გერმანიის ჩემპიონები ფეხბურთში — გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულები, რომელსაც 1963 წლიდან ბუნდესლიგა ეწოდება.
პირველი გათამაშება ჩატარდა 1903 წელს. ჩემპიონატი ორჯერ შეწყდა — პირველად 1915–1919 წლებში, ხოლო მეორედ 1945–1947 წლებში. მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა მოახდინეს გერმანიის ოკუპაცია, რის შედეგად წარმოიშვა ორი გერმანული სახელმწიფო. შეიქმნა ორი საფეხბურთო ჩემპიონატი. 1945 წლამდე ჩატარებული ჩემპიონატების ტრადიცია გაგრძელდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, რომლის ჩემპიონატი 1963 წელს გადაკეთდა ბუნდესლიგად, ხოლო გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საკუთარი ჩემპიონატის ჩატარება დაიწყო. 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ორი საფეხბურთო ჩემპიონატი გაერთიანდა და გდრ-ის კლუბებმა ბუნდესლიგაში განაგრძეს ასპარეზობა.
ყველაზე მეტჯერ ჩემპიონატი მოგებული აქვს მიუნხენის ბაიერნს, რომელიც 28-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მას 9 ტიტულით ნიურნბერგი მოსდევს, მესამე ადგილზე კი ბორუსია დორტმუნდია 8 ტიტულით.