დავით მიქელაძე (დ. 1843, კულაში, — გ. 25 ნოემბერი, 1918, თბილისი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოების განვითარების ისტორიაში.
ბიოგრაფია
დავით მიქელაძე დაიბადა 1843 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში. მამამისი ალექსანდრე იყო თურქეთთან ბრძოლის მონაწილე, რუსეთის გვარდიის ბრძოლის მონაწილე, რუსეთის გვარდიის პოლკოვნიკი, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის პირველი წინამძღოლი (მარშალი) იყო. 1853 წელს შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1863 წელს დაამთავრა. იმავე წელს გაგზავნეს პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც 1867 წლამდე დარჩა. 1864 წელს ი. მელიქიშვილთან და ვ. თულაშვილთან ერთად, პეტერბურგში დააარსა სტამბა, სადაც იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ–გაზეთები, წერდა სტატიებს და ლექსებს. 1867 წელს ივანე კერესელიძის „ცისკარში“ ბეჭდავს გონებამახვილურ სატირულ ლექსებს, მონაწილეობას იღებს „მამებისა და შვილების ბრძოლაში“, იცავს ახალი თაობის შეხედულებებს. 1870-იან წლებში უმაღლესი განათლების მისაღებად პარიზში გაემგზავრა, სადაც 1873 წლამდე დარჩა. ამ ხნის მანძილზე საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, კორესპონდენციებს უგზავნიდა „დროებას“. უცხოეთში მყოფი, მოწმე და ერთგვარი მონაწილეც გახდა მსოფლიო–ისტორიული მნიშვნელობის მოვლენებისა, რომელთა ცენტრში იყო პარიზის კომუნა და მისი გამოძახილი. 1886 წლიდან თანამშრომლობდა „ივერიაში“. 1899 წელს აკაკის „კრებულის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა მისი ოთხმოქმედებიანი დრამა „ხაფანგი“. 1900 წლიდან მუშაობდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოში. 1908 წელს თარგმნა და წიგნად გამოსცა ლევ ტოლსტოის ხუთმოქმედებიანი დრამა „მეუფება წყვდიადისა“, რომელიც შემდეგ ქართულ სცენეზე დაიდგა. 1910-1916 წლებში ქუათისის საადგილმამულო ბანკის დირექტრი იყო.
გარდაიცვალა 75 წლის ასაკში 1918 წელს, დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში, ქუთაისში.
რესურსები ინტერნეტში