sierra Club-ს გამოეყო][4]ატომური ენერგეტიკისადმი ორგანიზაციის დადებითი დამოკიდებულების გამო. ორგანიზაციის დაარსებისთვის 500 000$ შემოწირულობა ნავთობკომპანია Atlantic Richfield-ის მფლობელმა, რობერ ორვილ ანდერსონმა გაიღო.[5] „დედამიწის მეგობრები“ ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი 1971 წელს გახდა, ოთხი ქვეყნის, აშშ-ის, შვედეთი-ის, გაერთიანებული სამეფო-სა, საფრანგეთის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.[6]
ორგანიზაციის ამჟამინდელი სამდივნო ამსტერდამში, ნიდერლანდებში მდებარეობს. ქსელის კოორდინაციასა და მთავარ კამპანიებს სწორედ სამდივნო ახორციელებს.[7] ეროვნული ჯგუფების არჩეულ წარმომადგენელთა აღმასრულებელი კომიტეტი პოლიტიკას შეიმუშავებს და სამდივნოს საქმიანობას აკონტროლებს. 2016 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ურუგვაელი აქტივისტი, კარინ ნანსენი აირჩიეს.[1]
მიმოხილვა
Friends of the Earth საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს ეროვნულ ჯგუფებს აერთიანებს. ორგანიზაციის პროგრმები გარემოსდაცვით საკითხებზე ფოკუსირდება, წინა პლანზე სწევს სოციალურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების კონტექსტს. გადასახადების პოლიტიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის საერთაშორისო ფრთის შტაბ-ბინა ამსტერდამში, ნიდერლანდებში მდებარეობს.[8]
ორგანიზაციის ვებ-გვერდის თანახმად, ამჟამინდელი კამპანიების პრიორიტეებია: ეკონომიკური სამართლიანობა და ნეოლიბერალიზმთან წინააღმდეგობა, ტყეები და ბიომრავალფეროვნება, სურსათის სუვერენიტეტი, კლიმატის სამართლიანობა და ენერგია. ორგანიზაციის კამპანიების პრიორიტეტები შეხვედრაზეა შემუშავებულია, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ამასთან, Friends of the Earth გეგმავს კამპანიებს სხვა დარგებშიც, როგორებიცაა: გაუდაბნოება, ანტარქტიდა, ოკეანე, სამთომოპოვება, ექსტრაქტივიზმი და ატომური ენერგეტიკა.[9][10]2016 წელს ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია ხორცის ინტენსიური წარმოებისა და მოხმარების წინააღმდეგ.[11]
ორგანიზაციის საქმიანობა წარმატებულია და მათი კამპანიების მეშვეობით: შეიცვალა მსოფლიო ბანკის მოწოდებები გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხებთან მიმართებით, გაიმართა დებატები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, რათა აშშ-ში საუკეთესო საკანონმდებლო პოლიტიკა შეემუშავებინათ, მსოფლიო მასშტაბით შეჩერდა 150-ზე მეტი დესტრუქციული კაშხალი და წყლის პროექტი, დაწესდა საერთაშორისო რეგულაციები ვეშაპების ჭერაზე, გაიზარდა ზეწოლა და რეგულაციები შემუშავდა ღია კარიერების მიწებთან და ნავთობტანკერებთან დაკავშირებით.[12] კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია მხოლოდ მედიის ყურადღების მიქცევას ცდილობს, მაგრამ სინამდვილეში ადგილობრივებთან არ რჩება აქტუალური რთული პრობლემების მოსაგვარებლად და განვითარებად ქვეყნებში განვითარებას უშლის ხელს. ორგანიზაციას აკრიტიკებენ ნავთობთან და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული კომპანიებიდან მიღებული დიდი დაფინანსების გამო.[13]
ნავთობი
2018 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ალიკო დანგოტე, აფრიკის უმდიდრესი ადამიანი, ნიგერიაში, 6 180 აკრ ჭაობში 12 მილიარდი $-ის ნავთობის რაფინირების კომპლექსის აგებას აპირებდა, რაც კომპლექსს მსოფლიოში უდიდეს რაფირინების ცენტრად აქცევდა. 2022 წლისთვის რაფინირების ქარხანა 65 000 ბარელ ნედლ ნავთობს გადაამუშავებს ყოველდღიურად. ნიგერია აფრიკაში ნავთობის უდიდესი მწარმოებელია, მაგრამ რაფინირების ქარხნების დაბალი ხარისხისაა და ქვეყნის მასშტაბით გამოყენებული ნავთობის დიდი ნაწილი იმპორტირებულია. რადგანაც ქარხანა ნიგერის დელტიდან დაშორებით შენდება, ხოლო ნიგერიული ნავთობის დიდი ნაწილი მდინარის დელტის მახლობლად მოიპოვება, ლაგოსის რაფინირების ქარხნამდე გადასატანად 240 მილის სიგრძის წყალქვეშა მილსადენი გამოიყენება. ნიგერიაში არსებული მილსადენები კონტროლქვეშაა, ხოლო ზოგიერთი მათგანი მოქალაქეებმა და მეამბოხეთა ჯგუფის, Delta Avengers, წევრებმა ააფეთქეს, რომლებიც ნავთობის ინდუსტრიის მიერ გამოწვეული დაბიძნურებისა და სიღარიბის გამო არიან აღშფოთებული. აღნიშნული რაფინირებიც ქარხანა დანგოტეს ნიგერიულ ნავთობზე მონოპოლიას მიანიჭებს.[14]
