ბალკანეთის პირველი ომი — ბალკანეთის პირველი ომი (1912) მიმდინარეობდა ბალკანეთის კავშირში შემავალ ქვეყნებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ბალკანეთის ხალხის წინაშე იდგა ოსმალეთის ბატონობისაგან განთავისუფლების ისტორიული ამოცანა. ადგილობრივი პროლეტარიატის სისუსტის, გლეხობის ჩამორჩენილობისა და ბალკანეთის შინაურ საქმეებში დიდი იმპერიალისტური სახელმწიფოების ჩარევის გამო ეს ამოცანა გადაწყდა არა რევოლუციური გზით, არამედ ომით. ამიტომ ბალკანეთის სახელმწიფოებს საერთო განმათავისუფლებელ ამოცანებთან ერთად თავ-თავიანთი ტერიტორიული პრეტენზიებიც გააჩნდათ. ბულგარეთი და სერბიამაკედონიის განაწილებით იყო დაინტერესებული. გარდა ამისა, ბულგარელ მმართველ წრეებს სურდათ სალონიკისა და დასავლეთ თრაკიის შემოერთებით მოეპოვებინათ გასასვლელი ეგეოსის ზღვაზე. სერბიას საბერძნეთთან ერთად სურდა ალბანეთის გაყოფის გზით ადრიატიკის ზღვაზე გასვლა. იტალია-ოსმალეთის ომმა გააღრმავა ოსმალეთის იმპერიის კრიზისი და დააჩქარა ბალკანეთის პირველი ომის დაწყება. ომის საბაბი გახდა ოსმალეთის უარი ავტონომია მიენიჭებინა მაკედონიისა და თრაკიისთვის და შეეჩერებინა არმიის მობილიზაცია. საომარი მოქმედება დაიწყო ჩერნოგორიამ1912 წლის 9 ოქტომბერს (35 ათასი), 18 ოქტომბერს ომში ჩაება სერბია (280 ათასი), ბულგარეთი (300 ათასი) და საბერძნეთი (110 ათასი). ოსმალეთმა ომის დასაწყისში დაახლოებით 300 ათასი კაცი გამოიყვანა. მოკავშირეთა მიზანი იყო გაენადგურებინა ოსმალეთის არმია მანამდე, ვიდრე ის მცირე აზიიდან დამხმარე ძალებს მიიღებდა; ეროვნულ-განმათავისუფლებელ მიზნებით აღფრთოვანებული მოკავშირეთა არმიები მორალურად, შეიარაღებითაც და საბრძოლო მომზადებითაც სჯობდნენ მოწინააღმდეგეს. 22-24 ოქტომბერს ბულგარებელმა კირკ-ქილისესთან თრაკიაში დაამარცხეს ოსმალები, სამხრეთისკენ წაიწიეს და 29 ოქტომბერ - 3 ნოემბერს კვლავ გაიმარჯვეს ლულუბერგაზთან. ამის შემდეგ დაიწყო ოსმალეთის აღმოსავლეთ არმიის არაორგანიზებული უკან დახევა. მხოლოდ სტამბოლის დასავლეთით, ჩათალჯის გამაგრებულ პოზიციებთან შეძლეს ოსმალებმა ბულგარეთთა შეტევის შეჩერება. საბერძნეთის არმიამ სამხრეთ მაკედონიაში ენიჯესთან გაიმარჯვა და 9 ნოემბერს სალონიკი დაიკავა. სერბებმა 23-24 ოქტომბერს მაკედონიაში — კუმანოვოსთან დაამარცხეს ოსმალთა მნიშვნელოვანი ძალები. 26 ოქტომბერს მათ დაიკავეს სკოპიე და 18 ნოემბერს ბერძნების მხარდაჭერით — ბიტოლა. ამის შემდეგ ოსმალეთის დასავლეთით არმაიამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. ბერძნებმა ოსმალებისაგან გაწმინდეს ეპირი და 8 ნოემბერს ალყა შემოარტყეს იანინას, ზღვიდან ჩაკეტეს დარდანელის სრუტე, დესანტი გადასხეს ქიოსზე, ლესბოსზე და სხვა. ალბანეთში ჩერნოგორიელები სერბებთან ერთად ადრიატიკის ზღვაზე გავიდნენ და ალყა შემოარტყეს შკოდერს. ბალკანეთის სახელმწიფოთა სამხედრო წარმატებება დაძაბა საერთაშორისო ვითარება, ევროპის დიდ სახელმწიფოთა წინაშე მრავალი რთული საკითხი წამოიჭრა. მათ ლონდონში მოწვეულ მეომარ მხარეთა და ექვსი დიდი სახელმწიფოს კონფერენციების გადაწყვეტილებათა საფუძველზე აიძულეს მეომარი მხარეები 1912 წლის დეკემბერში დროებითი ზავი დაედოთ, მაგრამ „ახალგაზრდა თურქების“ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ოსმალეთის ახალმა მთავრობამ უარყო ეს პირობები. 1913 წლის 3 თებერვალს საომარი მოქმედება განახლდა, ოსმალეთმა ახალი მარცხი განიცადა. დაკარგა იანინა, ადრიანოპოლი და ზავი ითხოვა. იგი დაიდო ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის 16 აპრილს, 20 აპრილს კი ოსმალეთსა და ბალკანეთის კავშირის დანარჩენ ქვეყნებს შორის. 1913 წლის 30 მაისს ლონდონში ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტს. ოსმალეთის მდგომარეობა მძიმე იყო, მან დაკარგა ევროპული სამფლობელოები და კონტინეტზე მხოლოდ სტამბოლი და აღმოსავლეთ თრაკიის ნაწილი შეინარჩუნა, მაგრამ მოკავშირეთა შორის ნადავლის გაყოფის გამო წარმოშობილმა მწვავე დავამ არსებითად შეცვალა ვითარება — ბალკანეთის კავშირი დაიშალა და დღის წესრიგში დადგა ომი თვით მოკავშირეებს შორის.