2018 წლის 11 დეკემბერს „დედამიწის მეგობრების“ აფრიკის ჯგუფმა Shell Corporation-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გააპროტესტა. აქტივისტებმა დაადგინეს, რომ ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ 2015 წლის პარიზის შეთანხმებაზე, განსაკუთრებით, სათბურის აირების ემისიის შეღავათებისა და შეზღუდვების დაწესებაზე იქონია გავლენა.[15][16][17] დედამიწის მეგობრების ნიგერიის ფილიალის წარმომადგენელმა, რიტა უვაკამ აღნიშნა: „ეს დედამიწაზე ჯოჯოხეთს ჰგავს. მე ნიგერის დელტის ჯგუფებს წარმოვადგენ, რომლებზეც დიდი დამაბინძურებლები ახდენენ გავლენას... ამ დიდი დამაბინძურებლების ჩამოსვლა არა მხოლოდ ჩვენი, როგორც მხარეთა კონფერენციის დელეგატების, არამედ დედამიწისთვის სილის გაწვნაა.“[18]
ქსელის სტრუქტურა
კონკრეტული ქვეყნის წევრ ორგანიზაციებს დედამიწის მეგობრების შესაბამისი სახელი ან მშობლიურ ენაზე თარგმნილი ექვივალენტური სახელწოდება შეიძლება ჰქონდეთ, მაგალითად, „დედამიწის მეგობრები (აშშ)“, „დედამიწის მეგობრები (იუჩი)(ინგლისი, უელსი, ჩრდილოეთი ირლანდია)“, „Amigos de la Tierra“ (ესპანეთი და არგენტინა). წევრი ჯგუფების თითქმის ნახევარი სხვადასხვა წარმოშობისაა და შემდეგაა მიერთებული ქსელთან, როგორიცაა: Pro Natura (შვეიცარია), გარემოსდაცვითი მოძრაობის კორეული ფედერაცია, გარემოსდაცვითი უფლებების მოქმედება (დედამიწის მეგობრები, ნიგერია) და ინდონეზიის გარემოსდაცვითი ფორუმი.
დედამიწის მეგობრების საერთაშორისო ქსელის სამდიივნო ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აღმასრულებელი კომიტეტი ცნობილია, როგორც ExCom.[19] აღმასრულებელი კომიტეტი ორგანიზაციის წევრი ჯგუფების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც ყოველ ორ წელიწადში ერთხეულ, გენერალურ შეხვედრაზე ირჩევენ.[20] ამავე შეხვედრაზე შეიმუშავებენ საერთო პოლიტიკასა და პრიორიტეტული მოქმედებების ჩამონათვალს.
გარდა ორგანიზაციის დებულებების ფარგლებში მუშაობისა, ეროვნულ ჯგუფებს თავიანთი კამპანიების თავისუფლად გატარების უფლება და ორმხრივი ან მრავალმხრივი მოქმედებების უფლება აქვთ, თუკი ქმედებები ორგანიზაციის საერთაშორისო დონეზე მიღებულ პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება.
პერიოდული გამოცემები
Meat Atlas ყოველწლიური მოხსენებაა ინტენსიური ფერმერობის მეთოდებთან და გავლენასთან დაკავშირებით. პერიოდული გამოცემა 27 ესესგან შედგება, რომლებშიც ხორცის წარმოებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხებია გაანალიზებული. Meat Atlas „დედამიწის მეგობრებისა“ და „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ ერთობლივი პერიოდული გამოცემაა.[21]
ცნობილი მხარდამჭერები
როკ-მუსიკოსი ჯორჯ ჰარისონი დედამიწის მეგობრებთან ასოცირებული გახდა მას შემდეგ, რაც 1980 წელს ლონდონში ანტიბირთვულ დემონსტრაციებს დაესწრო. მან 1989 წელს გამოშვებული საუკეთესო ჰიტების ალბომი, „Best of Dark Horse“, დედამიწის მეგობრებსა და სხვა გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიუძღვნა.[22]
ჯეი ქეი, ჯაზ და ეისიდ ჯაზ ბენდის, Jamiroquai, წამყვანი ვოკალისტი, ცნობილია ალბომებიდან მიღებული შემოსავლების ნაწილის დედამიწის მეგობრებისა და ოქსფამისათვის გადარიცხვით.
ტომ იორკი, Radiohead-ის წამყვანი მომღერალი, საჯაროდ მხარს უჭერდა დედამიწის მეგობრების არაერთ კამპანიას.
„დედამიწის მეგობრები (იუჩი)“-ის მიერ წამოწყებულ კლიმატის ცვლილების კამპანიას, „The Big Ask“, მხარი დაუჭირეს: ჯუდ ლოუმ,[23]ედიტ ბოუმანმა, დეივიდ კამერონმა, დეივიდ მილიბენდმა, ტომ იორკმა, სტივენ მერჩანტმა და სხვ.[24]
Brian Doherty and Timothy Doyle, Environmentalism, Resistance and Solidarity. The Politics of Friends of the Earth International (Basingstoke: Palgrave, 2013). [1]
Jan-Henrik Meyer, “'Where do we go from Wyhl?' Transnational Anti-Nuclear Protest targeting European and International Organisations in the 1970s,” Historical Social Research 39: 1 (2014): 212–235. [2]